"მის ადგილას ახლა უზარმაზარი ღრმულია" - აფეთქებული საყდრისის უფლებებს დღესაც იცავენ | Allnews.Ge

"მის ადგილას ახლა უზარმაზარი ღრმულია" - აფეთქებული საყდრისის უფლებებს დღესაც იცავენ

2014 წლის 13 დეკემბერს შპს RMG-Gold-მა საყდრისი-ყაჩაღიანის კომპლექსში სამუშაოები განაახლა. ამის უფლება მას 2014 წლის 12 დეკემბრის კულტურის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით მიეცა. თვეების განმავლობაში საყდრისის გადასარჩენად ადამიანები კომპლექსს არ ტოვებდნენ, თუმცა რვათვიანი ბრძოლის შემდეგ, საყდრისი ააფეთქეს.

ახლა იქ ერთი დიდი ორმოა, დასაცავი არაფერია, თუმცა სასამართლოში საქმის განხილვა დღესაც გრძელდება. მოსარჩელეები 2014 წლის 12 დეკემბერს მიღებული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვენ. ALLNEWS.GE საქმის მოსარჩელეს, ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს ესაუბრა.

-საყდრისის აფეთქების შემდეგ, საჩივრით მივმართეთ პროკურატურას, შეტანილი გვაქვს არაერთი საჩივარი, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის წინააღმდეგ.

ამ საჩივრების პარალელურად, 2014 წლის დეკემბერში მივმართეთ სასამართლოს და მოვითოხვეთ იმ აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც ააფეთქეს საყდრისი, ვგულისმხობ 2014 წლის 12 დეკემბერს კულტურის მინისტრის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს, რომლითაც მწვანე შუქი აუნთეს RMG-ის და ააფეთქებინეს საყდრისი.

ჩვენი სასარჩელო მოთხოვნაა, ბათილად ცნონ ეს აქტები. ეს სამართლებრივი დავა საყდრისის აფეთქებიდან მოყოლებული გრძელდება, თუმცა, არ ვიცი საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნება, ამ ეტაპზე სასამართლოში მოწმეებს კითხავენ.

-ხშირად ისმის კითხვა, რა აზრი აქვს ახლა სასამართლოში ჩივილს, საყრდისი აღარ არსებობს და მას როგორღა უშველით?

-ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი. იმედია ერთ მშვენიერ დღეს პროკურატურა დაიწყებს ძალიან აქტიურ გამოძიებას.

თუ სასამართლოზე ჩვენ გავიმარჯვებთ, მოვკიდებ ხელს ამ გადაწყვეტილებას, ჩავაბარებ მთავარი პროკურატურის კანცელარიაში და ვეტყვი, აი შეხედეთ, საყდრისის აფეთქების შესახებ გადაწყვეტილება არასწორად იყო გამოტანილი, ჩადენილია დანაშაული და სასწრაფოდ დაიწყეთ გამოძიება, ამას გარდა, აფეთქებულმა საყდრისმა შეიძლება უვნებლად გადარჩენილი ძეგლები აფეთქებას გადაარჩინოს და თუ ვინმე იფიქრებს, რომ ოდესმე ხელი წაუცდეს და შეეხოს რომელიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მას ეცოდინება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ დამნაშავეების დასასჯელად, მუდამ შეხსენებენ პრესით, ტელევიზიით დამნაშავეთა გვარებს და იბრძოლებენ მათ დასასჯელად, ამ პროცესს ეს აზრი აქვს, თორემ ამით საყდრისი ვეღარ აღდგება, ის აღარ არსებობს და მის ადგილას ახლა უზარმაზარი ღრმულია.

-მომდევნო სასამართლო სხდომა როდის გაიმართება?

-საყდრისის საქმის განხილვა დანიშნულია 3 ივნისს 17 საათზე, საქმეს უძღვება მოსამართლე ნინო ბუაჩიძე. მოსარჩელები გახლავრთ მე - ნინო მიქიაშვილი, მამუკა ნოზაძე და ირაკლი ლომიძე.

ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე საყდრისის აფეთქებას მწვანე შუქი აუნთეს და შემდეგ პროცესზე დაიკითხნენ, უსინდისოდ ამტკიცებდნენ, რომ იქ არაფერი მნიშვნელოვანი არ იყო და მათი გადაწყვეტილება იყო სწორი. ასეთი იყო არქეოლოგი თემურ ბიბილური და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ მაცაბერიძე.

ორივე არიან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სტრატეგიული საბჭოს წევრები, იმ საბჭოს წევრები, რომელმაც 2014 წლის 12 დეკემბერს მწვანე შუქი აუნთო საყდრისის აფეთქებას.

მოწინააღმდეგეთა შორის ასევე დაიკითხა გეოლოგი ზურაბ ვარაზაშვილი, რომელსაც RMG-იმ დაუკვეთა, რომ საყდრისის აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დაედო გეოლოგიური დასკვნა, ისიც ამტკიცებდა, რომ შეუძლებელი იყო საყდრისის გადარჩენა.

ბოლო სხდომაზე მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ გააერთიანა ორი საქმე, კერძოდ ჩვენი და მეორე საქმე, რომლის მოსარჩელეები არიან კახა კოჟორიძე, მარინე მიზანდარი და გიორგი გოგოჭური, მათაც ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდათ რაც ჩვენ, მიუხედავად ჩემი უკმაყოფილებისა, მოსამართლემ მითხრა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შემიძლია.

ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ 3 ივნისს სასამართლო დარბაზში სავარაუდოდ იქნებიან "ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტი დაჯგუფებები.

მოვლენ ტელევიზიები, გაკეთდება დიდი პოლიტიკური განცხადებები, მეც მთხოვენ კომენტარს და "ნაცმოძრაობის" წევრებსაც, მერე გვაჩვენებენ ერთად და საზოგადოებას დარჩება შთაბეჭილება, რომ მათთან ერთად ვიცავ უკვე აფეთქებული საყდრისის უფლებებს, ამიტომ ვიმეორებ, რომ ამ ხალხთან არანაირი საერთო არ მაქვს, უბრალოდ იძულებული ვარ ვიჯდე მათთან ერთად სასამართლო პროცესზე.

-როგორ ფიქრობთ, მოსამართლე თქვენთვის გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს?

-საბოლოო სხდომაზე, შესაძლებელია მოსამართლემ დააკმაყოფილოს ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნოს 2014 წლის 12 დეკემბერს გამოტანილი სამართლებრივი აქტები, ასევე, მოსამართლეს შეუძლია არ დააკმაყოფილოს ჩვენი სარჩელი.

ამას გარდა, მოსამართლეს კიდევ შეუძლია დაავალოს კულტურის სამინისტროს და ნიკოლოზ ანთიძეს, რომ ამ საკითხზე იმსჯელონ თავიდან.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz