რობი უილიამსის კონცერტმა დინამო არენაზე სრული ანშლაგით ჩაიარა | Allnews.Ge

რობი უილიამსის კონცერტმა დინამო არენაზე სრული ანშლაგით ჩაიარა

ბრიტანელი მომღერლის, რობი უილიამსის კონცერტმა დინამო არენაზე სრული ანშლაგით ჩაიარა. მუსიკოსი მსმენელის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარდგა.

უილიამსმა სცენაზე პირველი Let Me Entertain You შეასრულა. ის სცენიდან თაყვანისმცემლებს გაესაუბრა და თხოვნით მიმართა, თუ მისი კონცერტი მოსწონთ სიმღერაში აჰყვნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე რობი უილიამსის ყველასათვის ცნობილი ჰიტები შესრულდა. ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი აღმოჩნდა სცენაზე მომღერლის მამის გამოჩენა. რობი უილიამსმა ასევე ქართველ გოგონას დაჩოქილმა უმღერა.

"სთეიჯ დიზაინ გრუპის" წარმომადგენლები შოუსთვის სცენას რამდენიმე დღის განმავლობაში აწყობდნენ. მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.

კონცერტის შემდეგ ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ქართული მედიისთვის კომენტარი გააკეთა და გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა:

"ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი. იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტესტები. კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას".

სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი ეწვია.

myquiz