გონიო-კვარიათი-სარფი ტურისტული სეზონისთვის ემზადება - სანაპიროზე ძროხებს ხვალიდან დააპატიმრებენ | Allnews.Ge

გონიო-კვარიათი-სარფი ტურისტული სეზონისთვის ემზადება - სანაპიროზე ძროხებს ხვალიდან დააპატიმრებენ

აჭარაში ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღე დარჩა. საზღვაო ტურიზმის პოპულარული ადგილების, კერძოდ გონიო-კვარიათი-სარფის მოსახლეობა დამსვენებლების მისაღებად ემზადება. ადგილობრივები საუბრობენ როგორც სიახლეებზე ასევე, იმ პრობლემებზე, რაც მათ აქვთ.

ALLNEWS.GE ტურისტული სეზონის სამზადისზე ზღვისპირა ზოლში მცხოვრებლებს გაესაუბრა. გონიოელები ყველაზე თვალსაჩინო პრობლემად ზღვისპირა ზოლზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის არსებობას ასახელებენ, კვარიათლებს ტრაილერების გადაადგილება უქმნით დისკომფორტს, სარფში კი სანაპიროს კეთილმოწყობას ელოდებიან.

ჟუჟუნა ირემაძე - გონიოს მცხოვრები:

"პირუტყვის პრობლემა ყოველთვის იყო და წელსაც იქნება. ხანდახან ტურისტი და ძროხა ერთად მისეირნობს სანაპიროზე. გასულ წლებში ჯარიმებს წერდნენ ან ძროხას აპატიმრებდნენ, თუმცა წელს არ გამიგია მსგავსი ფაქტის შესახებ. გონიოს სკოლის წინ სკვერი მოეწყო, გაამწვანეს გარემო, მაგრამ პირუტყვის აქ მოსვლას ვერავინ აკონტროლებს და გამწვანებაც დაზიანებულია. პრობლები როგორ არ არის, მაგრამ წელს ყველაზე მეტად გვაქვს იმედი, რომ ბევრი ტურისტი გვეყოლება".

თეონა იაკობიძე - გონიოს მცხოვრები:

"გასულ წლებში გონიოში პროსტიტუციის პრობლემები გვაწუხებდა, რაც გარკვეულწილად აფრთხობდა ტურისტებს. ასე რომ ვთქვათ, იატაკქვეშეთში ისევ მოქმედებს ბევრი დაწესებულება, თუმცა, როგორც ადრე, ისე აღარ არის. სანაპირო კარგ მდგომარეობაშია, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს გონიოში ჩამოსულ ტურისტებს. ჩემი ოჯახიც ემზადება ტურისტების დასახვედრად, სინესტემ რემონტი გაგვიფუჭა, წელს თავიდან შევღებეთ კედლები და ორი კოტეჯიც მივამატეთ".

როგორც ბათუმის დასუფთავების სამსახურის უფროსი, ზურა გელაძე ამბობს, დაპატიმრებული ძროხის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტექნიკის შეკეთება მალე დაიწყება.

"ის ფაქტი, რომ გონიო-კვარიათი-სარფის ტერიტორიაზე ძროხა არ გამოჩნდება გამორიცხულია, მოსახლეობას ვერ დავერევით, ომს ვერ გამოვუცხადებთ, ეს სოფელია და ყველას ჰყავს პირუტყვი. ზღვისპირა ზოლზე, სადაც კი ძროხას დავინახავთ დავიჭერთ და წავიყვანთ. პირუტყვის პატრონს ძროხის გამოსახსნელად 50 ლარი დასჭირდება", - ამბობს ზურა გელაძე.

კვარიათში მცხოვრები მოსახლეობა სანაპიროზე ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს.

გიორგი ბარამიძე - კვარიათში მცხოვრები:

"ლამის ფეხი ვეღარ დავდგა მიწაზე, ზღვაზე გადასასვლელად ბილიკებიღა დარჩა. სანაპირო ზოლი დასუფთავებული და მოწესრიგებულია, წელს იმითაც გაგვიმართლა, რომ შტორმი არ ყოფილა და სანაპირო ზოლი არ დაუნგრევია. როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრ ტურისტს ველოდებით".

მზია კურცხალია - კვარიათში მცხოვრები:

"დატვირთული ტრაილერი გზაზე რომ გაივლის, სახლი ზანზარებს. სწრაფად თუ მოდის ვიბრაციის სიჩქარეც დიდია. გასულ წელს ტურისტებმაც მითხრეს ღამე გვაღვიძებს მიწისძვრის მსგავსი შეგრძნებაო. მაინც ვერაფერს შევცვლიდით, გზას სხვაგან არ გადაიტანენ და ტრაილერების თურქეთში მიმოსვლა არ შეწყდება, ასე რომ შევეგუეთ. ზაფხულობით ყოველთვის ბევრი ტურისტი გვყავს და წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ კარგი სეზონი იქნება".

რაც შეეხება სარფს, ამ ტერიტორიაზე სანაპიროს წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ადგილობრივები ფიქრობდნენ, რომ სეზონის პარალელურად, ნაპირზე ბულდოზერები იმუშავებდნენ, თუმცა დღეის მდგომარეობით აქ სამუშაოები თითქმის დასრულდა. როგორც შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" წარმომადგენელმა ზვიად სანიკიძემ განაცხადა, 110-მეტრიან მონაკვეთზე კიბეების, კედლების და სანაპიროს კორექცია განხორციელდა. მისივე თქმით, ზღვის ხელოვნურად კვება ინერტული მასალის სანაპიროზე ჩაყრით გაკეთდა, რის შედეგადაც პლიაჟი 12 მეტრით გაფართოვდა.

სარფის სანაპიროს ზედა ფენა მშენებლებმა რეკონსტრუქციის დაწყებამდე სპეცტექნიკით აიღეს, სამუშაოების დასასრულს კი ნაპირი გაასწორეს და პლაჟს პირვანდელი მდგომარეობა დაუბრუნეს. ზედა ფენის გადარეცხვას მცირე შტორმი სჭირდება, თუმცა, შტორმი თუ არ იქნება კომპანია მას ხელოვნურად გადარეცხავს.

ნინო ხოზრევანიძე

myquiz