საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი - საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს | Allnews.Ge

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი - საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

თბილისში საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნება. დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით ასევე მოეწყობა ყვავილების ფესტივალი. 13:00 საათზე კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს.

მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მისულ მოსახლეობას მოძრაობის თეატრის პერფორმანსისა და პანტომიმის თეატრის მსვლელობის, ისტორიული ექსპონანტების გამოფენის, ქუჩის თეატრის პერფორმანსის, "ბასტი ბუბუს" კონცერტის ნახვისა და სხვა გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

20:00 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. გალა-კონცერტი ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება, გარდა ზუგდიდისა.

ასევე ტრადიციულად 26 მაისს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყველა სახელმწიფო უწყების სტენდი განთავდება, სადაც სამინისტროები უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე ასევე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული ტექნიკა გამოიფინება.

2016 წელს, პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი, თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება.

თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები კახეთში - იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში - ნოქალაქევის ციხე-სიმაგრესთან, სამცხე-ჯავახეთში - ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში - ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში - ბათუმის ბულვარში გაიმართება. ფიცის დადების ცერემონია 12:00 საათზე დაიწყება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს თავისუფლების მოედანზე განლაგდება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის იქნება აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა - "აბრამსი" და "ბრედლი". ღონისძიებაზე რეკრუტების გარდა წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების XII ბატალიონის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების "ალფა" ასეული, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები.

 

myquiz