თსუ გუშინ მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს | Allnews.Ge

თსუ გუშინ მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 24 მაისს მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

როგორც თსუ-ს "ფეიბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 24 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზთან ორ სტუდენტს შორის მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, სიტუაცია უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით განიმუხტა.

"ფაქტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე კონფლიქტში მონაწილე მხარეების მოთხოვნის შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო. მასალაში ჩანს დაპირისპირების გარემოებები.

ინციდენტი მოხდა 17:27 საათზე და დაახლოებით, 3-4 წუთში განიმუხტა თსუ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ, რომლებიც ვიდეოჩანაწერში მონიშნულნი არიან ისრებით (9 თანამშრომელი).

გარდა ამისა, კონფლიქტის განმუხტვას შეეცადნენ ფაქტის შემსწრე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და სხვა სტუდენტები", - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებულ კადრებში ჩანს ის, რასაც ვამბობდით, რომ ერთი ადამიანი სცემა თვითმმართველობის ოცამდე წევრმა, - ამის შესახებ "აუდიტორია 115"-ის წევრმა გიორგი არობელიძემ განაცხადა.

როგორც გიორგი არობელიძემ აღნიშნა, კადრებში ნათლად ჩანს ისიც, თუ ვინ არიან მოძალადეები.

"ის, რასაც ვამბობდით, რომ ერთი ადამიანი სცემა თვითმმართველობის ოცამდე წევრმა, ვიდეოთი დასტურდება.

კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება თვითმმართველობის მოქმედი და ყოფილი წევრები ცოტნე ცხვედიანს, მათ შორის არიან შალვა საბაური, პაატა ბახტურიძე, ბახვა კვირიკაშვილი, გიორგი აკაურიძე. სახეზეა, როგორ ძალადობენ ერთ ადამიანზე. ეს ძალადობა უნდა დასრულდეს", - განაცხადა "აუდიტორია 115"-ის წევრმა გიორგი არობელიძემ.

ამ დროისთვის "აუდიტორია 115"-ის წევრები აქციის გასამართად ემზადებიან. ასევე ისინი ცდილობენ სახელმწიფო უნივერისტეტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში დაფიქსირებული პირების იდენტიფიკაცია მოახდინონ.

 

myquiz