საქართველოში ცხოველთა არაერთი სახეობა საფრთხეშია | Allnews.Ge

საქართველოში ცხოველთა არაერთი სახეობა საფრთხეშია

საქართველოში გავრცელებული ცხოველთა არაერთი სახეობა საფრთხეშია არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ გლობალური მასშტაბითაც. ამის შესახებ სპეციალისტები საუბრობენ.

გარემოსდამცველების თქმით, დედამიწაზე მუდმივად მიმდინარეობდა სახეობათა გადაშენება, რაც სხვადასხვა ბუნებრივ პროცესს უკავშირდებოდა, დღეს კი იგი ადამიანის მიერაა გამოწვეული.

როგორც მეცნიერები ამბობენ, დედამიწაზე ყოველდღიურად ასამდე სახეობა იკარგება, ამიტომ ეს პრობლემა აქტუალური გახდა დღევანდელი მსოფლიოსთვის.

საქართველოში ფაუნის ნაწილის გადაშენებას ძირითადად იწვევს ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსის გადამეტებული მოპოვება, მდინარეების დაბინძურება და სხვა.

ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, წლების წინ გაერომ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 1993 წლიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ამ დღეს აღნიშნავს.

წელს, თბილისში შესაბამისი ღონისძიება "National Geographic საქართველოს" მიერ იყო ორგანიზებული. ლეღვთახევში გაიმართა მასშტაბური ფოტო-პროექციაც. როგორც "National Geographic საქართველოს" რედაქტორმა, ლევან ბუთხუზიმ ALLNEWS.GE-ს განუცხადა, მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება მოხდეს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით:

"National Geographic საქართველო" ატარებს ამ ღონისძიებას გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. მე მგონი ძალიან საინტერესო პროექტი არის იმიტომ რომ პროექცია გვიყვება იშვიათი სახეობების შესახებ, რომელიც ბიომრავალფეროვნების განუყრელი ნაწილია, ცხადია, და ამით გვინდა ცოტა ცნობიერება გავზარდოთ თუ რა სახეობები გვყავს საქართველოში, რა პრობლემები გვაქვს და რა საფრთხეები ემუქრება მათ და რა შეილება გავაკეთოთ".

2014 წლის მონაცემებით საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია ფაუნის 139 და მერქნიანი ფლორის 56 სახეობა, მათგან ცხოველთა 43 და მცენარეთა 20 სახეობას მინიჭებული აქვს კატეგორიები "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი" ან "გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი". მათ შორისაა ჯიქი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად გადაშენდა, მხოლოდ ერთადერთი სახეობა დაფიქსირდა ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2004 წელს. ხოლო ვეფხვი და ქურციკი ანუ ჯეირანი უკვე გადაშენებულია. 

ნათია ჯიჯავაძე

myquiz