მიზეზები, რის გამოც უცხოელები საქართველოში პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ჩამოდიან | Allnews.Ge

მიზეზები, რის გამოც უცხოელები საქართველოში პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ჩამოდიან

პლასტიკურ ქირურგიას მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მიმართავს.

უკვე წლებია, ამ სახის ქირურგიული ჩარევა საქართველოშიც ძალიან მოთხოვნადი გახდა.

რინოპლასტიკა, სახისა თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილის კორექცია საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი პროცედურებია. თუმცა, პლასტიკური ქირურგები პაციენტთა სიმცირეს არ უჩივიან.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაციის ჩასატარებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ხშირად ჩამოდიან.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი ALLNEWS-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ პაციენტების თითქმის 40% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მისივე განმარტებით, მათი მხრიდან მომართვიანობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

"ჩვენთან საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიან, ამის უპირველესი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში პლასტიკური ოპერაციები უცხოეთთან შედარებით გაცილებით იაფია. ხარისხი კი ფაქტობრივად იგივე.

საჭირო მასალა: იმპლანტები, პრეპარატები, იგივე ხარისხის იხმარება და ღირებულებაც იდენტურია.

საქმე იმაშია, რომ ქირურგის ანაზღაურება და სამედიცინო მომსახურების ხარჯები დასავლეთში, ჩვენთან შედარებით, ბევრად მაღალია"- აღნიშნავს გუგა კუზანოვი.

მისი თქმით, ქართველ ქირურგებს უკვე საკმარისი ნდობა აქვთ მოპოვებული და საზღვარგარეთაც კარგად იცნობენ.

"იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ჩვენს კლინიკას ყველაზე ხშირად მიმართავენ, პირველ ადგილზე რუსეთია, შემდეგ აზერბაიჯანი, ასევეა ევროპის ქვეყნები და ამერიკაც კი.

პაციენტები ნებისმიერი სახის პროცედურისთვის ჩამოდიან, რინოპლასტიკით დაწყებული ლიპოსაქციით დამთავრებული"-ამბობს გუგა კუზანოვი.

პლასტიკური ქირურგი სიმონ მუმლაძე კი აღნიშნავს, რომ საქართველოდან წასული ემიგრანტები ძალიან ხშირად, ოპერაციებისთვის სპეციალურადაც კი ბრუნდებიან.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებით ემიგრანტები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, ძირითადად ზაფხულში მოგვმართავენ.

რამდენიმე დღის წინაც გვყავდა ავსტრიის მოქალაქე, რომელმაც რინოპლასტიკა ჩვენთან გაიკეთა. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ადამიანს ევროპაში გაუკეთებია ოპერაცია და შედეგით უკმაყოფილოს, მეორადი ქირურგიული ჩარევის სურვილით ჩვენთვის მოუმართავს.

ქართველი ექიმები ხარისხით ევროპელებს ნამდვილად არ ჩამოუვარდებით.

თუმცა, ცხოვრების დონისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფასები დასავლურ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით დაბალი გვაქვს. სხვაგვარად პაციენტებიც არ გვეყოლება"-ამბობს სიმონ მუმლაძე.

პლასტიკური ქირურგი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კლინიკას ადგილობრივი და უცხოელი პაციენტების დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა მიმართავს.

"შეიძლება 2-3 წლის წინ მათი რიცხვი მეტიც იყო, თუმცა ვერ ვიტყვი რომ პაციენტების რაოდენობა, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, მკვეთრად შემცირებულია" -ამბობს სიმონ მუმლაძე.

ქრისტინე გამთენაძე

myquiz