იშვიათი ჯიშის ჯუჯა კაკლები თიანეთში | Allnews.Ge

იშვიათი ჯიშის ჯუჯა კაკლები თიანეთში

რა იცით ჯუჯა კაკლების შესახებ? ალბათ ბევრი არაფერი, რადგან ეს ჯიში ჩვენს მიწაზე ახლა იკიდებს ფეხს. სამაგიეროდ, მასზე მოთხოვნა მატულობს. ჯუჯა კაკალი ნაყოფს დარგვიდან მეხუთე წელს გვაძლევს და საკმაოდ მსხმოიარეა. მკითხველისთვის უფრო ვრცლად რომ გაეცნო ჯუჯა კაკლები, shin.ge სოფელ საყდრიონს ეწვია.

ეს ულამაზესი სოფელი თიანეთის რაიონში მდებარეობს. საყდრიონში დოლიძეების ოჯახს ყველა იცნობს. ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი ევა ოთარაშვილი ქალის და კაცის საქმეს დიდი სიყვარულით უთავსებს ერთმანეთს და თავისი ბაღით ყველა აღტაცებაში მოჰყავს.

უზარმაზარ ტერიტორიაზე მწკრივად ჩაყოლებული 70-ზე მეტი ჯუჯა კაკლის ხეა დარგული.

"ნერგები ოთხი წლის წინ შემოდგომით დავრგე. წელიწადში ორჯერ, შემოდგომა-გაზაფხულზე ვბარავ ხოლმე", - ამბობს ევა.

- როგორ გამოგყავთ კაკლის ნერგები?

- ნერგები სახლის ეზოში მაქვს გამოყვანილი. კაკალს შემოდგომაზე ვთესავ, წვეტით მაღლა. კაკლის დაწვენაც შეიძლება - ამ ნერგების ერთი მწკრივი რომ დავრგე, წვეტი დაბლა იყო, მეორე მწკრივისა - მაღლა. ყველა ერთნაირად კარგად და "გაუცდენლად" ამოვიდა... მერე გადავწყვიტე, ჯუჯა კაკლების ბაღი უფრო დიდ ტერიტორიაზე გამეშენებინა. ნერგები დიდ ფართობზე გადმოვიტანე და მწკრივზე დავრგე - 7 მ სიგანეზე და 7 მ სიგრძეზე. მოცულობა ხეებს შორის გასათვალისწინებელია. ამ ჯიშს 7-8 მ დისტანცია ყოფნით. რომ გაიზრდებიან, ერთმანეთზე არ უნდა გადავიდნენ. სხვა ჯიშის კაკლები დიდები იზრდებიან, ამიტომ მათ შორის მანძილი სიგრძეშიც და სიგანეშიც 10-12 მეტრი უნდა იყოს.

- როგორ უნდა მოვუაროთ ჯუჯა კაკლებს?

- გვალვის დროს წყალი ძალიან უყვარს. როგორც უკვე გითხარით, დაბარვა წელიწადში ორჯერ სჭირდება - შემოდგომა-გაზაფხულზე. ვბარავ ჯამისებურად ანუ მრგვლად, ფესვში წყალი მეტი რომ ჩავიდეს. ყველაზე კარგია ბუნებრივი სასუქი, ნაკელს თუ დავაყრით, ძალიან მოუხდება.

- როგორ მოხვდა თქვენთან ჯუჯა კაკლის ნაყოფი?

- ჩემმა ძმამ გამომატანა სამი ცალი კაკლის ნაყოფი. მითხრა, კარგი ჯიშიაო. მაშინ არ ვიცოდი, ჯუჯა კაკალი თუ იყო, ისიც არ ვიცოდი, მეხუთე წელს თუ მოისხამდა. იმ დროს კაკლის მოვლით არ ვიყავი დაინტერესებული. არც იმაზე მიფიქრია, ბაღს თუ გავაშენებდი. ისე, სულ ვოცნებობდი ყველანაირი ხეხილით სავსე ბაღზე. ჩემი ძმის მოცემული კაკლის ნაყოფი რომ დავრგე, რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთმა კაკალმა 24 ცალი გამოიბა. ჯუჯა კაკალს ასე სცოდნია. აქედან გავიგე, რომ თურმე ჯუჯა კაკალი მქონია. ნერგები რომ გამოვიყვანე, ძილი გამიკრთა - როგორ შემომეღობა მიწის ნაკვეთი, როგორ გადამეტანა მოზრდილ ტერიტორიაზე და ბაღი გამეშენებინა. ჩემი ოცნება უკვე ასრულდა. ჯუჯა კაკლებისთვის ტერიტორია 2011 წელს შემოვღობეთ და კაკლებიც გადმოვიტანე. 2012-2013 წლებში ფესვში გაიზარდნენ, შარშან და წელს კი ზევით წამოვიდნენ.

გვალვა არ უხდება ამ კაკალს, წყალი უყვარს. სადაც გრუნტი წყლებია, იქ კაკალი ძნელად იხარებს, ფესვს ძალიან აზიანებს და შეიძლება გახმეს.

ჯუჯა კაკლები ყველა მხარეში ხარობს. თიანეთში მთა არის, აქ ხეირობს და სხვაგანაც კარგად გაიხარებს. მგონია, რომ ამ კაკლის ჯიში აფხაზეთიდან არის წამოღებული.

- ჯუჯა კაკალი იშვიათი ჯიშია?

- ნაადრევად რომ ისხამს, ესე იგი განსაკუთრებული ჯიშია. ეს ნერგები აქ მარტო მე მაქვს, სხვას არავის.

- ამ ყველაფერს რისთვის აკეთებთ, რეალიზებას თუ ახდენთ?

- ადრე მხოლოდ გაჩუქებაზე ვიყავი. ვერავინ დავაინტერესე ჯუჯა კაკლის მოშენებით. არადა, სამომავლოდ ამაზე კარგი არაფერია, თანაც არ ფუჭდება. კაკალი ყველაზე კარგად 10 წლის მერე ისხამს. იცი, რას ვფიქრობ? ეს კაკლები მარტო შემოსავლის წყარო როდია, ამ ხეებს რომ ვნახავ დახუნძლულს, ჩემი სიმდიდრე ის იქნება. რამდენი წელიც გინდა გქონდეს ეს კაკალი, ბურნას არ მოიკიდებს. თანაც ძალიან გემრიელია... ნიგვზის ისე ჭამაც სასარგებლოა... ამ ყველაფერს მე ვუვლი. დაბარვაში ხანდახან ჩემი მეუღლე მეხმარება. ძილი რომ გამიკრთება, ყველა კაკლის ძირში მივდივარ და ვაკვირდები, რამე ხომ არ უჭირს. შვილებივით მყავს ჩემი ჯუჯა კაკლები.

იხილეთ გაგრძელება

shin.ge

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Rare dwarf walnut trees in Tianeti, Georgia

myquiz