თბილისის მერია მოზარდებს სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის გამოკვლევებს უფინანსებს | Allnews.Ge

თბილისის მერია მოზარდებს სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის გამოკვლევებს უფინანსებს

თბილისის მერიის ინიციატივით, 2016 წელს ამოქმედდა პროგრამა -"ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგი", რომლის ფარგლებში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის გამოკვლევა 13 ათას ბავშვს და მოზარდს ჩაუტარდა.

ექიმი რეაბილიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მანანა რუხაძე ALLNEWS.GE-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროგრამის ფარგლებში ასეულობით ბავშვის მშობელმა დაიწყო შვილის ხერხემლის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა.

"ზოგადად, ქართველი ერი საყრდენმამოძრავებელი სისტემის პათოლოგიისკენაა მიდრეკილია. ეს პრობლემა სწორედ ბავშვობის ასაკიდან იწყება. ამიტომ მე, როგორც ექიმი მივესალმები მერიის ამ ახალ ინიციატივას და ვიმედოვნებ, რომ პროგრამა კვლავ გაგრძელდება", -აღნიშნავს მანანა რუხაძე.

მისი ინფორმაციით, სქოლიოზის გამოვლენა და შემდგომი რეაბილიტაციის დაფინანსება 4-დან 15 წლამდე ბავშვებში ხდება. ეს მკურნალობა სოციალურად დაუცველებისთვის 100%-ით ხოლო სხვა შემთხვევაში 70%-ით ფინანსდება.

"ამ ეტაპზე პირველ სკოლაში შედიან ექიმები და სინჯავენ ბავშვებს, მათ შეაქვთ შესაბამისი მონაცემები სიაში, რომელსაც მერია ამოწმებს და დაფინანსებასაც გამოყოფს. მართალია, ეს პრობლემას საბოლოოდ არ გადაწყვეტს, მაგრამ მშობლის ინფორმირება და მკურნალობის ღირებულების ძირითადი ნაწილის დაფინანსება, საწყისი ეტაპისთვის მისასალმებელია", - აღნიშნავს ექიმი რეაბილიტოლოგი მანანა რუხაძე.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, 2016 წელს ჯანდაცვის მიმართულებით "ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგის" პროგრამის გარდა, კიდევ ორი "ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებისა" და "ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამა" ამოქმედდა, რომლის ფარგლებში 36 პაციენტი ძვირადღირებული პრეპარატ "ჰერცეპტინით" დაფინანსდა.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2016 წლის პირველ კვარტალში ადმინისტრირებას უწევდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების 31 პროგრამას, რომელთა განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყო.

ქრისტინე გამთენაძე

myquiz