რამდენად დაბინძურებულია ჰაერი საქართველოში | Allnews.Ge

რამდენად დაბინძურებულია ჰაერი საქართველოში

"თბილისში ჰაერის დაბინძურების მხრივ მდგომაროება საგანგაშოა" - ასე აფასებენ ეკოლოგები და გარემოს დამცველების ჰაერის ხარისხს საქართველოს დედაქალაქში. მათივე თქმით, სახარბიელო მდგომარეობა არც ქვეყნის სხვა ქალაქებშია. ეკოლოგები ჰაერის დაბინძურების გამომწვევ ძირითად მიზეზებად საწვავის ხარისხს, გამონაბოლქვს და გაჩეხილ მწვანე საფარს ასახელებენ.

როგორც Allnews.ge-სთან "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე ამბობს, ჰაერის დაბინძურების დონის საზომი ზუსტი ხელსაწყო საქართველოში არ არის, ამიტომაც დასკვნის გაკეთების საშუალება არ არის.

"პრობლემა არის ის, რომ ჰაერის დაბინძურებაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ მთაწმინდიდან გადმოხედვით და ვიზუალით. რამდენიმე კვლევასავით ჩატარდა, თუმცა ეს კვლევებიც საკმაოდ არაზუსტი და არასაკმარისია იმისათვის, რომ ზუსტი სურათი გვქონდეს. მაგრამ რა კვლევებიც ჩატარებულა, ყველამ აჩვენა, რომ ჰაერი ნორმაზე გაცილებით მეტადაა დაბინძურებული.

"რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებს, ჰაერის დაბინძურების საზომი მოწყობილობა უდგათ ვაშლიჯვარში, ბოტანიკურ ბაღში, ანუ ისეთ ადგილებზე, სადაც რეალურ სურათს ვერ მივიღებთ, თუმცა იქაც კი აღინიშნება სერიოზული დაბინძურება", - ამბობს ნატა ფერაძე.

მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ძირითადი მიზეზი უხარისხო, გაუმართავი ავტომობილებია, "მეორე პრობლემა კი ხე-მცენარეების ნაკლებობაა. ჭადრის ხე აღიარებულია მძიმე მეტალებისა და იმ ნივთიერებების გამნადგურებლად, რომელთაც გამოყოფენ მანქანები. დიდი რაოდენობით ჭადარი გაიჩეხა აღმაშენებლის გამზირზე, რუსთაველზე, ახლა სანაპიროზე იგეგმება, სრულიად დაუგეგმავად მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა და რაც ყველაზე საგანგაშოა, ჰაერი აკუმულირდება მიწის სიმაღლიდან ერთნახევარი მეტრის სიმაღლეზე, ანუ ბავშვის სიმაღლეზე და ყველაზე მძიმე ჰაერის სუნთქვა სწორედ ბავშვებს უწევთ.

"საგანგაშოა ისიც, რომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია. ევროპული კლინიკებიც კი ამბობენ, რომ ამ მიზეზით გაიზარდა ბავშვების მიმართვიანობა.

დაბინძურებული ჰაერი კი იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, ასევე ასთმას, ბრონხების დაავადებებს და ა.შ.

ძალიან მძიმე სიტუაციაა და სასწრაფოდ ზომებია მისაღები, ამისათვის კი საჭიროა მანქანებისთვის ტექდათვალიერების შემოღება, რომელსაც არჩევნების წინ ყველა ხელისუფლება გაურბის და ყველაზე მარტივი და სწრაფად მოქმედი საშუალება რაც შეიძლება მეტი ადეკვატურის ხის დარგვაა და არა გაურკვეველი კვიპაროსების სრულიად გაუთვალისწინებელ ადგილებში, მაშინ როდესაც გამზირები მოშიშვლებულია და არაფრისგან გვიცავს ის ხეები, რომლებსაც რგავენ", - ამბობს ნატა ფერაძე.

"დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელის, ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ჰაერის დაბინძურების მხრივ სრულფასოვანი მონიტორინგი არ მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ჩხარტიშვილის ამბობს, არსებული მონაცემის მიხედვითაც შეიძლება იმის თქმა, რომ "თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე საგანგაშოა".

"ამის ძირითადი მიზეზი უხარისხო საწვავია. ამ ეტაპზე არ კონტროლდება საწვავის ხარისხი, მეორე მხრივ, სავალალოა ავტოპარკის მდგომარეობა. ამას გარდა, იჩეხება გამწვანებული ტერიტორიები. გამწვანებული ზოლი თავის მხრივ გულისხმობს უამრავ ჟანგბადს და მთელ რიგ მავნე ნივთიერების გაფილტვრას. ცნობილია, რომ რიგ შემთხვევაში სხვადასხვა სახეობის მცენარეები 70%-მდე მავნე ნივთიერებას აკავებს სხეულში.

"რაც შეეხება მილიონი ხის არასერიოზულ თემას, ჩატარებულია ჟურნალისტური გამოძიება, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ რამდენიმე ასეული სავრაუდოდ დარგული ხიდან, უმეტესობა უკვე გამხმარია და ისინი დარგეს არა იქ, სადაც საჭიროა, არამედ ქალაქის შემოგარენში, სადაც ჰაერი ნაკლებად დაბინძურებულია. თბილისის გარდა ჰაერის დაბინძურების მხრივ გამორჩეულია ინდუსტრიული ქალაქი - ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, რუსთავი, თუმცა არც სხვა ქალაქებშია სახარბიელო მდგომარეობა", - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი უზრუნვეყოფს, რომლის უფროსი, მარინა არაბიძე ამბობს, ამ ღონისძიებას აღნიშნული უწყება რამდენიმე მეთოდით ახორციელებს.

"ადრე და ახლაც ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს სტაციონალური ჯიხურების გამოყენებით ვაკეთებდით, მაგრამ დავამატეთ ინდიკატორული გაზომვები. თბილისის მაგალითი რომ ავიღოთ ეს უკანასკნელი მეთოდი გულისხმობს შემდეგს - თბილისში განთავსებულია ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვების ჯიხურები, ისინი განთავსებულია მოსკოვის გამზირზე, წერეთლის გამზირზე, აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე და სამუშაო დღეებში აკონტროლებს ჰაერის დამაბინძურებლებს, როგორიცაა მტვერი, ნახშიროჟანგი, აზოტის დიოციდები, ტყვიის შემცველობა ჰაერში. შედარებით სუფთა ადგილზე - ვაშლიჯვარში განთავსებულია ჯიხური, სადაც 24 საათის განამვლობაში მიმდინარეობს დაკვირვება.

"რაც შეეხება ინდიკატორულ დაკვირვებებს, რომელიც გასული წლიდან შემოვიტანეთ, მისი საშუალებით პირველი კვლევა 2015 წლის სექტემბერში ჩატარდა, მეორე კი ნოემბერში, ეს არის ინდიკატორული ღილაკები, რომელიც ქალაქის 26 წერტილშია განთავსებული, 2 კვირის განმავლობაში ეს ღილაკები კიდია ქალაქში და ივსება ისინი ბინძური ჰაერით, მოგვიანებით ღილაკები იგზავნება ინგლისის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, იქიდან ჩამოდის პასუხები, რომელსაც შემდეგ ვადარებთ ჰაერის ხარისხის ინდექსებს, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან არის ჰარმონიზებული", - ამბობს მარინა არაბიძე.

მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების განსასაზღვრად, ერთ-ერთი ბოლო კვლევა 2015 წლის ნოემბერში ინდიკატორული მეთოდით ჩაატარეს და როგორც ის ამბობს, შედეგი არცთუ ისე საგანგაშოა.

"ამ კვლევის დროს, თბილისის 24 წერტილში იყო განთავსებული ინდიკატორული ღილაკები. არსებობს დაბინძურების 4 ინდექსი - დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი. დაბალი ნიშნავს, რომ ჰაერის დაბინურების ხარისხი ნორმის ფარგლებშია, საშუალო ნიშნავს, რომ ნორმას აღემატება 1-დან 2-მდე, 2-დან 3-მდე არის მაღალი და 3-ზე მეტი თუ არის დაბინძურების შემცველობა ჰაერში, ეს არის ძალიან მაღალი.

"თბილისში აღებული 24 წერტილიდან 6 მისამართზე ტაშკენტის ქუჩაზე, წინამძღვრიშვილზე, ხახულის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირზე, სამრეკლოსა და გახოკიძის ქუჩაზე დაფიქსირდა საშუალო ინდექსი, დანარჩენში ყველგან დაბინძურების ინდექსი იყო დაბალი. შეიძლება ითქვას, რომ ჰაერი არის დაბინძურებული, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

"თბილისის გარდა სტაციონალურ დაკვირვებას ვაკეთებთ ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზესტაფონში, სადაც განთავსებულია ჯიხურები. ამ ქალაქების ჩათვლით, გასულ წელს ინდიკატორული დაკვირვება გავაკეთეთ საქართველოს მასშტაბით 16 ადგილას, მათ შორის ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთში, თელავში, ხაშურში და ა.შ. ჰაერის დაბინძურების მხრივ ამ ქალაქებში თითქმის იგივე მდგომარეობაა, რაც თბილისში", - ამბობს მარინა არაბიძე.

თეა ბეჟიტაშვილი

მექსიკის დედაქალაქში ავტომობილების რიცხვი 40%-ით შემცირდა

myquiz