საქართველოში გავრცელებული არაგადამდები დაავადებები - რისკფაქტორებზე ექიმები საუბრობენ | Allnews.Ge

საქართველოში გავრცელებული არაგადამდები დაავადებები - რისკფაქტორებზე ექიმები საუბრობენ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თანამედროვე მსოფლიოს სერიოზულ პრობლემად არაგადამდები დაავადებები იქცა.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში, ავადობისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით, წამყვანი ადგილი ინფექციურ, ანუ გადამდებ დაავადებებს ეკავა, საუკუნის მეორე ნახევრიდან პირველ ადგილზე არაგადამდებმა დაავადებებმა გადმოინაცვლა.

ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა გულსისძარღვთა დაავადებებმა, უამრავი ადამიანი მიმართავს ექიმს ხერხემლის თუ ოფთალმოლოგიური პრობლემებით.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებათა მაჩვენებლები 2008-2012 წლებში თითქმის ორჯერაა გაზრდილი, ხოლო თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების გავრცელების მაჩვენებლები კი დაახლოებით 1,4-ჯერ.

გულის, თვალისა და ხერხემლის პრობლემებთან დაკავშირებული კითხვებით ALLNEWS-მა თითოეული დარგის წამყვან სპეციალისტს მიმართა. მათგან შეიტყობთ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს, რისკფაქტორებსა და საჭირო რეკომენდაციებს.

"გულსისძარღვთა დაავადებები არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა.

თუმცა, საქართველო ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შედის.

გულსისძარღვთა დაავადებები მოიცავს სხვადასხვა ნოზოლოგიას: ჰიპერტენზია, არითმია, გულის იშემიური დაავადება...

გულის იშემიური დაავადებებს, როგორც მოდიფიცირებადი ანუ ადამიანის ნებაზე, მონდომებასა და ნებისყოფაზე დამოკიდებული, ისე არამოდიფიცირებადი ფაქტორები აქვს, რომლებსაც თავად პაციენტი უკვე ვეღარ მართავს.

(გენეტიკა, ასაკი, სქესი და სხვა) მოდიფიცირებულ რისკის ფაქტორებში შედის - თამბაქოს მოხმარება. თუ ადამიანი თამბაქოს მოხმარებას შეწყვეტს, მას შეუძლია ერთი რისკფაქტორით ნაკლები ჰქონდეს. ეს მონდომებაზეა დამოკიდებული. სტატისტიკურად კი დადგენილია, რომ თამბაქოს მოხმარება გულსისძააღვთა დაავადებებს ასაკთან ერთად საკმაოდ ართულებს.

გულის დაავადებების რისკფაქტორებში გამოვყოფდი ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას, რომელიც საქართველოში ევროპელებისაგან განსხვავებით აქტუალური პრობლემაა.

ზომიერი ფიზიკური აქტივოვა - კვირაში 5 დღე 30-40 წუთი სიარულს ან სხვა სახის ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს.

ასევე ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით პრობლემატურია კვების საკითხი, საქმეს ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მოხმარებაც ართულებს.

მართალია გენეტიკურ თუ ასაკობრივ ფაქტორებს ვერ შევცვლით, მაგრამ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გულსისძარღვთა დაავადებები, რისი გამოსწორებაც შეგვიძლია ის მაინც უნდა გამოვასწოროთ. თამბაქოს აკძალვა, ქოლესტერინით მდიდარი საკვების შეზღუდვა, ფიზიკური აქტივობის მომატება, კვების რაციონში თევზპროდუქტების ჩართვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ რეკომენდაციებისა, რომლებიც გულის პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ" - აღნიშნავს Allnews.ge-თან საუბარში ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სოფიო უნგიაძე. 

ექიმი-რეაბილიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა რუხაძე ხერხემლის პრობლემებზე გვესაუბრება.

"ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ საყრდენმამოძერავებელი სისტემის პათოლოგიის მიმართ ქართველ ერს აქვს მიდრეკილება.

ეს ერთის მხრივ, გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებული და ხშირ შემთხვევაში მიზეზი ალბათ, გენეტიკაში უნდა ვეძებოთ.

ხერხემლის პრობლემებთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვობიდან მოდის. თუ ბავშვობაში არ იზრუნებენ მოზარდის ხერხემლის მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე, ეს პრობლემა მომდევნო ასაკში მაინც იჩენს თავს. ამ დაავადებას ტკივილი არ ახლავს თან. ტკივილი მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ხერხემალი ძალიან დეფორმირდება.

რისკფაქტორები დედის კვებიდან დაწყებული, გარემო პირობებით დამთავრებული თავზესაყრელად გვაქვს. მითუმეტეს, დღევანდელ პერიოდში, როცა ბავშვები აღარ ჩადიან ეზოში, სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილები აღარ ტარდება, ადამიანები ძირითადად დროს კომპიუტერთან ატარებენ. ეს არის დამღუპველი.

კუნთის განვითარებისათვის საჭირო ფიზიკური დატვირთვა ძალიან გაიშვიათებულია.

ზრდასრულობის ასაკში კი ძალიან ხშირია უმოძრაო ცხოვრების წესისგან გამოწვეული ხერხემლის თიაქარი - დისკის გამობერვა ან გამოვარდნა.

ხერხემალი კუნთების სისტემას უჭირავს. იმისთვის, რომ მასთან დაკავშირებული პრობლემები ავირიდოთ თავიდან, პირველ რიგში საყრდენმამოძრავებელი სისტემის გამაგრება-გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ, ზომიერი ფიზიკური დატვირთვით. დოზირებული ფიზიკური ვარჯიშებითა და დროდადრო ექიმის რეკომენდაციით, ამინომჟავების მიღებით".

ოფთალმოლოგი ნინო თხელიძე: პრაქტიკიდან გამომდინარე მატულობს და ახალგაზრდავდება ნებისმიერი სახის დავადება, მათ შორის, ოფთალმოლოგიური. თუმცა, შესაძლოა, გაიზარდა პაციენტების თვითშეგნება ჯანმრთელობის პრობლემასთან ბრძოლის თვალსაზრისითაც. ფაქტია, რომ მომართვიანობა ბოლო პერიოდში გაზრდილია.

თვალის პრობლემებთან დაკავშირებული რისკფაქტორების დასახელება რთულია, თვალზე ბევრი პროცესი აისახება. დაავადების გამომწვევი მიზეზები კი უამრავია.

ოფთალმოლოგიური პრობლემების პირველ რისკჯგუფს სკოლამდელი და სოლის ასაკის ბავშვები მიეკუთვნებიან, რა დროსაც, ხშირია რეფრაქციული მანკების გამოვლინება.

ამ შემთხვევაში მათ აუცილებლად სჭირდებათ დამხმარე საკორექციო საშუალება - ლინზა ან სათვალე. ბოლო პერიოდში კომპიუტერის გახშირებულმა მოხმარებამ გაზარდა რეფრაქციული მანკების ჩამოყალიბების რისკი.

მეორე ჯგუფს ასაკობრივი დაავადებები, კატარაქტა, გლაუკომა, შაქრიანი დიაბეტის გამო გამოწვეული მხედველობის გართულებები მიეკუთვნება. ამ შემთხვევაშიც გამომწვევ მიზეზად კვებითი ფაქტორეიდან დაწყებული მაღალი გამოსხივებით დამთავრებული უამრავი პრობლემა შეიძლება განვიხილოთ.

ასევე ოფთალმოლოგიური დაავადებების დროს დიდ როლს ასრულებს გენეტიკაც".

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არაგადამდები დაავადებების გავრცელების რისკფაქტორებად არაჯანსაღ კვებას, დაბალ ფიზიკურ აქტივობას, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასა და თამბაქოს მოხმარებას ასახელებს.

ქრისტინე გამთენაძე

myquiz