როდის და რამდენ დევნილ ოჯახს გადაეცემა 2016 წელს ბინა | Allnews.Ge

როდის და რამდენ დევნილ ოჯახს გადაეცემა 2016 წელს ბინა

2015 წლის დეკემბერში 330 დევნილ ოჯახს თბილისის ზღვაზე, "ოლიმპიურ სოფელში" ბინა გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ბინების გადაცემა 2016 წელსაც გაგრძელდება.

როდის და რამდენ დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა, ამის შესახებ ALLNEWS.GE დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს, მურად აბლოთიას ესაუბრა.

"წინასაახალწლოდ, 2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ბინები გადაეცა 561 დევნილ ოჯახს, მათ შორის 330 ოჯახი თბილისის ზღვაზე, "ოლიმპიურ სოფელში" შესახლდა, დანარჩენები თბილისის სხვადასხვა უბანში მენაშენეებისაგან გამოსყიდულ, ახალაშენებულ კორპუსებში შესახლდნენ, კერძოდ, დიდ დიღომში, ჩუღურეთის რაიონში და ვარკეთილში".

-2015 წლის დეკემბერში, როდესაც თბილისის ზღვაზე ოჯახებს ბინები გადაეცით, რამდენიმე ოჯახს პრობლემა შეექმნა, მათი თქმით, გადაცემულ ბინებში სხვები იყვნენ შესულები, მოგვარდა ეს პრობლემა?

-ეს იყო ტექნიკური შეცდომა. თავად ამ ოჯახებს შეეშალათ სადარბაზოები, სხვანაირად იყო დანომრილი და ხალხი გაურკვევლობაში აღმოჩნდა, მაგრამ პრობლემა მეორე დღესვე მოგვარდა.

-ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი როდის დაიწყება?

-მაისში, 10 დევნილ ოჯახს შევასახლებთ თბილისის ზღვაზე "ოლიმპიურ სოფელში" და შემოდგომაზე, აგვისტო-სექტემბერში კიდევ 400 ოჯახს შევასახლებთ, მათ შორის 200 ოჯახს თბილისის ზღვაზე, 200 კი ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, მენაშენეებისგან გამოსყიდულ ბინებში შევა.

-ვინ და რა კრიტერიუმებით არჩევს დევნილ ოჯახს, რომელთაც ბინებს გადასცემენ?

-მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილია შესაბამისი კომისია, კრიტერიუმები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ნორმატიულ აქტში - "ბინების განაწილების წესი და კრიტერიუმები". კომისიაში ჩართულია სახალხო დამცველის ოფისი, ვეტერანთა სამსახური, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო და საბოლოო გადაწყვეტილებას ეს კომისია იღებს.

-დევნილებისთვის ბინების გადაცემაზე რამდენი პროექტი გაქვთ დაწყებული?

-ქვეყნის მასშტაბით დაწყებულია სხვადასხვა პროექტები, მათ შორის "სოფლად სახლის პროგრამა", "იპოთეკური სესხის დაფარვა" "რეაბილიტირებულ ბინებში შესახლება", "ახლადაშენებულ კორპუსებში შესახლება" და ა.შ. 5400-მდე ოჯახს გადაეცა ბინა.

-ამ დროისთვის რამდენი ოჯახია, რომელთათვისაც ბინები ჯერ არ გადაგიციათ?

-ჯერჯერობით საკმაოდ დიდი ნაწილია, ვინაიდან 2012 წლამდე დევნილთა ოჯახების მხოლოდ 28% იყო დაკმაყოფილებული. ეს პროექტი გრძელდება და ჩვენი გათვლებით, ბინებით გადაუდებელ დახმარებას 30 000-ზე მეტი ოჯახი საჭიროებს. მშენებლობები დაწყებული გვაქვს. ამ წუთას ზუგდიდში ხორციელდება პროექტი 2000 ოჯახისთვის, ქუთაისში გვაქვს ასევე პროექტი 2000 ოჯახისთვის. აქტიურად მიდის მშენებლობა გორში - 480 ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება და 2017 წელს დასრულდება. მშენებლობების დაწყებას ვგეგმავთ წყალტუბოსა და მცხეთაში. თბილისში გრძელდება მენაშენეებისგან ახლადაშენებულ კორპუსში ბინების ყიდვა.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz