რას ნიშნავს იყო ვეგეტარიანელი და საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისთვის კვების ამგვარი რეჟიმი | Allnews.Ge

რას ნიშნავს იყო ვეგეტარიანელი და საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისთვის კვების ამგვარი რეჟიმი

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, სულ უფრო იზრდება ვეგეტარიანელთა რაოდენობა.

მათი ცხოვრების წესი და პირველ რიგში კვების რეჟიმი, ნებისმიერი ცხოველის ხორცის მიღებას გამორიცხავს.

თუმცა, არსებობენ ვეგანებიც, რომლებიც უარს ამბობენ, როგორც ცხოველური საკვების მიღებაზე, ისე ცხოველის ბეწვისგან დამზადებულ ნივთებზე.

2015 წლის სტატისტიკის მიხედვით, გერმანიაში მოსახლეობის 6-8% ვეგეტარიანელია, ისრაელში - 8%, იტალიაში - 7.1%, აშშ-ში - 5%.

როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი ვეგეტარიანელი ინდოეთში ცხოვრობს, სადაც მოსახლეობის 40% ვეგეტარიანელია.

თუმცა, ცხოველურ საკვებზე მთელი ცხოვრების განმავლობაში უარის თქმამ, შესაძლოა, ჩვენს ჯანმრთელობას გარკვეული საფრთხე შეუქმნას.

რამდენად საფრთხის შემცველია მუდმივად ასეთი კვების რეჟიმი, რომელიც ცხოველურ წარმონაქმნს არ შეიცავს და როგორ მოვამზადოთ ორგანიზი თუ ვეგეტარიანელობას გადავწყვეტთ, Allnews.ge ენდოკრინოლოგს, ნინო დოლიძეს ესაუბრა.

"ზოგადად ვეგეტარიანული კვება იყოფა ორ ნაწილად, ანუ მთლიანად უარის თქმა ცხოველურ საკვებზე, რაშიც შედის არა მხოლოდ ხორცი, არამედ სხვა ცილოვანი პროდუქტი, რძის ნაწარმი და კვერცხიც. მეორე მომენტი არის ოვოლაქტოვეგეტარიანელობა, რაც იმას ნიშნავს, რომ რძის ნაწარმს და კვერცხს მიირთმევენ, მაგრამ ხორცს არა.

ეს ნაკლებად საზიანოა იმიტომ, რომ ოვოლაქტოვეგეტარიანელობა კიდევ აძლევს ორგანიზმს საშუალებას, რომ საციცოცხლოდ აუცილებელი ცილა, ანუ ორგანიზმისთვის საშენი მასალა მიიღოს.

ყველანაირი ცხოველური პროდუქტის, რომელიც ორგანიზმის აღდგენისთვის საჭიროა, სრულიად გამორიცხვა რეკომენდებული არ არის, პირველ რიგში მოზარდებისთვის.

35 წლამდე, როცა კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბება მიდის და 60-65 წლის ასაკში და უფრო ზემოთ, კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. შეიძლება გარკვეული პერიოდი არ მიიღონ ხორცი, მაგრამ ამას თუ დავუმატებთ რძის ნაწარმს და კვერცხს, უკვე ნამდვილად არ არის კარგი", - ამბობს ნინო დოლიძე.

კითხვაზე, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ თუ ვეგეტარიანელობას გადავწყვეტთ და როგორ უნდა მოვამზადოთ ორგანიზმი ამისათვის, ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ თუ ხორცსა და თევზს არ მივიღებთ, მაშინ უნდა მივიღოთ რძის ნაწარმი და კვერცხი, რომ საციცოცხლოდ აუცილებელი ცილა მივიღოთ, ეს უკანასკნელი საჭიროა ორგანიზმის ფიზიკური მოქმედებისთვის".

სტელა ნამგალაძე 3 წელია ვეგეტარიანელია და მას შემდეგ ცხოველის ხორცი არ უჭამია. როგორც ის ამბობს, ნაწილობრივ ვეგანიც არის.

"ვეგანსა და ვეგეტარიანელს შორის კვების რაციონის მხრივ არის განსხვავება. ვეგეტარიანელები არ იკვებებიან მხოლოდ ხორცით, ხოლო ვეგანები უარს ამბობენ რძის ნაწარმზეც, ასევე თაფლზე ანუ ნებისმიერ ნაწარმზე, რომელიც ცხოველის შრომით ან ექსპლუატაციით იქმნება.

მე ჯერ-ჯერობით ვეგეტარიანელი ვარ, თუმცა იდეურად ვეთანხმები რომ ვიყო ვეგანიც.

"ვეგეტარიანელი 2013 წელს გავხდი, როდესაც "ახალგაზრდა მწვანეებში" გავწევრიანდი, მაგრამ მაშინვე არ გავმხდარვარ, ანუ ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ როდესაც დისკუსიებს ვატარებდით იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ხორცის წარმოებამ და მოხმარებამ ბუნებას, გარემოს, სოციალურ ასპექტებს, როგორ იწარმოება ხორცი და ა.შ. აქედან გამომდინარე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ვერ მოვიხმარდი ხორცის ნაწარმს.

ამაში ხელი შემიწყო დოკუმენტური ფილმების ყურებამაც, სადაც ასახულია სასტიკი რეალობა, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ცხოველები.

 

ასევე, ვარ ანტიკაპიტალისტური ვეგეტარიანელი, რაც იმას გულისხმობს, რომ დიდ კორპორაციებში და ფერმებში ნაწარმოებ პროდუქტებზე უარს ვამბობ", - ამბობს სტელა ნამგალაძე.

მისი თქმით, ვეგეტარიანელობას მისი ჯანმრთელობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

"პირიქით, გამიუმჯობესდა, თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ. მთავარია კვების რაციონი დააბალანსო და ეს არ არის დამოკიდებული ხორცს მიირთმევ თუ ბოსტნეულს", - ამბობს სტელა ნამგალაძე.

ნინო ლეკიშვილი პესკატარიანელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ იკვებება ცხოველის ხორცით, მაგრამ იღებს თევზსა და რძის ნაწარმს.

"თავიდან ერთი წელი ვეგეტარიანელი ვიყავი, მერე კი თევზის ჭამა დავიწყე. ვფიქრობ, ადამიანის ორგანიზმს ფუნქციონირებისთვის ხორცი არ სჭირდება და შეიძლება უფრო ჯანსაღი საკვები მიიღოს ვიდრე ცხოველის ხორცია, ამას გარდა, ირღვევა ცხოველების უფლებები, ამ ხორცის დამზადების გამო მათ აწამებენ და სასტიკ პირობებში ჰყავთ.

თან იმ პერიოდში ბევრი ვეგეტარიანელი გავიცანი და ერთ დღესაც მივხვდი, რომ ხორცის ჭამა აღარ მინდოდა. თუ ოდესმე გული გამიწევს ხორცის საჭმელად ალბათ შევჭამ, მაგრამ ამ ეტაპზე არა", - ამბობს ნინო ლეკიშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz