ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც საკუთარი ცოდნით 25 000 ლა­რი მოიგო | Allnews.Ge

ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც საკუთარი ცოდნით 25 000 ლა­რი მოიგო

დავით პაქსაშვილი ამბობს, რომ ინტელექტუალური თამაშები ძალიან უყვარს, მაგრამ საჯაროდ არასდროს უთამაშია.

პირველი გამოსვლა შოუში -"ცოდნა ფულია" ჰქონდა და წარმატებულიც აღმოჩნდა: მან 25.000 ლარი მოიგო.

-შოუში ჩემი გამარჯვების შემდეგ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ არასწორად ვუპასუხე და თავად გადაცემაზე მომუშავე შემოქმედებით ჯგუფსაც სწორი პასუხი შეცდომით ჰქონდა მითითებული. პასუხი იყო -"ოზია" და არა -"ყუზია".

როგორც ვიცი, ძველქართულად დაწერილ ბიბლიებში წერია "ოზია" და თანამედროვე ენაზე დაწერილ ბიბლიაში -"ყუზია". ძველქართულად ბევრი სიტყვა სხვაგვარად გამოითქმებოდა და გაუგებრობაც ამიტომ მოხდა.

ბავშვობიდანვე აქტიური მკითხველი ვიყავი. წიგნებით თავად დავინტერესდი.

ამ საქმეში ბევრი მრჩეველი არ მყოლია. არაერთი საყვარელი ავტორი მყავს, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ერთი ავტორის ბევრი ნაწარმოები მაქვს წაკითხული. ოჯახში მდიდარი ბიბლიოთეკა კი არა, წიგნები საერთოდ არ გვაქვს. ბავშვობაში წიგნებს მეგობრებისგან ვთხოულობდი, ბიბლიოთეკით ვსარგებლობდი. მთავარია, ინტერესი გქონდეს, წიგნს ყოველთვის იშოვი.

ასაკი რომ გემატება, წიგნისთვის უფრო ნაკლები დრო გრჩება, რაც ძალიან სამწუხაროა. 12-დან 17 წლამდე წიგნების წასაკითხად მეტი დრო გაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე. დღეს თუ რაიმე ვიცი, ამ წლების განმავლობაში დავაგროვე. ახლაც, ჩანთით წიგნი მუდამ დამაქვს. მეტროში, ავტობუსში ან როცა ვინმეს ველოდები, ვკითხულობ.

ამ თამაშს ჩემში პიროვნულად არაფერი შეუცვლია, უბრალოდ, ქუჩაში ხალხი მცნობს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, უფრო მეტ ადამიანს გააცნო შენი თავი. მეტმა ადამიანმა დამინახა...

დღეს დროის დიდ ნაწილს მუსიკას ვუთმობ. უფრო სწორად რომ აგიხსნა, ჩემი მეგობრები წერენ მუსიკას, მე -ტექსტს, რომელსაც მერე ამ მუსიკის ფონზე ვკითხულობ. უმეტესად რეპეტიციაზე ვარ, საშემსრულებლო ოსტატობის დახვეწაზე ვზრუნავ. ეს არის რიტმული პოეზია. რეპი საქართველოში ისეთი ხალხის ხელში ჩავარდა, სახელი შეელახა. შეიძლება, ვინმეს არ ესიამოვნოს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ თვითონაც იციან, რომ სიმართლეა. არ მინდა ვთქვა, რეპერი ვარ-მეთქი, არადა, რეპერი ვარ.

იმედი მაქვს, მე და ჩემი თაობა ამ ჟანრს რეპუტაციას აღვუდგენთ.

ეს კულტურა ძალზე მოქნილი და სწრაფი იარაღია ნებისმიერი სახის პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოსახატავად.

დიდი სურვილი მაქვს, ვიყო აქტიური, დავრგო ხე, მივცე მაგალითი ბავშვებს, ჩავება სხვადასხვა აქტივობაში, შეჯიბრებაში...

სკოლა რომ დავამთავრე, უნივერსიტეტში იმიტომ ჩავაბარე, ოჯახის წევრებისთვის დამემტკიცებინა, რომ ხელმოცარული არ ვარ.

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსზე ვიყავი, სწავლას თავი რომ დავანებე: ამ სფეროში ჩემი თავი ვერ დავინახე, ვიგრძენი, რომ ამ საქმის კეთება ბედნიერს ვერ გამხდიდა. როცა დიდი მიზანი გაქვს დასახული, სიცოცხლედ თუ არ გიღირს, ვერ გაიმარჯვებ. ყველაფერი უნდა სცადო, რომ წარმატებული იყო. ოჯახში დედა, ბებია, ბაბუა და მე ვცხოვრობთ, და-ძმა არ მყავს. გული დასწყდათ, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე.

შრომისმოყვარეობისა და გულწრფელი მონდომების წყალობით, ნელ-ნელა წინ მივიწევ და იმედია, მომავალში უფრო ამაყები იქნებიან.

ზოგიერთ ადამიანს ისეთი განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ვერც ხვდება. საკუთარ თავში ამ უნარს ვინც ვერ აღმოაჩენს, იკარგება.

ადამიანმა პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა შეისწავლოს, ყური დაუგდოს სურვილებს, ინტერესებს და მერე დაიწყოს გაცნობიერებულად კეთება.

ცხოვრებაში ყველაზე დიდი აზარტი -რაღაცის შენებაა. თუ რაიმეს არ აშენებ, ისე ცხოვრება მოსაწყენია. ყველაზე კარგი - ოჯახის შენებაა. დიდი სიბრძნე უნდა.

რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ვიმეგობრებდი? ბიძია თომასთან ვიმეგობრებდი. რატომღაც, ეს წიგნი ბავშვობაში კი არა, 3-4 წლის წინ წავიკითხე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ადამიანს ასაკი რომ ემატება, მეტად ფრთხილი და პრაგმატულად მოაზროვნე ხდება.

ბავშვური მიამიტობა, გულუბრყვილობა, სიკარგისა და სიკეთის მარცვალი "იჭეჭყება" და იკარგება. ამ კაცმა ბოლომდე ბავშვური ჩვევები შეინარჩუნა, მასში ბავშვი არ მოკვდა და სწორედ ამიტომ მიყვარს. ხელზე ტატუ მაქვს -"მარადმწვანე". ბიძია თომას მარადმწვანეობა ადამიანში ბავშვის მუდმივი სიცოცხლეც არის.

თავად, პიროვნული თვისებებით დონ-კიხოტს ვგავარ. შინაგანად ძალიან ბევრ მსგავსებას ვპოულობ.

თამუნა კვინიკაძე

myquiz