დასაქმების ბაზარი საქართველოში - რომელ სფეროებშია სპეციალისტებზე მოთხოვნა | Allnews.Ge

დასაქმების ბაზარი საქართველოში - რომელ სფეროებშია სპეციალისტებზე მოთხოვნა

"ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ბოლო კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობისთვის, კერძოდ, 57 პროცენტისთვის სამუშაო ადგილებია. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ დასაქმების პრობლემა კვლავ აქტუალურია.

დასაქმების მაძიებელთათვის ხელშემწყობ პროექტს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. რამდენად უწყობს ხელს ზემოთ აღნიშნული პროექტი მოსახლეობის დასაქმებას, რომელ ქალაქებში ტარდება კვირეული და რა მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს, ამ საკითხებზე ALLNEWS.GE ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტის აღრიცხვების სამმართველოსს უფროსს, ნინო აგაშენაშვილს ესაუბრა.

"დასაქმების პირველი ფორუმი ჩატარდა 2014 წლის 20 სექტემბერს თბილისში. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 141 მსხვილმა დამსაქმებელმა და 3814 სამუშაოს მაძიებელმა. დასაქმდა 250 ადამიანი, ხოლო 284 ადამიანი მოხვდა სარეზერვო სიებში. 2015 წლის 10 ივლისის დასაქმების ფორუმის ჩატარდა ქუთაისში. ფორუმში მოწვეული იყო 74 დამსაქმებელი, დასაქმების ფორუმზე დარეგისტრირდა 1278 სამუშაოს მაძიებელი, საშუალოდ ფორუმში მონაწილება მიიღო 996 სამუშაოს მაძიებელმა. დასაქმდა - 82, ხოლო - 125 მოხვდა სარეზერვო სიებში.

2015 წლის 21 -25 სექტემბერს ჩატარდა ვაკანსიის კვირეული თბილისსა და კახეთში. ვაკანსიის კვირეულში მონაწილეობა მიიღო 60 დამსაქმებელმა, რომლებმაც მოგვაწოდეს 623 ვაკანტური ადგილი. ვაკანსიების კვირეულის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირდა 1335 სამუშაოს მაძიებელი. პირველი კვირის მონაცემებით დასაქმდა 18. ხოლო 40 მოხვდა სარეზერვო სიებში".

-რომელ სფეროებზეა მოთხოვნა?

-ბაზარზე მოთხოვნა არის მომსახურების, სასტუმრო, რესტორნების, სამედიცინო, საბანკო და სამშენებლო სფეროში. კვალიფიციური კადრი ვიწრო სპეციალობით (მაგ: ელექტროინჟინერი, ზეინკალი, სამედიცინო აპარატურის ინჟინერი, გათბობა კონდიცირების სისტემის სპეციალისტი) საკმაოდ დეფიციტურია.

Myjobs.ge -ერთ-ერთი დასაქმების პორტალია, სადაც ყოველდღიურად დაახლოებით 30 ვაკანსია იდება და რომელიც სამსახურის მაძიებლებს აკავშირებს უშუალოდ დამსაქმებლებთან. როგორც საიტის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, მათ საიტზე განთავსებული განცხადებების მიხედვით, ყველაზე ხშირად მოთხოვნა მომსახურების და ვაჭრობის სფეროზეა. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, პორტალის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დამსაქმებლების ძირითადი მოთხოვნა არის სამუშაო გამოცდილება და უცხო ენების ცოდნა.

"ახლა, ძირითადი მოთხოვნა ახალგაზრდა გოგონებზეა, თუმცა სჭირდებათ მამაკაცებიც, მაგალითად მძღოლი, ხელოსანი, კარ-ფანჯრის ამწყობი, ზეინკალი და ა.შ. მაღალ პოზიციებზე იშვიათად არის მოთხოვნა, ვთქვათ დირექტორი ან მენეჯერი, ძირითადად არის მომსახურების სფეროზე - იყიდე-გაყიდე, მაგალითად, კონსულტანტები სჭირდებათ ხშირად", - ამბობს დასაქმების პორტალის წარმომადგენელი.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz