ქართველ გოგონათა ნაკრებმა ევროპის მათემატიკის ოლიმპიადაზე სამი მედალი მოიპოვა | Allnews.Ge

ქართველ გოგონათა ნაკრებმა ევროპის მათემატიკის ოლიმპიადაზე სამი მედალი მოიპოვა

გოგონათა შორის მათემატიკის მეხუთე ოლიმპიადაში წელს - პირველად საქართველოს ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.

ოთხი კონკურსანტი და სამი საპრიზო ადგილი - ასეთია ქართველი გოგონების შედეგი.

რუმინეთის ქალაქ ბუშტენში გამართულ ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე, საქართველოს სკოლებიდან შერჩეული ოთხი მოსწავლე, მარიამ როგავა, ელენე ყარანგოზიშვილი, სოფო ბრეგაძე და გვანცა ცუცხაშვილი გავიდა.

ოლიმპიადაზე ელენე ყარანგოზიშვილმა ვერცხლის, ხოლო მარიამ როგავამ და სოფო ბრეგაძემ ბრინჯაოს მედლები აიღეს.

სამივე გოგონა კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

ევროპის მათემატიკური ოლიმპიადის ქართველ პრიზიორებს ALLNEWS-ი ესაუბრა.

მარიამ როგავა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეს მისთვის საერთაშორისო დონის პირველი წარმატებაა, თუმცა, საქართველოში სხვადასხვა დროს გამართულ ოლიმპიადებზე საპრიზო ადგილები არაერთხელ დაუმსახურებია.

მეშვიდე კლასიდან კომაროვის ფიზიკა- მათემატიკის სკოლაში სწავლობს და მომავალ გეგმებსაც ტექნიკურ მეცნიერებებს უკავშირებს. ფიქრობს, რომ ევროპის ოლიმპიადაზე ქართველი გოგონების მოხვედრა სხვა მოსწავლეებისთვისაც სტიმულის მიმცემია.

"წელს პირველად მონაწილეობდა ამ დონის კონკურსში ქართველი გოგონების გუნდი და სიმართლე გითხრათ, ასეთ შედეგს, სამ მედალს, ნამდვილად არ ველოდით. ოლიმპიადაზე 147 გოგონა გამოდიოდა, კონკურენცია დიდი იყო, თუმცა ჩვენ ვეცადეთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გვეჩვენებინა. ვაპირებ, მომავალ წელსაც მივიღო მონაწილეობა კონკურსში და საკუთარი შედეგი გავაუმჯობესო."- ამბობს მარიამ როგავა.

ვერცხლის მედალოსანი ელენე ყარანგოზიშვილი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.

"სანამ ოლიმპიადაზე გავიდოდით, ადგილობრივი სამ ეტაპიანი შესარჩევი ტური გავიარეთ. რუმინეთში გამართულ ოლიმპიადაზე ძალიან კარგად იყო ნათარგმნი საკონკურსო ამოცანები და შესაბამისად, ჩვენი პასუხები ჟიურის წევრებისთვის. საბოლოოდ, მიღწეულმა შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა."-ამბობს ელენე ყარანგოზიშვილი.

მეთორმეტე კლასის მოსწავლეს ჯერ არ მიუღია მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა, აღნიშნავს, რომ სწავლას ტექნიკური მიმართულებით გააგრძელებს.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი სოფო ბრეგაძეც კომაროვის სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. მეოთხე მონაწილე გვანცა ცუცხაშვილი კი წელს რაზმაძის სახელობის ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლას ამთავრებს.

რუმინეთის ქალაქ ბუშტენში გამართულ ოლიმპიადაზე მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში 6 სხვადასხვა სირთულის ამოცანის ამოხსნა მოუწიათ.

ქართველი გოგონები საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღებას მომავალ წელსაც აპირებენ.

ქრისტინე გამთენაძე

myquiz