რას დაგვპირდა თბილისის მერი და რა შეასრულა | Allnews.Ge

რას დაგვპირდა თბილისის მერი და რა შეასრულა

უკვე ერთი წელი და რვა თვეა, რაც თბილისის მერის თანამდებობა დავით ნარმანიას უკავია. ალბათ ყველას გვახსოვს მისი საარჩევნო პროგრამა და დაპირებები, რომელსაც დღესაც ახსნებს მოსახლეობა დედაქალაქის მერს. ნარმანია თავისი 41-პუნქტიანი საარჩევნო პროგრამით მოსახლეობას ჰპირდებოდა ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა საცობები, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაჩეხილი ქალაქი, პარკირების პრობლემა და ა.შ.

ALLNEWS.GE დაინტერესდა, თუ რა პროექტები განხორციელდა დავით ნარმანიას მერის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მისი საარჩევნო პროგრამიდან, ამ კითხვით მერიას მივმართეთ.

საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი საკითხი თბილისში პარკირების პრობლემას ეხებოდა. ნარმანია ამბობდა, რომ პარკირების პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქის სხვადასხვა უბანში ხელს შეუწყობდა მიწისქვეშა და მრავალსართულიანი ავტოსადგომების (პარკინგის ადგილების) მოწყობას.

ამ კითხვაზე მერიის პასუხი ასეთია:

"არსებობს საცობების მართვის 5-პუნქტიანი გეგმა. ამ გეგმაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა 2016 წლისთვის მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი ავტოსადგომების (პარკინგის ადგილების) მოწყობა. ამ ეტაპზე, მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობის მიზნით, მიმდინარეობს 12 ლოკაციის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. კვლევა, ასევე, დამუშავდება საინვესტიციო წინადადების დონზე. დასრულებულ ვარიანტს ველოდებით აპრილის ბოლოს, რომლის საფუძველზეც მოხდება კერძო ინვესტორებისთვის წინადადების მომზადება და ინტერესთა გამოხატვა".

მოსახლეობის პრობლემად კვლავ რჩება მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საარჩევნო პერიოდში ნარმანიას დაპირება ამ საკითხსაც მოიცავდა, კერძოდ, მოწესრიგებულიყო სატრანსპორტო ქსელი, გაზრდილიყო სამარშუტო ტაქსების რაოდენობა და დაემატებინათ ახალი ავტობუსები, რა გაკეთდა დღემდე ამ კუთხით, მერიის პასუხი ამ კითხვაზე ასეთია:

"თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2015 წლის მაისიდან ინტენსიურად მუშაობს საქალაქო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის განახლებაზე. ამ კუთხით ჩატარდა კვლევა და შემუშავდა თბილისის ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია. სარეკომენდაციო სტრატეგია მოიცავს სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც ეხება ყველა სახის ტრანსპორტის - ავტობუსების, მეტროს, საბაგიროს, ტრამვაის და ტაქსის სექტორის განვითარებას.

2015 წელს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან 34 მილიონი ევროს ფარგლებში სესხის გამოყოფის შესახებ. შედეგად, გამოცხადდა ახალი ავტობუსების შესაძენად საერთაშორისო ტენდერი, 6 მარტს გაიხსნა სატენდერო წინადადებები. ტენდერის პირობების თანახმად სექტემბერში იგეგმება 12-მეტრიანი, დაბალ იატაკიანი CNG (ბუნებრივი აირი) საწვავზე მომუშავე ავტობუსების პირველი პარტიის მოწოდება. 2016 წელს თბილისს ეყოლება ახალი, ე.წ. ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული ავტობუსები. ავტობუსების პარკის განახლება ეტაპობრივად მოხდება, ასევე განახლდება სამარშრუტო სქემა და დაიგეგმება სპეციალური ,,ბას ლაინები"" ავტობუსებისთვის".

რკინიგზის გადატანა დედაქალაქის პერიფერიულ ნაწილში, საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი იყო, როგორც დღეს მერიაში აცხადებენ, რკინიგზის გადატანა აუცილებლად მოხდება. თუ როგორი სცენარით, ამას გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი განსაზღვრავს.

"ამ ეტაპზე, საქართველოს რკინიგზის მიერ მერიაში წარმოდგენილია შემოვლითი რკინიგზის 3 სცენარი. წარმოდგენილი სცენარებიდან რომელიც არ უნდა შეირჩეს, გაცილებით მომგებიანია ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, თავისუფლდება 70 ჰა.-მდე ტერიტორია", - გვითხრეს მერიაში.

გარევაჭრობის პრობლემის მოგვარება ნარმანიას საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო, თუმცა ორი დღის წინ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქციაც გაიმართა.

რეალურად, დღეს გარევაჭრობა ჩვეულებრივ გრძელდება, ამ კითხვაზე მერიაში ასე გვპასუხობენ:

"საკითხი არის ძალიან სენსიტიური და კონკრეტული ადამიანისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო, თუმცა, თამაშის წესები რომ საჭიროა ამ სფეროში, ყველა ვთანხმდებით. გარევაჭრობა თბილისში პირველად 2006 წელს აიკრძალა. ეს იყო ხისტი გადაწყვეტილება, რომელსაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. 2010 წელს გარევაჭრობის აკრძალვაზე საუბარი კვლავ დაიწყო და 4 ათასამდე ადამიანს დახურულ სავაჭრო ობიექტებში ვაჭრობის ვალდებულება დაეკისრა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესებს და აღნიშნულ საკითხზე ინტენსიურად, მაგრამ ფრთხილად მუშაობს. ამ დროისათვის მუშავდება გარევაჭრობის ახალი რეგულაციები და, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ყველა მხარისთვის".

ყველასათვის ნაცნობი მილიონი ხე, რომელსაც დედაქალაქის მერს დღემდე საყვედურობენ, თავის დროზე ნარმანიას საარჩევნო პროგრამაში ეწერა:

"ჩვენ ვიზრუნებთ ქალაქის ეკოლოგიაზე, ტყის აღდგენასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე. ჩვენ დედაქალაქში დავრგავთ და გავახარებთ ერთ მილიონამდე ხეს. თბილისის "ქარიან" უბნებში გაშენდება შესაბამისი ქარსაფარი ზოლები" - დაირგა თუ არა მილიონი ხე თბილისში, ასეთი პასუხი მივიღეთ:

"რგვები, დედაქალაქის მასშტაბით, სამი ძირითადი მიმართულებით, ქალაქის შემოგარენში ტყე-პარკების აღდგენა-გაშენების, ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანებისა და, ასევე, სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება. გვაქვს ვრცელი სია თუ სად, როდის და რამდენი ხე-მცენარე დაირგო და დაირგვება. ასევე, დენდროლოგიურ პარკში დაირგო 34 000 ხე-მცენარე, რომელიც მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს გადასცა სართიჭალის სანერგე მეურნეობამ."

მერიიდან მოგვაწოდეს იმ უბნების ჩამონათვალი, სადაც სხვადასხვა ჯიშის ხეები დაირგა, ესენია დიდი დიღომი, გლდანი, ისანი, ვარკეთილი, სხვადასხვა სკვერები და სკოლები თბილისის უბნებში და ა.შ.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz