რას მოუტანს საქართველოს ჩინელი ტურისტების უვიზოდ ჩამოსვლა | Allnews.Ge

რას მოუტანს საქართველოს ჩინელი ტურისტების უვიზოდ ჩამოსვლა

ჩინელმა ტურისტებმა, საქართველოში შესაძლოა, უვიზოდ შეძლონ ჩამოსვლა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პეკინში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძესა და მის ჩინელ კოლეგას შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ კონსულტაციები საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 1994 წ. გაფორმებული შეთანხმების თაობაზე, ტურისტული ჯგუფების უვიზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით.

ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ არის მიღწეული, თუმცა, მოლოდინები დიდია.

როგორც ცნობილია, სავიზო რეჟიმის გაუქმება იგეგმება მხოლოდ ორგანიზებული ტურის ფარგლებში ჩამომსვლელი ჩინელი ტურისტებისთვის, რაც შეეხება ინდივიდუალურ ტურისტებს, მათზე უვიზო რეჟიმი არ ამოქმედდება.

ტურიზმის საკითხებში ექსპერტის, ვატო ასათაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააუქმოს სავიზო რეჟიმი ჩინელი ტურისტებისთვის, ორგანიზებული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"ეს არის ძალიან კარგი და საინტერესო ბაზარი, რომლის განხილვაც მაღალგადამხდელუნარიანი სეგმენტის ჭრილში შეგვიძლია. აქამდეც იყო მცდელობები, რომ ჩინურ ბაზარს დაეწყო აქტიური მუშაობა ამ კუთხით. თუმცა, ორი წლის წინ, სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ამ ბაზრის დაბლოკვა. მანამდე ჩინეთიდან იყო დიდი ნაკადი. ძალიან კარგად მუშაობდა ჰონგ-კონგი".

ჩინელი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების რისკებზე საუბრობს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი:

"მე მგონია, ეს არის ძალიან საშიში თამაში ქვეყნისთვის. ვინაიდან შეიძლება ჩინეთიდან ჩამოვიდნენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც აქ დარჩენა და ფეხის მოკიდება სურს. ასე უცებ სავიზო რეჟიმის მოხსნა ცოტა საშიში მგონია. რისკები არსებობს. მათ შეუძლიათ ორგანიზებულ ტურში მთელი ოჯახი ჩაეწერონ და დარჩნენ აქ. ამაზე პასუხს ვერავინ ვერ აგებს, ვერც აქ მიმღები და ვერც იქიდან გამომგზავნი ტურისტული კომპანია".

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დასრულდება მოლაპარაკებები ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, მზადდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის იმუშავებს.

თამთა ჯიჯავაძე

ზაფხულში საქარველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაიზრდება - გიორგი ჩოგოვაძე

"საქართველოში საკვები ძვირია" - რას ყვებიან კანადელი ტურისტები, რომლებმაც 35 ქვეყანაში იმოგზაურეს

myquiz