მაისში თბილისის სასტუმროების ნომრების დიდი ნაწილი დაჯავშნილია | Allnews.Ge

მაისში თბილისის სასტუმროების ნომრების დიდი ნაწილი დაჯავშნილია

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ტურისტების რაოდენობაც იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროების ნომრების უმეტესობა მაისის თვეში თბილისში უკვე დაჯავშნილია. ამის გადასამოწმებლად ALLNEWS.GE ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ თბილისში არსებულ დიდ სასტუმროებზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა ყველა დაჯავშნული არ არის.

"დიდ სასტუმროებზე არის დიდი მოთხოვნა და დატვირთვა, მაგრამ არის საშუალო და პატარა ტიპის სასტუმროები, რომელიც მეტ-ნაკლებად დატვირთულია. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ყველა სასტუმრო უკვე მთელი თვით დაჯავშნილია და ადგილები არ არის", - განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ასევე დავუკავშირდით თბილისში არსებულ რამდენიმე სასტუმროს, როგორც მათი უმეტესობა აცხადებს, ნომრები მაისის თვეში უკვე დაჯავშნილია, თუმცა არა მთელი თვე.

"კი უმეტესობას აქვს ჯავშანი, თუმცა არა ყველას, გვაქვს, რა თქმა უნდა, თავისუფალი ნომრები", - გვითხრეს სასტუმრო "ძველ თბილისში".

"მაისის თვეში მაღალი მოთხოვნაა ნომრებზე, თუმცა ყველა დღე არ არის დაჯავშნილი, არის თავისუფალი ნომრებიც", - განაცხადეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში".

იგივე გვითხრეს "თბილისი მერიოტსა" და "ქორთიარდ მერიოტშიც".

როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი ამბობს, საქართველოში მაისის პირველი ნახევარი ტურისტებით მუდამ სავსეა.

"ყოველ წელს პირველიდან ათი მაისის ჩათვლით ბევრი სასტუმროს ნომერია დაკავებული, ტურისტები კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არიან. ამის მიზეზი არის ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაისის დღესასწაულების გამო დასვენების დღეებია და სწორედ ამიტომ ჩამოდის ბევრი ტურისტი ამ დროს. 1-10 მაისის პერიოდი საქართველოში მუდამ ითვლებოდა და ახლაც მიიჩნევა ტურისტულად მაღალ სეზონად. ხოლო მაისის თვის დანარჩენი პერიოდი არის ჩვეულებრივი ტურისტული სეზონი.

რაც შეეხება თვის ბოლოს დაგეგმილ რობი უილიამსის კონცერტს, ვერ გეტყვით, რომ ხალხი მოაწყდა სასტუმროებს და უკვე დაჯავშნეს ნომრები, პიარკამპანია დაწყებულია და შედეგს მალე გავიგებთ", - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz