როგორი იქნება განახლებული "მზიურის" პარკი | Allnews.Ge

როგორი იქნება განახლებული "მზიურის" პარკი

13 ივნისის სტიქიის დრო ვერეს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ "მზიურის" პარკის ქვედა ნაწილი დააზიანა. იმ პერიოდში გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას, ითქვა, რომ "მზიური" განახლდებოდა, კერძოდ, "პარკის ტერიტორიაზე მოეწყობოდა სარეკრეაციო ზონა, ტყე-პარკი, საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი და საფეხმავლო ბილიკები.

როგორც ALLNEWS.GE-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციის შესაბამისად, დაგეგმილია "მზიურის" პარკის რეაბილიტაცია.

"ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი მზიურის პარკის პროექტირებაზე. ტენდერი დაიწყება 2016 წლის 5 აპრილს. შესაბამისად, ყველა სხვა დეტალი მოგვიანებით იქნება ცნობილი", - გვითხრეს მერიაში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, თუ როდისთვის დასრულდება მზიურის ქვედა ნაწილის განახლება.

ქვედა ნაწილისგან განსხვავებით, მზიურის ზედა ნაწილში პროექტ "ახალი მზიურის" ფარგლებში უკვე მიმდინარეობს პარკის განახლება.

როგორც პროექტის ავტორი და ფოტოგრაფი ანა გოგუაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, პროექტი "ახალი მზიური" გულისხმობს პარკის ზედა ნაწილის განახლებას.

"უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ, ჭავჭავაძის გზიდან, ილიკოს და ილარიონის ძეგლთან ადრე იყო ძველი კაფე, ეს შენობა რამდენიმე წელი მიტოვებული იყო, სწორედ ის კაფე განახლდება, ასევე, გაიხსნება ამფითეატრი და ა.შ. ეს არის პროექტი, რომელიც დავიწყეთ 2015 წლის სექტემბრიდან, ჩვენმა ორგანიზაციამ საჯაროდ დადო ინიციატივა და სთხოვა მერიას, რომ დროებით სარგებლობაში გადმოეცათ ეს შენობა და ამფითეატრი იმისათვის, რომ მოგვეზიდა დონორი ორგანიზაციები, რათა შეგვეკეთებინა ეს ორი ობიექტი.

"ძველი კაფეს ნაცვლად გაიხსნება ახალი, სოციალური კაფე, რაც გულისხმობს არსებული მოგების ისევ ამ საქმეში გამოყენებას, უფრო ზუსტად რომ აგიხსნათ, ეს კაფე იქნება ჩვეულებრივად მაღალი ხარისხის პროდუქტით სავსე, თუმცა, ის მოგება რაც დარჩება კაფედან, რეინვესტირდება ისევ ამ პროექტში, ანუ რა მოგებაც დარჩება, ამით დავაფინანსებთ "მზიურში" საჭირო ღონისძიებებს. რემონტი უკვე დაწყებულია და დასრულდება მაისში, თუმცა, პროექტი ნაწილობრივ არის დაფინანსებული და კიდევ ვეძებთ დონორს, რადგან კაფეს გარემონტება დასრულდება, თუმცა, შესაბამისი ატრიბუტის საყიდლად თანხაა კიდევ საჭირო", - ამბობს ანა გოგუაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz