მთავრობა ბრიუსელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოსთან კოორდინაციაში ყოფნისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

მთავრობა ბრიუსელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოსთან კოორდინაციაში ყოფნისკენ მოუწოდებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ბრიუსელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან მაქსიმალურ კოორდინაციაში ყოფნისკენ მოუწოდებს.

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს, 20-23 მარტს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ვიზიტის ორგანიზატორებს დაუკავშირდა და მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები უსაფრთხოდ არიან.

"ბრიუსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბრიუსელში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის წესები", - აცხადებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

 

myquiz