22.03.2016 / 10:27
შრიფტის ზომა:

რატომ სურს მთავრობას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა - სხვა ქვეყნების გამოცდილება

ბოლო პერიოდში, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თემა არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მარჯვენასაჭიან ავტომობილზე რეგულაციების ამოქმედების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინიციატივის აღსრულება პარლამენტმა 2017 წლამდე გადაავადა. დილერები კი მიცემული ვადის 2 წლამდე გაზრდას მოითხოვენ.

მანამ ვიდრე რეგულაციების კონკრეტული თარიღი და დეტალები გახდება ცნობილი, ALLNEWS.GE-მ გადაწყვიტა მკითხველისთვის იმ მიზეზებზე გაემახვილებინა ყურადღება, რის გამოც მთავრობამ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა მოითხოვა. რეალურად, უქმნის თუ არა საფრთხეს ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობას და რა რისკებზეა საუბარი?! ჩვენ იმ ქვეყნებსაც გაგაცნობთ, სადაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა უკვე წლებს ითვლის. გაჩვენებთ, როგორია საერთაშორისო გამოცდილება და ამ კუთხით საქართველოში არსებული სტატისტიკა.

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 75% გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობს. ამ ტიპის ქვეყნებში მოძრაობისთვის მარცხენასაჭიანი ავტომობილებია განკუთვნილი. დარჩენილ 35%-ში, ანუ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც გზებზე ინფრასტრუქტურა მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვისაა მოწყობილი, შედის იაპონია, დიდი ბრიტანეთი და მისი ყოფილი კოლონიები.

ქვეყნების ნაწილში, სადაც მარჯვენამხრივი მოძრაობაა, მარჯვენასაჭიანი მანქანების ყიდვაზე, იმპორტსა თუ რეგისტრაციაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები და აკრძალვებია დაწესებული. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სახის აკრძალვები არ მოქმედებს.

საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის საკითხი დადგა დღის წესრიგში. თავის დროზე ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა სახელმწიფოს მოუხდა. მაგალითად, სლოვაკეთში, პოლონეთში, ხორვატიასა და სერბეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2012 წლიდანაა აკრძალული. 2015 წლის მაისიდან არსებულ ჩამონათვალს ბრაზილიაც შეემატა. ლიტვასა და უკრაინაში აღნიშნული ავტომანქანების რეგისტრაცია დაუშვებელია 1993 წლიდან. მარჯვენასაჭიანების რეგისტრაცია ფილიპნებზეც აკრძალულია, რეგულაციები მოქმედებს შვედეთშიც.

კვლევების მიხედვით, აკრძალვის მიზეზი ზოგიერთ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის ზრდა (30-40%-ით) გახდა.

საქართველოს მთავრობამაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტის წარდგენის მთავარ მიზეზად გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა დაასახელა. თუმცა კვლევა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებისას მარჯვენასაჭიანების ,,დანაშაულს" ასახავდა, შსს-ს ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო პერიოდში საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა და თითქმის 50%-ს გაუტოლდა. მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო - 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა. 2014 წელს - 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000 მარჯვენასაჭიანი: ხოლო 2015 წელს - 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. შსს-ში განმარტავენ, რომ დინამიკა საგანგაშო ზღვარს უახლოვდება და თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების ცვლილება გახდება საჭირო.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას არ ეთანხმება, თუმცა, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას უსაფრთხოებისათვის საჭირო სხვადასხვა ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

,,პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი -აკრძალული უნდა იყოს საჭის გადატანა, ასევე მძღოლს უნდა დაეკისროს მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მაშუქი ელემენტების (ფარები) მოწესრიგების ვალდებულება, გამორიცხულია ტაქსაობა ორკარიანი მარჯვენასაჭიანი ავტომობილით".

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც მარჯვენამხრივი მოძრაობაა, პრობლემას ქმნის მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილების ერთობლიობა. შალვა ოგბაიძის განმარტებით, არსებული ინფრასტრუქტურა (საგზაო ნიშნები, სავაჭრო ობიეტები) მოწყობილია მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მსგავსი მომრავლება კი ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე მიუთითებს.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევებს, ოგბაიძის თქმით, მას ხელი არ მიუწვდება სტატისტიკაზე, რომელიც აღნიშნულ მონაცემებს ასახავს.

,,არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რა საფრთხეს ქმნიან ავტოსაგზაო შემთხვევებისას მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ამ ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლები შედარებით ნაკლებად ხვდებიან ავარიებში. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ისინი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. მაგრამ ეს სიფრთხილე ხანდახან გადამეტებულია და მოძრაობას აფერხებს. უნდა ითქვას ისიც, რომ მძღოლი, რომელსაც მართვის მოწმობა ახალი აღებული აქვს, და რომელმაც ტარება ისწავლა და გამოცდა ჩააბარა მარცხენასაჭიან ავტმობილზე, ქალაქში კი მარჯვენასაჭიანით გადაადგილდება, ნამდვილად წარმოადგენს რისკ ჯგუფს", - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის აზრით კი, მთავრობის მიერ დასახელებული არგუმენტები - მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მიერ შექმნილ საფრთხესთან და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

,,იაპონური ავტომობილები ტექნიკურად ყველაზე მეტად გამართულია და შესაბამისად, გარემოს დაბინძურებაში მათ წვლილი ყველაზე ნაკლებად მიუძღვით. რაც შეეხება საფრთხეს, შსს-მ ჩემდა გასაკვირად, ვერ წარმოადგინა კვლევა თუ რა რისკის მატარებელია ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების არსებობა. ამდენად, ამ ტიპის საუბრები, კვლევის გარეშე არ არის მიზანშეწონილი," - განაცხადა მესხიშვილმა.

ქრისტინე გამთენაძე