თბილისში სატრანსპორტო სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია - ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია | Allnews.Ge

თბილისში სატრანსპორტო სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია - ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ასოციაციაში მიიჩნევენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულ კრიზისშია.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ყველა განცხადება, რაც მერიიდან კეთდება 2 წლის განმავლობაში, რჩება მხოლოდ განცხადებად და არც ერთი ქმედითი ნაბიჯი პრობლემის გადასაჭრელად არ გადადგმულა.

"დღეს თბილისს ემსახურება 500-მდე ამორტიზირებული ავტობუსი, რაც საერთოდ არ არის ადეკვატური მგზავრთა ნაკადის რაოდენობის. ერთ ავტობუსზე მოდის 1 400 მგზავრი. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქს ემსახურებოდა 500 ავტობუსი 70-80-იან წლებში, როდესაც თბილისის მოსახლეობა არ აღემატებოდა 700 000-ს. დღეს კი, თბილისის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 1 400 000-ს, ანუ ორჯერ უფრო მეტს, შესაბამისად, დედაქალაქის მგზავრთა ნორმალურად გადაყვანისთვის საჭიროა ორჯერ უფრო მეტი რაოდენობის ავტობუსი (1000 ერთეული). პრობლემას ართულებს ისიც, რომ თბილისის მერიამ დააგვიანა სატენდერო წინადადების მომზადება და შესაბამისად ავტობუსების შეძენაც, რაც აღნიშნეს კიდევაც EBRD-ის წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, ახალი ავტობუსები (170) კი არ დაემატება ძველ ავტობუსებს, არამედ ჩაანაცვლებს სრულიად ამორტიზირებულ ავტობუსებს. საერთო ჯამში კი, ავტობუსების რაოდენობა (500) დარჩება უცვლელი და მგზავრებს ისევ მოუწევთ ფეხზე დგომა, ოღონდ მგზავრთა ნაწილს უკვე ახალ ავტობუსში", - აცხადებენ ასოციაციაში.

რაც შეეხება თბილისის მეტროს, ასოციაციის განცხადებით, თბილისის მეტროსთვის ასეთი მძიმე პერიოდი არასდროს ყოფილა.

"პირველი პრობლემა და ყველაზე სახიფათო არის ესკალატორები, რომელთა უმრავლესობას გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა და წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი მგზავრებისთვის. 50-60 წელია ესკალატორები არ შეცვლილა. არც კი გვინდა იმის წარმოდგენა, თუ რა უბედურება და მსხვერპლი შეიძლება მოიტანოს ესკალატორების მწყობრიდან გამოსვლამ. გამაოგნებელია სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლების სიმშვიდე და უპასუხისმგებლობა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, რომელთა განცხადებითაც ისინი დაკავებულები არიან ესკალატორების შეკეთებით. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ესკალატორები აღარ ექვემდებარება აღდგენას და ის საჭიროებს შეცვლას. მერიას მიმდინარე წელს გარკვეული თანხა გათვალისწინებული აქვს მეტროს ფასადების მოწესრიგებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაც იჩენს არაადეკვატურობას. ფასადი არ არის დღეს მეტროს მთავარი პრობლემა", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ასოციაციის განცხადებით, დედაქალაქს ემსახურება 2 300-მდე მიკროავტობუსი, რომელთა ნაწილიც კუსტარულად გადაიყვანეს გაზზე, რაც მათ ფეთქებადსაშიშს ხდის.

"გაზზე გადაყვანისას დაირღვა უსაფრთხოების ყველანაირი სტანდარტი. ასეთი ფორმით გადაკეთებული ერთი მიკროავტობუსი აფეთქდა ქალაქ რუსთავში, სადაც საბედნიეროდ არც ერთი მგზავრი არ იმყოფებოდა, იმ მომენტში. ასეთი მაღალი სასიცოცხლო რისკის შემთხვევაშიც კი, მერია ვერ აცნობიერებს არსებულ საფრთხეებს.

მდგომარეობას ართულებს თბილისის მერის დამოკიდებულება ტრანსპორტის სექტორში არსებული პრობლემების მიმართ და მისი განცხადებები: "საცობები იყო, არის და იქნება," "თბილისში ორმოები აღარ არის,"საცობების წინააღმდეგ ბრძოლას ვიწყებთ ტროტუარეზე პარკირების აკრძალვით," "მარშუტკები გაზზე გადაიყვანეს სტანდარტების დაცვით" და ა.შ.", - აცხადებენ ასოციაციაში.

ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის განცხადებით, დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოსახლეობას ემსახურება, არის არამარტო არაკომფორტული, არამედ არასაკმარისი რაოდენობის და სასიცოცხლო რისკის შემცველიც კი. სამწუხაროა, რომ პრობლემების გადაჭრის სტრატეგია თბილისის მერიას არ გააჩნია. ის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არათანმიმდევრული, გაუთვლელი ღონისძიებებით ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას, რაც დადებით შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას თან ერთვის: შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, დაუსრულებელი საგზაო სამუშაოები, კორუფცია კომპანიებში, საცობები და სხვა. დღევანდელი მდგომარეობა ერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს: უმძიმესი", - აცხადებს მესხიშვილი.

 

myquiz