ამართლებს თუ არა საქართველოში უმაღლეს განათლებაში ინვესტიციის ჩადება | Allnews.Ge

ამართლებს თუ არა საქართველოში უმაღლეს განათლებაში ინვესტიციის ჩადება

საქართველოში ამჟამად სახელმწიფოს მიერ აღიარებული 57 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. მათგან 18 სახელმწიფო და 39 კი კერძო სასწავლებელია. მიუხედავად ფართო არჩევანისა, სტუდენტების უმეტესობას მიაჩნია, რომ ქართულ უნივერსიტეტში ჩადებული ინვესტიცია დაკარგული თანხაა და 4 წლის განმავლობაში სწავლის საფასურის სახით გადახდილი თანხის ამოღებას საშუალოდ 8 წელი მაინც სჭირდება.

იმის გასაგებად თუ რას ფიქრობენ სტუდენტები საქართველოში მდებარე უმაღლეს სასწავლებლებზე, ჩვენ რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ.

თამარი (თეატრალური უნივერსიტეტი) - დამთავრებული მაქვს თეატრალურ უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი 2007 წელს. ფასიანზე ვსწავლობდი. იყო რამდენიმე კარგი ლექტორი, ვინც მოგვცა ისეთი განათლება, რაც დღემდე მადგება. მაგრამ ეს არ იყო ის განათლება, რაც უნდა მიიღოს სტუდენტმა და ეს არ არის ის ინვესტიცია, რომელიც გამართლებულად შეიძლება ჩავთვალო. არავინ არ გთხოვდა ლექციაზე სიარულს. უცნაური იყო ის, რომ ვსწავლობდი "პიარზე" და უფრო მეტად ჟურნალისტიკის საგნებს გვასწავლიდნენ. ახლა, უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ ჩავაბარებდი არც ერთ უნივერსიტეტში, თანხას დავამატებდი და საზღვარგარეთ ვისწავლიდი. ამჟამად დასაქმებული არ ვარ.

მარიამი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც. ვფიქრობ, ბაკალავრიატზე ჰუმანიტარულმა ფაკულტეტმა ძალიან დიდი ცოდნა მომცა. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაკულტეტია თსუ-ში. თუმცა, იყო ადმინისტრაციული სახის პრობლემები, რომელთაც მოგვარება ესაჭიროებათ. რაც შეეხება მაგისტრატურის პერიოდს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ნამდვილად ღირდა ამ უნივერსიტეტში სწავლა. იმ სპეციალობებზე, რომლებიც მრავალი წელია არსებობს, ბევრად უკეთესი სწავლებაა, რადგან გამოცდილი და პროფესიონალი პროფესორები ასწავლიან. ახალ პროგრამებს რაც შეეხება, ვფიქრობ, დახვეწას საჭიროებს. ვფიქრობ ამ შემთხვევაში ჩემი ინვესტიცია გამართლებული იყო. ახლა თარჯიმნად ვმუშაობ და ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 700 ლარია.

ნინო (საქართველოს უნივერსიტეტი) - საქართველოს უნივერსიტეტში იმ დროს ჩავაბარე, როცა გადასახადი 5000 ლარი იყო, გრანტიც მქონდა, რის გამოც შედარებით ნაკლებს ვიხდიდი. ძალიან ბევრმა ადამიანმა მირჩია ამ უნივერსიტეტში ჩაბარება. თუმცა, ახლა ძალიან ვნანობ, რომ ამდენი წელი 0,5 ქულაზე ვნერვიულობდი. ღამეები არ მეძინა და ისიც იმიტომ რომ შეიძლებოდა ქულა დამკლებოდა და მომიწევდა ამ საგნის თავიდან გავლა. ყველაზე ცუდი რაც არის, რომ საგნის საფასური თავიდან უნდა გადამეხადა, რაც 500 ლარს შეადგენდა. ახლა რომ ვფიქრობ 4 წლის განმავლობაში 22 000 მაქვს დახარჯული და ამ თანხით საზღვარგარეთ ვისწავლიდი. ამჟამად ერთ-ერთ მედია კომპანიაში ვმუშაობ და ჩემი ხელფასი 500 ლარია.

ნინა (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) - ვფიქრობ, ჩემი ინვესტიცია გამართლებულია რადგან, სწავლის დასრულების შემდეგ თავად უნივერსიტეტმა დამასაქმა და ანაზღაურებაც მშვენიერი მაქვს. ჩემი თვიური შემოსავალი 1500 ლარია. აქ ძალიან ბევრი სტუდენტია დასაქმებული. ლექტორები წლების განმავლობაში გაკვირდებიან და შემდეგ თავიანთ გუნდში გიღებენ. ჯერ არ მსმენია ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისგან, რომ აქაურობას ცოდნა არ მიუცია, მთავარია შენც გინდოდეს სწავლა და ხელი შეუწყო ლექტორებს. მე ორჯერ გაცვლითი პროგრამითაც ვიყავი, რამაც უდიდესი გამოცდილება მომცა.

მარიამ ლორთქიფანიძე

myquiz