01.03.2016 / 17:17
შრიფტის ზომა:

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებული ხანძრების რაოდენობა გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წელს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 8 160 ხანძარი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2015 წელს მსგავს შემთხვევათა რაოდენობამ 14 440 შეადგინა. რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობას, 2011 წელს დაიღუპა 45 ადამიანი, 2015 წელს კი 67.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა თბილისში დაახლოებით, ათი დღის წინ მოხდა, როდესაც ოსეთის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის დროს და რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევების დროს, ტრაგიკული შედეგები მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ?

კატასტროფის შედეგები შესაძლოა, გაცილებით მცირე იყოს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა კარგად ინფორმირებული იქნება და ეცოდინება პრევენციის მეთოდები.

რჩევები, რომელიც ხანძრის დროს უნდა გავითვალისწინოთ:

- თუ ღამე შენიშნეთ ხანძარი და არ გაქვთ სახანძრო სიგნალიზაცია, მიირბინეთ ფანჯარასთან ან გაიქეცით სადარბაზოში და დაიძახეთ"ხანძარია"!

- გააღვიძეთ ოჯახის წევრები და მეზობლები

- დარეკეთ 112-ზე და მიაწოდეთ მკაფიო ინფორმაცია ხანძრის ზუსტ ადგილზე: მისამართი, სართული და ბინის ნომერი

- თუ ხანძარი გაჩნდა თქვენი ბინის მხოლოდ ერთ ოთახში დახურეთ კარი და გამორთეთ შუქი. გამოიძახეთ სახანძრო დახმარება და მოახდინეთ თქვენი ოჯახის წევრების ევაკუაცია. მცირე ხანძრის შემთხვევაში სცადეთ მისი თვითონვე ჩაქრობა.

- ძლიერი ხანძრის დროს, დატოვეთ ბინა და დაკეტეთ ყველა ფანჯარა და კარები, რადგან ბინაში სუფთა ჰაერის ნაკადის შესვლა ხელს შეუწყობს ცეცხლის სწრაფ გავრცელებას.

- ევაკუაციის დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი შეგროვდეს ერთ ოთახში და მხოლოდ ყველას შეგროვების შემდეგ დატოვეთ ბინა

გახსოვდეთ! არ გამოიყენოთ წყალი აალებული ელექტროგაყვანილობის და ელექტროხელსაწყოების ჩასაქრობად, რადგან აღნიშნულმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს დენით დაზიანება. ბენზინის და ნავთობპროდუქტების ჩასაქრობად, რადგან ისინი ექცევიან წყლის ზედაპირზე და ამიტომ აღნიშნულმა მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება

- მზად იყავით ცეცხლისგან და კვამლისგან თავის დასაცავად, თუ არის დრო ჩაიცვით სქელი ქურთუკი და სქელძირიანი ფეხსაცმელი; პირზე და ცხვირზე აიფარეთ სველი ნაჭერი ან პირსახოცი

- ხანძრის დროს არასდროს ისარგებლოთ ლიფტით, რადგან კვამლი ადვილად აღწევს ლიფტის შახტაში და კაბინაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლიფტში მყოფების გაგუდვა

- თუ ცეცხლი უშუალოდ თქვენ არ გემუქრებათ (ხანძარი თქვენს ბინაში არ არის), მაშინ თქვენთვის ყველაზე უსაფრთხოა თქვენსავე ბინაში დარჩენა. კვამლის შეღწევის თავიდან ასაცილებლად დაკეტეთ კარები, ფანჯრები და ნაპრალები ამოქოლეთ სველი პირსახოცით.

- თუ გარეთ კვამლი არ დგას – გადით აივანზე, გამოიკეტეთ კარი და დაელოდეთ დახმარებას

 

როგორ ავიცილოთ თავიდან ხანძარი? დაიცავით შემდეგი წესები:

- გაიტანეთ ადვილად აალებადი საგნები – ძველი ჟურნალები, საღებავის კონტეინერები, გამხსნელები, ძველი ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც ინახება სარდაფში, ავტოფარეხში, სხვენში და ა.შ.

- რეგულარულად მოაწესრიგეთ და არ ჩახერგოთ სახანძრო კიბეები და გასასვლელები, რადგან უმეტეს შემთხვევებში ისინი წარმოადგენენ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების გადარჩენის ერთადერთ გზას.

- შეამოწმეთ თქვენი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის: ცეცხლმაქრების, სახანძრო სახელოების (შლანგები), ჰიდრანტების გამართულობა და გქონდეთ ისინი სამუშაო მდგომარეობაში

- ისწავლეთ თქვენ და ასწავლეთ თქვენი ოჯახის წევრებს ცეცხლმაქრის სწორად გამოყენება, რადგანაც ხანძრის შემთხვევაში არ გექნებათ ინსტრუქციების კითხვის დრო

- ასწავლეთ ბავშვებს ხანძრის შემთხვევაში დარეკონ 112-ზე

- შენობაში ხანძრის შენიშვნისას ან კვამლის არსებობისას დაუყოვნებლივ დარეკეთ სახანძრო-სამაშველო სამსახურში და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ეს უკვე სხვამ გააკეთა

- არასდროს გადააგდოთ ჩაუმქრალი სიგარეტი ფანჯრიდან ან აივნიდან, რადგანაც არსებობს თქვენს ქვემოდ მდებარე ბინის ოთახში ან აივანზე მისი მოხვედრის და ხანძრის გამოწვევის დიდი ალბათობა