სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი - რა უნდა გავაკეთოთ კიბოს პრევენციისთვის | Allnews.Ge

სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდი - რა უნდა გავაკეთოთ კიბოს პრევენციისთვის

აშშ-ში მეცნიერების ჯგუფმა კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი - რევოლუციური თერაპია წარმოადგინა. აღნიშნულის შესახებ მეცნიერებმა ამერიკული ასოციაციის სამიტზე განაცხადეს.

კვლევის თანახმად, როდესაც მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებულ ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული იმუნოუჯრედებით უმკურნალეს, 90% შემთხვევა დადებითი შედეგით დასრულდა. როგორც ექიმების გუნდის წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი სტენლი რიდელი ამბობს, ახალმა თერაპიამ უშველა იმ პაციენტებსაც, რომლებიც სხვა ტრადიციულმა მეთოდებმა ვერ განკურნა.

ამავე დროს, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ამ მეთოდმა ზოგიერთი პაციენტი ვერ განკურნა, ამიტომ კვლევა დამატებით ტესტებს საჭიროებს.

არის თუ არა დადებითი შედეგის მომტანი ზემოთ აღნიშნული და მსგავსი ტიპის კვლევები და რა უნდა გავითვალისწინოთ სიმსივნის თავიდან ასაცილებლად, ALLNEWS.GE თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის დამფუძნებელს, გიორგი გაბუნიას ესაუბრა.

- არსებობს რანდომიზებული კვლევა, რომელიც არის უფრო სარწმუნო. ამ კვლევის ფარგლებში, პაციენტების ერთ ჯგუფს უტარდება გარკვეული მანიპულაცია, ხოლო მეორე ჯგუფს უტარდება ჩვეულებრივი, ბანალური მკურნალობა და ამის შემდეგ ხდება შედეგების შედარება. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, ასეთი ათასობით კვლევა ტარდება, ამიტომ რთულია, ერთი კვლევით ვიმსჯელოთ რაღაცაზე. ძალიან ხშირია, როცა აღმოაჩენენ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ მედიკამენტს ან მეთოდს, თუმცა სამწუხაროდ ეს მეთოდი ხშირად იკარგება და არ გამოდის დღის სინათლეზე. სიმსივნე ძალიან ვერაგი დაავადებაა და საჭიროა ერთობლივ ღონისძიებათა კომპლექსი, რომ მასთან ბრძოლა იყოს ეფექტური.

- რა განსხვავებაა კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეს შორის?

-ავთვისებიანი სიმსივნე არის ის, რომელიც აგრესიულად იზრდება, იჭრება სხვა ქსოვილებში და იძლევა მეტასტაზებს. კეთილთვისებიანი სიმსივნე ადგილობრივად იზრდება. ზოგი ისეთი კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ადგილობრივად აგრესიულია და ე.წ. რეციდივებში იზრდება, რომ ამოკვეთო შეიძლება ხელმეორედ განვითარდეს.

-რომელ სტადიაზეა სიმსივნე სიცოცხლისთვის საშიში?

-გააჩნია თვითონ რომელი ორგანოს სიმსივნეა და რომელი სტადიაა. სიმსივნის მკურნალობაში სტადიას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ყველაზე დიდი იარაღი კიბოსთან ბრძოლის არის მისი ადრეულ სტადიებზე გამოვლენა და პრევენცია, რომელიც ხორციელდება სკრინინგის პროგრამების საშუალებით. მაგრამ სკრინინგს ვერ ჩაუტარებ ყველა სახის კიბოს იმიტომ, რომ ძირითადად ხდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის სიმსივნეების სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა.

- სიმსივნე ნებისმიერ ორგანოზე საშიშია, თუმცა ყველაზე საშიში მაინც რომელ ორგანოზე გამოვლენილი სიმსივნეა?

- ამაზე პასუხი ძალიან რთულია იმიტომ, რომ ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ სიმსივნედ ითვლება მელანომა, რომელიც არის პიგმენტური ხალი და ყველაზე სწრაფად იძლევა მეტასტაზებს ძვლებში, შინაგან ორგანოებში და შესაბამისად, იწვევს დაზიანებებს. აგრესიულად ითვლება პროსტატაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროსტატის სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიებზე დაიწყეს, ახლა უკვე განკურნებადად შეიძლება ჩაითვალოს.

ქალებში ყველაზე უფრო გავრცელებულია ძუძუს კიბო, გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში, მეორე ადგილი უკავია საშვილოსნოს ყელის კიბოს. კაცებში ფილტვის კიბო უალტერნატივოდ პირველ ადგილზეა, მერე მოდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ა.შ.

-რომელი ასაკიდან ვლინდება კიბო?

-ასაკი არის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი და სკრინინგიც სწორედ მაგაზეა დამოკიდებული, რომ რისკ-ფაქტორად ითვლებიან იმ ასაკის ადამიანები, სადაც უფრო ხშირად ხდება ამ დაავადების დეტექცია, ქალებში ეს არის 40-დან 65-წლამდე, მაგალითად, ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ხოლო საშვილოსნოს ყელის შემთხვევაში 24-დან 40-წლამდე. ხომ ხედავთ რამხელა სხვაობაა, იმიტომ, რომ საშვილოსნოს ყელის პაპილომა ვირუსი, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს, პრაქტიკულად გადაედება კაციდან ქალს, კაცებში ის აგრესიული არ არის და ითვლება, რომ როცა ქალი სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას იწყებს, მაშინ უფრო ხვდება რისკ-ჯგუფში.

კიბოსთან ბრძოლის ყველაზე წარმატებული მეთოდი დღესდღეობით მსოფლიოში არის მისი ადრეული დიაგნოსტიკა, შემდგომში ერთვება ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის უკვე აშშ და ევროპაც გადადის ნანოტექნოლოგიებზე.

-არ ვიცით ვის რა აღმოგვაჩნდება, მაგრამ როგორ შეიძლება სიმსივნის პრევენცია, რა უნდა გავითვალისწინოთ?

-ჯანსაღი ცხოვრების წესი არის პირველი რჩევა, სწორი კვება. განვითარებად ქვეყნებში უფრო ხშირია ეს დაავადებები და 2050 წლისთვის კიბო სიკვდილიანობით გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა პათოლოგიებს გადაასწრებს და პირველი "მკვლელი" იქნება. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვი უკვე განახევრებულია, განვითარებად ქვეყნებში პირიქით ხდება და უფრო და უფრო მეტი შემთხვევა ვლინდება, - ამბობს გიორგი გაბუნია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიურად იზრდება სიმსივნის გამოვლენა ადამიანებში.

მაგალითად 2010 წელს პირველად დადგენილი დიაგნოზით სიმსივნე აღმოაჩნდა 11 000 ადამიანს, 2011 წელს ეს რიცხვი იყო 10 000, 2012 წელს კვლავ 11 000, 2013 წელს გაიზარდა 18 000-მდე, ხოლო ბოლო, 2014 წლის მონაცემით რიცხვი 25 000-მდე გაიზარდა.

საქართველოში არსებობს სიმსივნის დიგნოსტირების უფასო სახელმწიფო პროგრამები, მაგალითად სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ:

ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლამდე (ითვალისწინებს მამოგრაფიას და საჭიროების შემთხვევაში - მამოლოგის კონსულტაციას, ციტოლოგიას ან ექოსკოპიას)

საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლამდე (ითვალისწინებს პაპ-ტესტს და საჭიროების შემთხვევაში - კოლპოსკოპიას)

მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70 წლამდე (ითვალისწინებს ტესტს ფარულ სისხლდენაზე)

პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70 წლამდე (ითვალისწინებს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტს).

ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვებ-გვერდზე მოცემულია იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალიც, სადაც სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები ტარდება თბილისსა და რეგიონებში.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz