საკმარისია თუ არა საქართველოს უნივერსიტეტებში მიღებული განათლება დასაქმებისთვის | Allnews.Ge

საკმარისია თუ არა საქართველოს უნივერსიტეტებში მიღებული განათლება დასაქმებისთვის

განათლების სისტემის უარყოფით მხარეებზე საქართველოში ხშირად საუბრობენ. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი უმაღლესი განათლების პროგრამების დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაა. საინტერესოა, აძლევენ თუ არა უნივერსიტეტები ახლაგაზრდებს იმ ცოდნას, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთვრებული, თამარ ოღაძე ALLNEWS-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია:

"ამჟამად ვმუშაობ მაღაზიის მენეჯერად, რაც ჩემს პროფესიასთან არანაირ კავშირშია. უნივერსიტეტი, ვფიქრობ თეორიულ განათლებას უფრო გაძლევს და მცირე დოზით პრაქტიკას. როცა მუშაობას იწყებ, პირიქით - პრაქტიკა მეტად გჭირდება, ვიდრე თეორია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციების მოთხოვნაა აიყვანონ მხოლოდ გამოცდილი კადრი. თუ გამოცდილება არ გაქვს, რთულია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიით დასაქმდე. ამიტომ, იძულებული ვარ ვაკეთო ის საქმე, რაც არც ჩემი პროფესიაა და არც ინტერესის სფერო” - ამბობს თამარ ოღაძე.

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტი, კლეოპატრა ქარუმაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს განათლების სისტემა სრულიად აცდენილია დამსაქმებლის მოთხოვნებთან:

"ჩვენი განათლების სისტემა კავშირშიც კი არ არის იმასთან, რასაც დამსაქმებელი გვთხოვს. ლექტორების პროფესიონალიზმიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არსებობენ ლექტორები, რომლებსაც თავის სფეროში არ უმუშავიათ. სტუდენტები წრეზე ვტრიალებთ წლების განმავლობაში. ვიზუთხავთ თეორიულ მასალას, მივდივართ დამსაქმებელთან, ისინი გვთხოვენ არარსებულ გამოცდილებას, ვბრუნდებით უნივერსიტეტში და ვაგრძელებთ თეორიული მასალის სწავლას", - ამბობს კლეოპატრა ქარუმაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, გიორგი გახელაძე ამბობს, რომ საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების სისტემა და დასაქმების ბაზარი არ შეესაბამება ერთმანეთს, რისი მთავარი მიზეზიც მისი თქმით, სწორედ მხარეებს შორის ურთიერთკავშირის დეფიციტია.

"სახელმწიფოს ფუნქცია არის იმ საკომუნიკაციო ველის შექმნა, რომელიც დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ჩვენთან ახალგაზრდების განათლების სივრცეები გადანაწილებულია ზოგად განათლებაზე (სკოლაზე) და უმაღლეს, საუნივერსიტეტო განათლებაზე იმ დროს, როდესაც ჩვენნაირ ქვეყნებში შრომის ბაზარი უფრო მეტად ითხოვს პროფესიული განათლების მქონე ენერგიულ ახალგაზრდებს", - აღნიშნავს გიორგი გახელაძე.

”სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის” მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც აკადემიური პროგრამების დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით ჩატარდა, აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი საკუთარი სპეციალობით არ მუშაობს. 700 დასაქმებულ კურსდამთავრებულს შორის 36% აცხადებს, რომ მისი ძირითადი პროფესიით არის დასაქმებული, 33 % კი აღნიშნავს, რომ ამჟამად თავისი სპეციალობით არ მუშაობს. კვლევის შედეგების მიხედვით, ძირითადი სპეციალობით დასაქმებული რესპონდენტების უმრავლესობის (70%) აზრით, მათი ამჟამინდელი სამუშაო იმაზე მეტ ცოდნასა და უნარებს საჭიროებს, ვიდრე უნივერსიტეტში სწავლის შედეგად მიიღეს.

ამავე ინფორმაციით, გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში დასაქმების შემაფერხებელი ფაქტორებია შეზღუდული სამუშაო ადგილები, სამუშაო გამოცდილების არქონა და ნეპოტიზმი.

თამარ კორკოტაშვილი

 

myquiz