ცვლილებები, რომელიც წელს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება | Allnews.Ge

ცვლილებები, რომელიც წელს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება

 გადატვირთული ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები თბილისის მოუგვარებელ პრობლემად იქცა. საინტერესოა, რა გაკეთდება 2016 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაუმჯობესებლად და შეძლებენ თუ არა მოქალაქეები კომფორტულად იმგზავრონ. allnews.ge ყველა იმ სიახლეს გთავაზობთ, რომელიც 2016 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის გასაუმჯობესებლად იგეგმება.

თბილისის მეტრო: თბილისის მერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას გეგმავს. მოდერნიზების პროცესი უკვე დაწყებულია. სწორედ ამის შედეგია შედარებით ახალი, წითელი ინტერიერით გაწყობილი ვაგონები, რომლებმაც ძველი ვაგონების უმრავლესობა უკვე ჩაანაცვლა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2016 წელს, კიდევ 19 ვაგონი განახლდება.

ასევე იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია. მეტროსედგურების ჩამონათვალი, რომლებსაც 2016 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასე გამოიყურება:

ახმეტელის თეატრი, ვარკეთილი, სადგურის მოედანი 1, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი. კაპიტალურად შეკეთდება რუსთაველის მეტროსადგური.

"სატრანსპორტო კომპანია გეგმავს მეტროსადგურ რუსთაველის კაპიტალურ შეკეთებას. პროექტის მიხედვით, რუსთაველის სადგურს უნდა შეუნარჩუნდეს ძველი არქიტექტურული იერსახე. სადგურის განახლების ფარგლებში მოხდება ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, ელ-მომარაგებისა და წყლის გადაყვანის სისტემების რეაბილიტაცია, სატელეფენო, სატელევიზიო და კომპიუტერული ქსელების დაცვითი სისტემების (სიგნალიზაცია და ვიდეო მეთვალყურეობა), სახანძრო უსაფრთოების სისტემის სრული რეაბილიტაცია", - აღნიშნავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის ავტობუსები: თბილისის მერიის ინფორმაციით, 2016 წელს EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ავტობუსები შემოვა.

"ეს იქნება საუკეთესო ავტობუსები, რომლებიც თბილისში შემოვა. თბილისის მერია მუშაობს შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, გაუმჯობესებასა და ადაპტაციაზე. ავტობუსებიც ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით არის შერჩეული", - აღნიშნავენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.

სამარშრუტო ტაქსები: მათზე პასუხისმგებლობა კომპანიას "თბილისის მიკროავტობუსს" აკისრია. კომპანიაში აცხადებენ, რომ გადავსებული სამარშრუტო ტაქსები სატრანსპორტო საშუალების სიმცირით არ არის გამოწვეული. თუმცა, რამდენიმე ათეული სამარშრუტო ტაქსი საერთო რაოდენობას მაინც დაემატა.

"ჩვენ რაღაც პერიოდი კატეგორიულად ავკრძალეთ ფეხზემდგომი მგზავრის დაშვება სამარშრუტო ტაქსიში, მაგრამ ამან ძალიან კონფლიქტური სიტუაცია გამოიწვია მძღოლებსა და მგზავრებს შორის. ეს არ ხდება სამარშრუტო ტაქსების ნაკლებობის გამო, ეს ხდება საცობების გამო. იმის გამო, რომ მათი გრაფიკი ირღვევა ქალაქში არსებული საცობის გამო. როგორც კი ეს პრობლემა კომპლექსურად დარეგულირდება, მგზავრთა ფეხზე დგომის პრობლემაც აღარ იარსებებს", - აღნიშნავს თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენელი, ნათია ქებურია.

საბაგირო: 2016 წელს კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაციაც იგეგმება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, გარემონტდება ორივე (ქვედა და ზედა) შენობა, დამონტაჟდება ახალი გონდოლებისა და საბაგირო გზის მართვის პულტის სისტემა და შეიცვლება გამწევი ბაგირი. ასევე, ახალი საბაგირო გზა სრულიად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გაურკვეველია, როდის გამოცხადდება კუს ტბის საბაგიროს რებილიტაციასთან დაკავშირებული ტენდერი.

საცობების პრობლემა თბილისში: თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში საცობების განსატვირთად მერია რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს:

1. პუშკინის ესტაკადის მშენებლობა.

2. მეტეხის ორივე საგვირაბო კომპლექსის კაპიტალური რეაბილიტაცია;

3. კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.

4. სამებისა და მახათას მთის დამაკავშირებელი გზის გაყვანა.

5. მიმდინარეობს მუშაობა სადისტრიბუციო კომპანიებთან, რათა მათი გადაადგილება გარკვეულ რეგულაციებში მოექცეს.

6. კახეთის გზატკეცილის დაკავშირება თბილისის ზღვასთან.

თამარ კორკოტაშვილი

myquiz