საქართველოს 395 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია | Allnews.Ge

საქართველოს 395 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა იმ სკოლების რაოდენობა, სადაც გრიპის ვირუსის პრევენციის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროისთვის სასწავლო პროცესი დიდთოვლობის გამო 200 და გრიპის ვირუსის გამო 195 სკოლაშია შეწყვეტილი.

"როგორც იცით, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სკოლებში, სადაც გაცდენების საშუალო მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებდა, დროებით შეჩერებულიყო სასწავლო პროცესი. მონაცემების დამუშავების შედეგად, დღის მეორე ნახევარშიც განათლების სამინისტრო შეაგროვებს მონაცემებს, რომლის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილებები. გუშინდელთან შედარებით მოიმატა ასეთი სკოლების რაოდენობამ, თუმცა ეს არ არის საგანგაშო რაოდენობა. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მონაცემები, მიიღება გადაწყვეტილებები და იმ სკოლებში, სადაც 20%-ზე მეტია გაცდენის მაჩვენებელი, დროებით შეჩერდება სასწავლო პროცესი", - განმარტა გიგაურმა.

რაც შეეხება დიდთოვლობის გამო რეგიონებში სასწავლო პროცესის შეჩერებას, გიგაურის განცხადებით, აქ პოზიტიური დინამიკაა და ქედის რაიონის 4 სკოლაში დღეს უკვე აღდგენილია სასწავლო პროცესი.

"სხვა რაიონებში დამატებით მსგავსი პრობლემები არ გამოვლენილა, ამიტომ მეტეოროლოგიური პირობების გამო 204 სკოლის ნაცვლად რეგიონებში დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული იქნება 200 სკოლაში", - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, სწავლის პროცესი მინისტრის ბრძანებით, დასახელებულ სკოლებში 3 დღითაა შეწყვეტილი. თუ როდის მოხდება აღდგენა, ლია გიგაურის განმარტებით, ეს სკოლამ უნდა გადაწყვიტოს შაბათი დღეების ხარჯზე.

როგორც ლია გიგაურმა აღნიშნა, დიდთოვლობის გამო 204 სკოლაში იყო სწავლის პროცესი შეჩერებული, მათგან 4 სკოლაში პროცესი განახლდა, ხოლო მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებლის 20%-ზე მეტი რაოდენობის გამო სწავლის პროცესი შეწყვეტილი იყო 180 სკოლაში და დღეის მონაცემებით მას კიდევ 15 სკოლა დაემატა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი მონაცემების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროს ვებ-გვერზე დაიდება.

myquiz