26.02.2016 / 12:58
შრიფტის ზომა:

არსებობს თუ არა საქართველოში ვულკანების ამოფრქვევის საფრთხე

აზერბაიჯანში ცოტახნის წინ, ვულკანი "ახტარმა-ფაშალი" ამოიფრქვა. ამოფრქვევა რამდენიმე საათს გაგრძელდა. "ახტარმა-ფაშალი" აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ვულკანია, რომელიც პირველად 1984 წელს ამოიფრქვა. სტიქიას დამანგრეველი შედეგი არ მოყოლია.

გეოლოგებმა უკვე დაიწყეს შესწავლა, თუ რამ განაპირობა ვულკანის აქტიურობა.

ვულკანები ადამიანების უმეტესობისთვის საფრთხესთან ასოცირდება. მსოფლიოში ასეულობით მოქმედი თუ ჩამქრალი ვულკანია. კავკასია ამ მხრივ, შედარებით მშვიდი რეგიონია. ოდესღაც ამოფრქვეული ვულკანები დღეს საქართველოს ლანდშაფტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თუმცა, საინტერესოა, არსებობს თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე და როგორია გეოლოგების პროგნოზები.

"ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის" გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსის ლაშა სუხიშვილის თქმით, კავკასიაში ვულკანიზმის გააქტიურება დაახლოებით 7-8 მილიონი წლის წინ დაიწყო. მაშინდელი ვულკანების ყველაზე დიდი გამოვლინება სამხრეთ საქართველოში, მცირე კავკასიონზეა. განსაკუთრებით კი სამცხისა და აჭარის საზღვარზე, გოდერძის უღელტეხილთან. ვულკანიზმის შემდეგი გააქტიურება, რომელიც შედარებით მცირე მასშტაბის იყო, 3 მილიონი წლის წინ დაფიქსირდა და ის ისევ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიას უკავშირდება. ყველაზე ძლიერი გამოვლინება ახალქალაქის მიდამოებში აბულ-სამსარის ქედზე იყო.

"ბოლო 11 ათასი წლის განმავლობაში დადასტურებული ვულკანური აქტივობები გვაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

ასევე, ყელის მასივზე, რომელიც დღეს ოკუპირებულია (ე.წ სამხრეთ ოსეთი). მეოთხეული ვულკანები გვაქვს ჯავახეთში, აბულ-სამსარის ქედზე. ესენი ტურისტულადაც საინტერესო ადგილებია.

რამდენიმე ვულკანს (შავნაბადა, თავკვეთილი) კრატერებიც კი აქვს შემორჩენილი და ზოგჯერ ტბაც დგება შიგნით, რაც იმის ნიშანია, რომ შედარებით ახალი წარმოქმნილია, რადგან ეროზიამ ჯერ ვერ მოასწრო მისი დაშლა", - აღნიშნავს ლაშა სუხიშვილი.

რაც შეეხება მყინვარწვერს, სუხიშვილი აღნიშნავს, რომ მისი ბოლო ამოფრქვევა შუა პლეისტოცენში უნდა მომხდარიყო, თუმცა, მის ფერდებზე არსებული ე.წ. პარაზიტი ვულკანები საკმაოდ ახლებია:

"სმიტსონიანის მონაცემთა ბაზის მიხედვით, უახლესი ძვ. წ. მე-8 საუკუნეში ამოიფრქვა. ეს არის ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი სავარაუდო უშუალო შეხება თანამედროვე ადამიანსა და ვულკანების პირდაპირ გამოვლინებას შორის. ამასთან, კვლევების მიხედვით, იალბუზსა და მყინვარწვერზე ვულკანური გაზები კვლავ გამოიყოფა".

ვულკანური აქტივობა კავკასიაში უფრო და უფრო მცირდება, ამიტომ საქართველოს მოსახლეობას ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ აქვს. თუმცა, მიძინებულ ვულკანებს შეუძლიათ მცირე მიწისძვრების პროვოცირება. ეს კი, ლაშა სუხიშვილის თქმით, შესაძლოა, მეწყრული პროცესების ხელშემწყობი გახდეს.

ვულკანური პროცესების კონტროლი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ მნიშვნელოვანი ვულკანების შესწავლისა და მონიტორინგის შედეგად მისი ამოფრქვევის გარკვეული ალბათობით პროგნოზირება შესაძლებელია.

თამარ კორკოტაშვილი