რა გზის გავლა უწევთ უცხოელებს და მათ შვილებს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად | Allnews.Ge

რა გზის გავლა უწევთ უცხოელებს და მათ შვილებს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად

არაერთი უცხოელი ხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ალბათ საინტერესოა, რა გზის გავლა უწევთ მათ ამისთვის. ზოგადად, როგორ ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, ამ თემის გარშემო არსებულ კითხვებს იოსებ გიორგაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი პასუხობს:

- უპრველეს ყოვლისა, ამას ყველაფერს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. მოქალაქეობის შესახებ ჩანაწერს საქართველოს კონსტიტუცია მოიცავს, ასევე არსებობს ორგანული კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ და პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელშიც ზუსტად ის პროცედურები და მოთხოვნებია გაწერილი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად არის საჭირო.

უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად პირველ რიგში განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას, ეს არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საბოლოო გადაწყვეტილებას კი საქართველოს პრეზიდენტი იღებს.

მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება სხვადასხვა პროცედურით შეუძლია. მაგალითად, ეს არის გამარტივებული წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს შეუძლია მოგვმართოს განცხადებით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეობას მოიპოვებს, დათმოს პირვანდელი მოქალაქეობა. გარდა ამისა, არსებობს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით, როცა პირი უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა მოთხოვნას: საქართველოში ლეგალურად 2 წელი უნდა ცხოვრობდეს, უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი, ფლობდეს უძრავ ქონებას, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, - ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია მოგვმართოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით. გარდა ამისა, არსებობს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურა, - ეს იგივე ორმაგი მოქალაქეობაა.

- ე.ი. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება საქართველოს მოქალაქეობა, თმობს ხომ თავისას?

- საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყანაში წარდგენილია შემდეგი მოქალაქეობის პინციპი, - საქართველოს მოქალაქე პარალელურად ვერ იქნება სხვა ქვეყნის მოქალქე. გამონაკლის ადგენს ისევ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ საგამონაკლისო შემთხვევაში, თუ პირს აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის წინაშე, ან მის მიმართ არსებობს სახელმწიფო ინტერესი, შეიძლება განსაკუთრებული სახით მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. ასეთ დროს და არა მარტო ასეთ დროს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების სხვა შემთხვევებშიც, როგორც გითხარით, განცხადება შემოაქვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რომელიც შეიძლება ჩაბარდეს იუსტიციის სახლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში, ან საზოგადოებრივ ცენტრებში. განცხადების მიღების შემდგომ, მას განიხილავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახური. საგამონაკლისო წესით მინიჭების დროს განიხილავს მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის კომპეტენციაში შედის პირის შესაბამისობა კონსტიტუციის მე-12 მუხლით დადგენილ პირობებთან.

- ანუ კომისიამ უნდა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა პირი ამ მოთხოვნებს, - ეს მოთხოვნებია სახელმწიფო ინტერესი, ან პირის დამსახურება ქვეყნის წინაშე?

- დიახ, როგორც გითხარით, არსებობს მოქალაქეობის მიღების სხვა შემთხვევებიც. გარდა ამისა, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მაგალითად, დადგენილების მიხედვით, უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, სამართლის საფუძვლები და საქართველოს ისტორია (დადგენილი ფორმით). ამასთან, არსებობს სპეციალური ტესტები, რომელიც შესაბამისი კვალიფიკაციის პირების მიერ არის შედგენილი და კომისის ოქმითაა დამტკიცებული. სწორედ ამ ტესტებით განისაზღვრება ადამიანის ცოდნა ისტორიაში, სამართალსა და ქართულ ენაში.

- თუ ვერ დააკმაყოფილა კანონოთ დადგენილი მოთხოვნები, რა ხდება?

- ცალსახად დაწერილ საკანონმდებლო აქტებში მითითებულია რამდენი ქულა უნდა აიღოს, თუ ვერ დააგროვა სათანადო ქულა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ეთქმევა. შეუძლია შემდეგში განმეორებით მოგვმართოს და განმეორებით გაიაროს ეს ტესტები. ეს აუცილებელი მოთხოვნაა იმისთვის, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული წესები არ ეხება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას.

- საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიღება იგივე ორმაგი მოქალაქეობაა, არა?

- დიახ. გარდა ამისა, არსებობს მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძვლები - აღსრულებაზე გაწერილი ორგანულ კანონში მოქალაქეობის შესახებ და რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს, მაგალითისთვის, თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და მსგავსი ტიპის დანაშაულებები (მძიმე დანაშაულებები უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევა).

- უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოს მოქალაქე გახდება, რაიმე პრივილეგიით ხომ არ სარგებლობს?

- მას მერე, რაც პირი საქართევლოს მოქალაქეობას მოიპოვებს, მის მიმართ ყველა ის მოთხოვნა-ვალდებულება ვრცელდება, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეზე. საერთოდ, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს მოქალქეების მიმართ განსხვავებულ პრივილეგიებს, ან განსხვავებული ვალდებულებებით შეზღუდვებს. ასეთი გამონაკლისები არ არსებობს.

- მათი მცირეწლოვანი შვილებიც ავტომატურად ხდებიან მოქალაქეები?

- მათი შვილები ავტომატურად საქართველოს მოქალაქეები ვერ ხდებიან, ამას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. როგორც გითხარით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებიდან ნატურალიზაციით. თუ შემდგომ შეეძინებათ შვილები, ბუნებრივია, ისინი საქართველოს მოქალაქეები გახდებიან, მაგრამ უკვე დაბადებულ შვილებზე ისინი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მოიპოვებენ.

- რამდენად ხშირია უცხოელების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით მომართვის ფაქტები?

- როგორც გითხარით, საქართველოში მოქალაქეობის მიღებას რამდენიმე საკანონმდებლო აქტი არეგულირებს, ყველა პროცედურა მკაცრად არის გაწერილი, რომელსაც ჯერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საბოლოოდ, პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერი ბუნებრივია საკანონმდებლო ჩარჩოში არის მოქცეული და ძალიან დეტალურად არის განსაზღვრული, თუ რა ნაბჯები და რა პერიოდულობით უნდა გადაიდგას. ამასთან, როგორც გითხარით, საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად, არის სხვადასხვა პროცედურა, გარდა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა. დანარჩენ ყველა შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ჯერ უარი უნდა თქვას თავის მოქალაქეობაზე, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე გახდება. თუმცა საქართველოს კანონმდებლობა მათ იმის საშუალებას აძლევს, რომ მომართვის პერიოდში, მაშინვე უარი არ თქვან თავიანთ მოქალაქეობაზე, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, - იმ პერიოდში საშუალება აქვთ, შეინარჩუნონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

myquiz