"მამა ყოველდღე ანთებდა სანთელს ჩემს სახელზე. ჩემი ისტორია ფილმს ჰგავს"- ამერიკაში გაშვილებული გოგონას საოცარი ისტორია | Allnews.Ge

"მამა ყოველდღე ანთებდა სანთელს ჩემს სახელზე. ჩემი ისტორია ფილმს ჰგავს"- ამერიკაში გაშვილებული გოგონას საოცარი ისტორია

ეზრა ფრიმენს სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი კარგად იცნობს. ამერიკაში მცხოვრები გოგონა საქართველოზე ვიდეოებს ხშირად დებს და ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევა. ერთ-ერთ ვიდეოში ის საუბრობს, რომ სინამდვილეში ქართველია და მისი ნამდვილი სახელი ნატა გვასალიაა.

maxresdefault-1698493024.jpg

გადაცემაში "სხვა რაკურსი" ის საკუთარ ისტორიას ჰყვება.

"მე ვარ ეზრა ფრიმენი და გვასალია ერთდროულად. მე ზუგდიდიდან ვარ. ტრადიცია, საჭმელი, ჩემი ოჯახი... ძალიან ძალიან ძალიან მიყვარს ზუგდიდი.

დავიბადე თბილისში. 6 თვის ვიყავი, როდესაც ჩემს ამერიკელ მშობლებთან მოვხვდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს ჩემთან შეხვედრა არ უნდოდა. ვიცოდი ისიც, რომ არსებობდა ასეთი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ერქვა.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამერიკელ მშობლებს. ისინი ფანტასტიკური ადამიანები არიან. მე მათ საუკეთესო ცხოვრება მაჩუქეს. არასოდეს დაუმალავთ რომ ნაშვილები ვიყავი. ისინი ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მე ლამაზი საქართველოდან ვიყავი. და ისინი ყოველთვის მომცემდნენ უკან დაბრუნების საშუალებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ბედნიერი ცხოვრება მქონდა, სულ ვიცოდი, რომ ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებოდი. ჩემი ისტორია ფილმს ჰგავს.

2022100611361715626-1698492870.jpg

ეზრა ამერიკელ მშობლებთან ერთად

მე მყავს ორი ბიძაშვილი, რომლებიც ასევე ნაშვილები არიან. ერთი საქართველოდან, მეორე კი უკრაინიდან. დროთა განმავლობაში ჩვენი ცნობისმოყვარეობა იზრდებოდა. პირველად 2018 წელს გავიკეთე დნმ-ის ტესტი, სადაც დამიდასტურდა, რომ ქართველი ვიყავი. ერთხელ ჩემი მეგობრის მამამ ჩემს საბუთებში ჩაიხედა. თურმე იქ ქართულად ეწერა ჩემი ნამდვილი დედ-მამის სახელი და გვარი, ისიც, რომ მე წარმოშობით საქართველოდან, კონკრეტულად კი ზუგდიდიდან ვიყავი.

ჩემმა შეყვარებულმა ისინი სოციალურ ქსელში იპოვა. მე რამდენიმე დღე პერიოდულად შევდიოდი მათ გვერდზე, ვათვალიერებდი მათ ფოტოებს, მაგრამ ვერ ვბედავდი მიწერას. ამ ამბიდან ცოტა ხანში ჩემი ბიძაშვილი დამიკავშირდა, ისიც აქტიურად იყო ჩართული თავისი ოჯახის მოძიების საკითხში.

befunky-collage-4-scaled-1698492928.jpg

მან გაარკვია, რომ თურმე ჩემი ბიოლოგიური მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ ჩემს მოძებნას. მე მათ ვახსოვდი. მათთან შეხვედრა იყო საოცარი. თითქოს ჩვენ არასდროს დავშორებივართ. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, ჩვენ უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. მე ყოველთვის გამოვირჩეოდი განსაკუთრებული ენერგიით და ვიცოდი, რომ ეს არა ამერიკული, არამედ ქართული ხასიათი იყო.

პირველად თბილისში ჩავფრინდი. ვემზადებოდი ჩემს ოჯახთან შესახვედრად. ეს იყო და დარჩება ყველაზე საოცარ დღედ ჩემს ცხოვრებაში. მე ასეთი უპირობო სიყვარული უცხო ადამიანებისგან არასოდეს განმიცდია. ყველაზე ემოციური მაინც მამასთან შეხვედრა იყო. მან მითხრა, რომ ამ წლების განმავლობაში ყოველდღე ანთებდა სანთელს ჩემს სახელზე. მე მყავს გადარეული ამერიკული მშობლები და გადარეული ქართველი მშობლები. მე ახლა მყავს ყველაზე დიდი ოჯახი და რაც მთავარია, ამ ოჯახის ყველა წევრს მერთმევიან უყვარს. ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ დედამიწაზე."- აცხადებს ის.