თავის ქალა, რომელმაც მეცნიერება თავდაყირა დააყენა! -რას წერდა გავლენიანი სამეცნიერო ჟურნალი დმანისის აღმოჩენის შესახებ? | Allnews.Ge

თავის ქალა, რომელმაც მეცნიერება თავდაყირა დააყენა! -რას წერდა გავლენიანი სამეცნიერო ჟურნალი დმანისის აღმოჩენის შესახებ?

გთავაზობთ ჟუნრალ Science-ის 2013 წლის სტატიას საქართველოში უნიკალური აღმოჩენის შესახებ.

საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. 2013 წლის 18 ოქტომბერს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია სახელწოდებით ,,სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია", რომლის ავტორები არიან ქართველი მეცნიერები: დავით ლორთქიფანიძე, აბესალომ ვეკუა და ანი მარგველაშვილი, თანაავტორები კი სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენელი უცხოელი მეცნიერები: ფილიპ რაიტმაიერი (ჰარვარდის უნივერსიტეტი), კრისტოფ ცოლიკოფერი, მარსია პონცე ლეონი (ციურიხის უნივერსიტეტი) და იოელ რაკი (თელ-ავივის უნივერსიტეტი).

science2013342issue-6156-1694849179.largecover.jpg

ამ სტატიის შინაარსი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა გამოცემა Science-მ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სამეცნიერო ჟურნალია და ყოველკვირეულად აქვეყნებს მსოფლიო მეცნიერული კვლევების შედეგებს, დმანისის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას თავისი გარეკანიც დაუთმო. ამ აღმოჩენის შესახებ დაიწერა "ნიუ-იორკ თაიმსის", "გარდიანის" "დეილ მეილის" ფურცლებზე, მოვლენა გაშუქდა BBC-ისა და CNN-ის ეთერით.

aaa-1694849354.png

ისიც უნდა ითქვას, რომ დმანისის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას ჟურნალი უკვე მესამედ უძღვნის ვრცელ სტატიას. უკანასკნელი აღმოჩენა თავისი მნიშვნელობით წინამორბედებს აჭარბებს კიდეც...

სტატიაში განხილულია ახალი (მეხუთე) თავის ქალა, რომლის ლაბორატორიულმა დამუშავებამ და უახლესი მეთოდების გამოყენებით მეცნიერულმა კვლევამ რვა წელს გასტანა. ეს უძველესი ნაშთი 2005 წლის არქეოლოგიური გათხრებისას იპოვეს 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ გეოლოგიურ ფენაში. თავის ქალა იმავე ინდივიდისაა, რომელსაც 2000 წელს აღმოჩენილი ქვედა ყბა ეკუთვნოდა. მკვლევრებმა - გიორგი ნიორაძემ და გოჩა კილაძემ, რომლებიც გათხრებზე მუშაობდნენ, პირველად აიღეს ხელში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალა, თუმცა მთავარი სათქმელი მეცნიერული კვლევის შემდეგ უნდა თქმულიყო...

და აი, რვა წელი მუშაობდნენ და ელოდნენ შედეგს ქართველი მეცნიერები. შედეგმა მსოფლიო შეძრა. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გვითხრა: "ეს არის აღმოჩენა, რომელიც ეყრდნობა ყველაზე სრულყოფილ ნამარხს მსოფლიოში. ეს თავის ქალაც, აქამდე აღმოჩენილი ოთხი თავის ქალის მსგავსად, მილიონ რვაასი ათასი წლისაა. იგი პირველი ნიმუშია, რომლის მიხედვით მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა. თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა (546 სმ3), რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას ყველაზე მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს.

342-326-f4-1694849404.jpeg

დმანისის კოლექცია მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას, დააკვირდნენ და შეისწავლონ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პოპულაცია. იმასაც აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე სრულყოფილი კოლექცია ადრეული ჰომოს თავის ქალებისა, ამასთანავე, გვაქვს იმდროინდელი ქვის იარაღები, ცხოველთა ნაშთები. ეს გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი ჰომინიდების ევოლუციაში".

Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ცნობილი მეცნიერი კრისტოფ ცოლიკოფერი წერს: "დმანისური აღმოჩენები იმდენად სხვადასხვაგვარად გამოიყურება, რომ ჩნდება ცდუნება, ისინი სხვადასხვა სახეობას მივაკუთვნოთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ინდივიდები ცხოვრობდნენ ერთ ადგილზე და ერთ გეოლოგიურ დროში, ასე რომ, შეიძლებოდა ერთი პოპულაციისა და ერთი სახეობის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ".

4f06b21c-3e3f-4268-b679-e6bb8064ddfc-w408-r0-s-1694849438.jpg

სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „ჰომოს გვარის წარმომადგენლები, მათ შორის - აფრიკაში აღმოჩენილი უძველესი ნამარხები, ევოლუციის ერთ ხაზს წარმოადგენს. ეს აიძულებს მეცნიერებს, გააანალიზონ დამკვიდრებული მოსაზრებები ადრეული ჰომოს რამდენიმე სახეობის არსებობის შესახებ.

ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ტიმ უაიტი აღნიშნავს: "ეს განსაკუთრებული ნამარხია, რომელსაც დიდხანს არ მოაკლდება მეცნიერთა ყურადღება."

ეს ნაშთები სხვადასხვა ადგილზე რომ აღმოჩენილიყო, იტყოდნენ, რომ უძველეს დროს დედამიწაზე მართლაც სხვადასხვა პოპულაცია ცხოვრობდა. მეცნიერებს ისედაც ჰქონდათ ასეთი მოსაზრება. დმანისის აღმოჩენამ ყველაფერი შეცვალა! თავის ქალების კომპიუტერულმა შესწავლამ დაადასტურა, რომ დმანისის ტერიტორიაზე მცხოვრებ ინდივიდთა შორის სხვაობა პოპულაციური კი არ არის, არამედ ინდივიდუუმის დონეზეა განსახილველი. მეცნიერები უკვე ადასტურებენ, რომ ეს სხვაობა ერთი სახეობის ფარგლებშია და ეს სახეობა შესაძლებელია Homo erectus-ი იყოს. იხილეთ სრულად

myquiz