როგორ აღვზარდოთ ბავშვი, რომ თავდაჯერებული და მიზანდასახული გახდეს? | Allnews.Ge

როგორ აღვზარდოთ ბავშვი, რომ თავდაჯერებული და მიზანდასახული გახდეს?

ოჯახურ ცხოვრებაში ბავშვის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია და, რა თქმა უნდა, ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი თავდაჯერებული, დამოუკიდებელი, ფსიქოლოგიურად სტაბილური და ძლიერი პიროვნება გახდეს. ამიტომაც, სპეციალისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა აღზარდოს მშობელმა ბავშვი ისე, რომ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული იყოს და წარმატებას მიაღწიოს.

ჯანსაღი ურთიერთობები ოჯახში

ძირითადად, ჩვენ დაკვირვებით ვსწავლობთ და ეს სამყაროს შეცნობის ყველაზე მარტივი და ძირითადი გზაა. ბავშვების უმეტესობა სწორედ ამას იყენებს. ზუსტად იმეორებენ მშობლების ქცევას, სიტყვებს, რეაქციებსა თუ დამოკიდებულებებს. ამიტომ, ბავშვის ქცევა ხშირად ოჯახში მიღებულ ნორმებს ასახავს, რა თქმა უნდა, კონკრეტული ასაკის ფსიქოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით. ბავშვს საკუთარი მაგალითით უნდა ასწავლოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, პატივისცემა, სიყვარულისა და გრძნობების გამოვლენა, სიკეთე, ზრუნვა. ეს ჩვეულებრივ სიტყვებზე გაცილებით უკეთ იმუშავებს.

2-1655729153.jpeg

უშუალო კონტაქტი ბავშვთან

ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, სოციალური არსებები არიან და მათთვის ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია. ეს ეხება როგორც სიტყვებით გამოხატვას, ასევე თვალით კონტაქტს, ჩახუტებას, მოფერებას. ინფორმაციის უმეტესობა არავერბალურად გადაიცემა, ამიტომ მარტივი სიტყვები საკმარისი არ იქნება, საჭიროა მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური კავშირის დამყარება, რათა ბავშვი გაიზარდოს განვითარებული როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობების, ასევე ემოციების გამოხატვის უნარის თვალსაზრისით.