მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე - რთული გზა ჩემპიონობამდე
ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქეთევან ლოსაბერიძე გუშინ 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნიჭიერმა და წარმატებულმა ქალბატონმა საინტერესო ცხოვრება განვლო. მასზე გამოცემულ წიგნში "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ ვკითხულობთ:
"მოსკოვში ბოლო ისრის გასროლამდე არც მე ვიყავი დარწმუნებული, რომ ოქროს შევწვდებოდი. მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მწარე გამოცდილება მაიძულებდა ფრთხილად, ყურადღებით, მობილიზებით მომეზიდა მშვილდი და გამარჯვება ნაადრევად არ მერწმუნა. მაშინ, მიუნხენში ასეთი გამოცდილება სულაც არ მქონდა, რადგან ჩემს პირველ საერთაშორისო ტურნირზე ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე გამოვედი“.ვიდრე მიუნხენში თავის პირველ ოლიმპიადაზე გამოვიდოდა, ქეთევანი მშვილდოსნობაში ვარჯიშის მხოლოდ ოთხწლიან სტაჟს ითვლიდა, მანამდე კი სპორტის ამ სახეობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. არც სხვა რამ სახეობაში ვარჯიშობდა, ზოგადად სპორტი კი ძალიან უყვარდა და ნიჭიერი იყო. განსაკუთრებით მათემატიკურ ფორმულებს ჩაჰკირკიტებდა, თუმცა ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა.
მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პატარა ქეთევანისგან ოდესმე ან ერთი დადგებოდა, ან მეორე, ოლიმპიური ჩემპიონობა კი მთლად აბსტრაქტული რამ იყო, რადგან ოჯახური და სოფლის პირობები მსგავს ოცნებას ფრთებს უკვეცავდა.
ქეთევანი ტყიბულის რაიონის სოფელ კიროვში დაიბადა. მამამისი ბაგრატ ლოსაბერიძე მთელ რაიონში ცნობილი და დაფასებული კაცი იყო. ბაგრატი მაღაროში ბევრს შრომობდა, რომ ცხრაშვილიანი ოჯახი როგორმე ერჩინა და თავი გაეტანა. ასეთი მონდომებული გარჯა ლენინის ორდენით დაუფასეს, რაც იმ დროს საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდო გახლდათ. ამიტომაც ბაგრატ ლოსაბერიძეზე, როგორც მოწინავე მუშაზე, გაზეთები ბევრს წერდნენ. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა იმდროინდელი გაზეთების ფურცლებზე, მაგრამ ქეთევანის ოლიმპიურ ჩემპიონობას რაც მოჰყვა, მამის სტატიებთან რა მოსატანია. - (წერს წიგნის ავტორი ავთანდილ გურასაშვილი).
"მამას ჩემი გამარჯვებები ძალიან ახარებდა. მედლით დაბრუნებულს რომ დამინახავდა, უმალ სუფრას შლიდა, მეზობლებს ეპატიჟებოდა და მეუბნებოდა, მოდი, ჩემი ვაჟკაცი გოგო, გვერდზე დამიჯექი და მხარი დამიმშვენეო. დედა კი ჩემს წარმატებებს ვერ მოესწრო“...
დედა დიასახლისობდა და შვილებს იყო მიჯაჭვული. მართალია, მშივრები არ იყვნენ და სხვებსაც ეხმარებოდნენ, მაგრამ დალხენილი ცხოვრება სულაც არ ჰქონდათ. ქეთევანი მერვე შვილი იყო. და-ძმები სკოლაში ბეჯითი სწავლით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ქეთევანი მაინც ყველას აოცებდა. თავისი გაუთავებელი მიმატება-გამოკლებებით, გამრავლება-გაყოფებით და ათასნაირი ფორმულებით. მისი თანატოლი გოგონები თუ თოჯინებით ერთობოდნენ, ქეთევანის თავშესაქცევი ციფრებში კირკიტი იყო."
***
სპორტში შემთხვევით მოხვდა. სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, როგორც ჩანს, მათემატიკის სიყვარულმა თავისი გაიტანა. ერთ დღესაც, ერთ-ერთ ლექციაზე, აუდიტორიაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი შევიდა, რომელსაც ხელში გრძელი ჯოხი ეჭირა. გაირკვა, რომ მშვილდოსნობის სექციის გახსნას აპირებდა. ჯგუფიდან ხუთი-ექვსი გოგონა აარჩია და სექციაში ჩაწერა. განაგრძეთ კითხვა
ლალი ფაცია