"შანელის" სახლის ქართველი სახეები - მე-20 საუკუნის უმშვენიერესი ქალების ისტორიები | Allnews.Ge

"შანელის" სახლის ქართველი სახეები - მე-20 საუკუნის უმშვენიერესი ქალების ისტორიები

მეოცე საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა რეჟიმს გაქცეული ასობით ქალბატონი, მსოფლიო მოდის ცენტრში - პარიზში სამოსის დემონტრირებას ახდენდა. ეს ქალები გამოირჩეოდნენ ელეგანტურობით, დახვეწილობით, გემოვნებითა და არისტოკრატულობით. თუმცა, რა გასაკვირია, მათი უმრავლესობა ხომ მართლაც არიტოკრატთა ოჯახებიდან იყვნენ.

პარიზის უმსხვილესი მოდის სახლები სიამოვნებით თანამშრომლობდნენ მათთან, მეტსაც გეტყვით, იმხანად არ იყო არცერთი ცნობილი მოდის სახლი, რომელიც ემიგრანტი მოდელებით არ იწონებდა თავს. ამ მოდის სახლებიდან კი, განსაკუთრებული სახელი და სტატუსი შანელის მოდის სახლს ეკავა. თურმე კოკო შანელი ხშირად ხუმრობდა: "ჩემთვის, ოვერნიელი პროვინციელისთვის, ნამდვილი თავადები შრომობენო". ამჯერად, შანელის მოდის სახლის ქართელ მოდელებზე გიამბობთ.

ერთხანს შანელის სახე, გალაკტიონის მუზად წოდებული, ყველასათვის კარგად ცნობილი, მერი შერვაშიძე გახლდათ. ამბობდნენ, რომ მერი არ იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდაო.

 

მერი შერვაშიძე 1888 წელს დაიბადა ბათუმში. ერთხანს ის პეტერბურგში ცხოვრობდა და იყო იმპერატორის ფრეილინა. ცნობილია, რომ ნიკოლოზ II-ს მერი შევაშიძისთვის მიუმართავს: "Грешно, княжна, быть такой красивой!" 1919 წელს მერი გიგუშა ერისთავს გაჰყვა ცოლად. ის საქართველოდან ბოლშევიკების შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა ემიგრაციაში. თურქეთში შეყოვნდა, რადგან მეუღლის ჩასვლას დაელოდა. ამასობაში სტამბოლში გამართულ სილამაზის მსოფლიო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. ემიგრაციაში გიგუშა მალე გარდაიცვალა. მერი აღარ გათხოვილა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეტრფოდა. მერიზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული ადმირალ ოსიპ მაკაროვის ვაჟი, რომელმაც სიკვდილის წინ, 1960-იან წლებში, 500 ათასი ფრანკი უანდერძა.

სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მერი შერვაშიძემ პარიზის მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარა. აქ ინახულა მწერალმა, რეჟისორმა რევაზ თაბუკაშვილმა და გადაიღო კიდეც თავის დოკუმენტურ ფილმში.

მერი შერვაშიძე გარდაიცვალა 97 წლისა. დასაფლავებულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

 

„შანელის“ მოდის სახლის კიდევ ერთი მშვენება გახლდათ მელიტა ჩოლოყაშვილი - ილია ჭავჭავაძის ნათლული და ტიციან ტაბიძის მუზა. იგი 1895 წელს დაიბადა საგარეჯოში. მის სახლში გამართულ სალონურ შეხვედრებზე ნახავდით: გრიგოლ რობაქიძეს, პაოლო იაშვილსა და სხვებს. მელიტა ბრწყინავდა სილამაზით, სიმღერისა და ცეკვის ნიჭით - პოეტები ლექსებს უძღვნიდნენ, მხატვრები ტილოზე იმახსოვრებდნენ მის მშვენიერ ნაკვთებს.

18 წლის ასაკში მელიტა ჩოლოყაშვილი თავისზე 20 წლით უფროს პეტერბურგელ ადვოკატსა და მწერალს კონსტანტინე ზელენსკის გაყვა ცოლად. წყვილს ქალიშვილი ლილია შეეძინათ. ამის შემდეგ ოჯახი მალე დაინგრა. 1922 წელს მელიტა ქალიშვილთან და დასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. პარიზში მელიტას შემოსავლის ძირითადი წყარო მოდელობა იყო. შანელის სახლში გაიცნო და დამეგობრდა მერი შერვაშიძესთან. შემდეგში ჩოლოყაშვილის ასული მეორედ გათხოვდა. წლების შემდეგ მელიტა ჩოლოყაშვილი პოდიუმზე მისმა ქალიშვილმა ჩაანაცვლა. ემიგრაციის განმავლობაში უმშვენიერესი ქალბატონი ერთხელ, 1958 წელს ჩამოვიდა საქართველოში. მელიტა ჩოლოყაშვილი 1985 წელს გარდაიცვალა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz