კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნახეთ ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი" | Allnews.Ge

კაცი, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოებზე აგროვებს - ნახეთ ნოდარ სუმბაძის "თბილისური ჰერბარიუმი"

ერთი შეხედვით, თითქოს ვიცნობთ ჩვენს დედაქალაქს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით იმ წიგნის გაცნობის შემდეგ, რომელსაც "თბილისური ჰერბარიუმი" ჰქვია. ავტორმა ნოდარ სუმბაძემ წიგნში 25 ფოტოკოლაჟი შეიტანა, რომელთა ხილვის შემდეგ სულ სხვა თბილისში აღმოჩნდებით...

ხიდები, სახლები, სადარბაზოები, აივნები, სვეტები, მოაჯირები - წიგნში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. ფოტომასალას ავტორის მცირე ესეებიც ერთვის და ხვდები, რომ თბილისის ქუჩებში მართლაც უამრავი ულამაზესი ორნამენტი, ხის დეტალი თუ სხვადასხვა სიმბოლიკის მქონე ფრაგმენტია გაბნეული. ბატონი ნოდარი კი ამ ყველაფერს წლებია, გულდაგულ აგროვებს.

"თბილისი ჰერბარიუმია, რომლის გაცრეცილი ფურცლები, შენობები და ეზოები ჯერ კიდევ ინარჩუნებს იქ მცხოვრები მრავალი თაობის დარდს, სიხარულსა და აუხდენელ ოცნებებს. ოთახებსა და სადარბაზოებში ჯერ კიდევ ტრიალებს დროის სურნელი... ამ ქალაქის იერსახის განსაკუთრებულობას, განუმეორებელ "თბილისურ სტილს" აღმოსავლურ-დასავლურ-ევროპულ-აზიური არქიტექტურული მიქსი და ლოკალური გეოგრაფიულ-კლიმატური სპეციფიკა ქმნის" - ამბობს ნოდარ სუმბაძე.

 

პროფესიით აქიტექტორს, დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, სადაც ახლა გრაფიკულ დიზაინს ასწავლის. იმისთვის, რომ ეს უნიკალური კოლექციები შეექმნა, ვინ იცის, წლების განმავლობაში რამდენჯერ აქვს თბილისის ძველი უბნები ფეხით შემოვლილი.

ახლა ამ ყველაფერზე, რაც წლების განმავლობაში აგროვა, ნოდარ სუმბაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

- ამ თემებით ბავშვობიდან დავინტერესდი, ჯერ ერთი, დავიბადე თბილისში, ვცხოვრობდი ქალაქის ისტორიულ უბანში, სოლოლაკში. გარდა ამისა, ჩემი ბებიები ცხოვრობდნენ მთაწმინდაზე და ჩუღურეთში ("პლეხანოვზე"). ყველაზე ძველი რაიონები სულ ჩემს ირგვლივ იყო, ამიტომ თავიდანვე მიყვარდა. ამას ისიც დაემატა, რომ არქიტეტორი ვარ და პროფესიულადაც მაინტერსებს ძველი თბილისი.

ბავშვობიდან ასევე ძალიან მიყვარდა კოლექციების შეგროვება, ფოთლებს, ყვავილებს წიგნებში ვდებდი და ვახმობდი. გამხმარ მცენარეებს მართლია, სუნი აღარ ჰქონდა, მაგრამ რჩებოდა მშვენიერი ჰერბარიუმი... მოკლედ, მერე ასე ჰერბარიუმივით ვაგროვებდი ძველ თბილისში არსებულ უნიკალურ სიძველეებს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz