ბრძოლა ნარკოტიკებთან, ოჯახური ტრაგედია და მეტყველების პრობლემა - ბაიდენების დინასტიის უცნობი ცხოვრება | Allnews.Ge

ბრძოლა ნარკოტიკებთან, ოჯახური ტრაგედია და მეტყველების პრობლემა - ბაიდენების დინასტიის უცნობი ცხოვრება

პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვიცეპრეზიდენტის - კამალა ჰარისის ინაუგურაციამ თეთრ სახლში ისტორიულად ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების საფუძველი შექმნა. ბაიდენის ოჯახი ინაუგურაციამდე და - დასრულების შემდეგაც ყურადღების ცენტრში მოექცა და ეს გასაკვირი არც იყო.

დაძაბულ წინასაარჩევნო მარათონში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, მომავალი პრეზიდენტი თითქმის ყველგან ოჯახთან ერთად ჩნდებოდა.

ჯო ბაიდენის პირველი ოჯახი პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად, თეთრ სახლში არ ცხოვრობს, თუმცა მის 2020 წლის კამპანიაში დიდი წვლილი შეიტანა. ბაიდენი საუბრობდა თავის სიყვარულზე და გრძნობებზე შვილებისა და შვილიშვილებისადმი.

ჯოზეფ ბაიდენმა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტობამდე რთული და გრძელი გზა გაიარა.

ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ უმცროსი 1942 წლის 20 ნოემბერს, პენსილვანიის ქალაქ სკრენტონის სენტ-მერის ჰოსპიტალში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ კეტრინ    ევგენია "ჯინ" ბაიდენი, გათხოვებამდე ფინეგანი (1917–2010) და ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ უფროსი (1915–2002). ბაიდენი კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. დასა და ორ ძმას შორის იგი ყველაზე უფროსი იყო.

1953 წლიდან ოჯახი დელავერის შტატის ქალაქ კლეიმონტში, ხოლო მოგვიანებით ქალაქ უილმინგტონში ცხოვრობდა. ჯო ბაიდენ უფროსი მალე გახდა მეორადი მანქანების დილერი, რამაც ოჯახს მდგრადი ფინანსური შემოსავალი და საშუალო ფენის ეკონომიკური სტაბილურობა შეუქმნა. ქლეიმორში ბაიდენი არჩმერის აკადემიაში სწავლობდა. სკოლის ამერიკული ფეხბურთის გუნდში ის იყო ჰაფბექი და რისივერი, ასევე, თამაშობდა ბეისბოლს. სკოლა ბაიდენმა 1961 წელს დაამთავრა.

ბავშვობაში ბაიდენს ენა ებმებოდა. როგორც თავად ამბობს, დეფექტის დასაძლევად "სარკის წინ ლექსებს კითხულობდა". ბაიდენის ენის დაბმა მედიის ყურადღების ცენტრში აგვისტოში მოექცა, როცა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე შეკრებილ საზოგადოებას 13 წლის ბრეიდენ ჰარინგტონმა მიმართა. ჰარინგტონი მოყვა, თუ როგორ შეხვდა ბაიდენს ნიუ-ჰემფშირის შტატში და როგორ დაეხმარა მას პრეზიდენტობის კანდიდატი ენის დაბმასთან გამკლავებაში.

1972 წლის 18 დეკემბერს ბაიდენის პირველი მეუღლე - ნეილია და მათი ერთი წლის ქალიშვილი - ნაომი ავტოავარიაში დაიღუპნენ. დაშავდნენ ბაიდენის ვაჟებიც - ბიუ და ჰანტერი, თუმცა სრული გამოჯანმრთელება მაინც მოახერხეს. როდესაც ტრაგედია დატრიალდა, ისინი საშობაო ნაძვის ხის საყიდლად მიდიოდნენ: "ტელეფონის რეკვის დროს მივხვდი, ძვლებში ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა", - ასე გაიხსენა ბაიდენმა რამდენიმე წლის წინ თავისი ოჯახის ტრაგედია.

1977 წელს ბაიდენმა მეორედ იქორწინა და მისი მეუღლე მასწავლებელი - ჯილ ტრეისი იაკობსი გახდა.

"დემოკრატიული პარტიის ვარსკვლავი" - ასე უწოდებენ კულუარებში ბაიდენს, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მონაპოვარი მისი ოჯახი და შვილებია.

ეშლი ბაიდენი

39 წლის ეშლი ბაიდენი 1981 წელს, ჯოსა და ჯილ ბაიდენის ოჯახში დაიბადა. ის არის სოციალური მუშაკი და აქტივისტი. ეშლიმ ტულანის უნივერსიტეტი და პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა. მუშაობდა რამდენიმე არაკომერციულ ორგანიზაციაში, მათ შორის - დელავერის იუსტიციის ცენტრში, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ და ეკონომიკურ სამართლიანობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ეშლი ბაიდენი არ მსახურობს მამის ადმინისტრაციაში, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ "ამ პლატფორმას საზოგადოების მონაწილეობის, განვითარებისა და გაჯანსაღებისთვის, სოციალური სამართლიანობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად გამოიყენებს".

ბაიდენის უმცროსი შვილი 2012 წელს, პლასტიკურ ქირურგზე ჰოვარდ კრენზე დაქორწინდა.

ჰანტერ ბაიდენი

50 წლის რობერტ ჰანტერ ბაიდენი, ჯო ბაიდენისა და მისი პირველი, გარდაცვლილი მეუღლის, ნილია ჰანტერის უმცროსი ვაჟი ოჯახში დაპირისპირების მიზეზი იყო. 2019 წელს უკრაინასთან და ჩინეთთან ფინასური დამოკიდებულების გამო ჰანტერი პოლიტიკური სკანდალის ფიგურანტი გახდა.

იმავე, 2019 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ტრამპმა განახორციელა უკრაინაზე ზეწოლა გამოძიების მიმდინარეობისას. იუსტიციის დეპარტამენტმა ჰანტერ ბაიდენის გადასახადების გამოძიება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. მას ბრალი არ წაუყენეს. სექტემბერში კონგრესის ორმა კომიტეტმა, რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით, ჯო ბაიდენის მხრიდან რამე სახის დანაშაული ვერ აღმოაჩინეს.

"ჩემს შვილს, ისევე, როგორც ბევრ ადამიანს, ვისაც იცნობთ, ნარკოტიკების პრობლემა ჰქონდა. მაგრამ, ის დაეწია მას, გაასწრო, იმუშავა ამაზე და გამოასწორა. მე ვამაყობ მისით", - თქვა ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო დებატების დროს.

ჰანტერი ხუთი შვილის მამაა: ქალიშვილები - ნაომი, ფინეგანი და მაიზი ბაიდენები ყოფილი მეუღლისგან - კეტლინ ბულისგან ჰყავს. ახალშობილ ბო ბაიდენს თავის მეუღლესთან, სამხრეთ აფრიკელ კინორეჟისორ მელისა კოენთან ერთად ზრდის და ჰყავს ასევე 2 წლის ალექსის რობერტსი, რომლის მამობაც ცოტა ხნის წინ აღიარა, მას შემდეგ, რაც მამობა დნმ-ს ტესტით დადგინდა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz