მისი ავტორი სიღარიბესა და მარტოობაში გარდაიცვალა- როგორ გახდა Jingle Bells შობა-ახალი წლის მთავარი ჰიმნი | Allnews.Ge

მისი ავტორი სიღარიბესა და მარტოობაში გარდაიცვალა- როგორ გახდა Jingle Bells შობა-ახალი წლის მთავარი ჰიმნი

Jingle Bells - ყველასათვის კარგად ნაცნობი მელოდიაა, რომელიც საახალწლო დღესასაწაულების არაოფიციალურ ჰიმნად ითვლება, მაგრამ ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, თუ რატომ ასოცირდება შობა-ახალ წელთან სიმღერა, რომლის ტექსტში ერთი სიტყვაც არაა ნახსენები ამ ორი დღესასწაულის შესახებ. მოდით, ერთად გადავხედოთ კომპოზიციის შექმნის ისტორიას და პოპულარობამდე მის მიერ განვლილ გზას და გავიგოთ, თუ როდის, ვინ და რატომ დაწერა Jingle Bells და როგორ გახდა ის შობა-ახალი წლის ჰიმნი.

სიმღერის ავტორად ითვლება ამერიკელი ჯეიმს პიერპონტი. ის 1822 წელს დაიბადა ბოსტონელი პასტორის ოჯახში. როცა ბიჭუნას 10 წელი შეუსრულდა, ის სასწავლებლად გაგზავნეს სკოლა-ინტერნატში. სწორედ იქ სწავლისას ნახა ბიჭუნამ პირველად თოვლი. ის აღფრთოვანებულ წერილებს წერდა დედას და უამბობდა პირველი თოვლის ნახვით და ციგაზე სრიალით მიღებულ შთაბეჭდილებებზე. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ემოციები დაედო საფუძვლად სიმღერის ტექსტს.

james-lord-pierpont-1640937280.jpg

ჯეიმს პიერპონტი

პიერპონტი ბავშვობიდანვე დაუდგრომელი ხასიათით გამოირჩეოდა: 14 წლისა ის ინტერნატიდან გაიპარა და იუნგად მოეწყო გემზე. მან 9 წელი გაატარა ხომალდზე და შემდეგ საბოლოოდ დაფუძნდა მასაჩუსეტში, სადაც დაოჯახდა და მშვიდი ცხოვრება დაიწყო.

თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ის ისევ გაიტაცა თავგადასავლების ძიების წყურვილმა და ოქროსმაძიებელთა რაზმს შეუერთდა, მაგრამ ამ ავანტიურას მისთვის წარმატება არ მოუტანია: ორიოდე წელიწადში პიერპონტი ჯიბეცარიელი და გაკოტრებული დაბრუნდა სახლში, სადაც ცოლი და ორი შვილი ელოდებოდა. 1853 წელს ჯეიმსი თავის ძმასთან გაემგზავრა ჯორჯიის შტატში და ქალაქ სავანის ეკლესიიის მუსიკალური დირექტორი გახდა. პარალულურად ის კერძო გაკვეთილებს იღებდა სიმღერასა და ორღანზე დაკვრაში. სწორედ ამ დროს შექმნა პიერპონტიმ თავისი პირველი სიმღერები.

საერთოდ ახალგაზრდა კაცს ბავშვობიდანვე უყვარდა სიმღერა და პატარ-პატარა მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა, რათა თავისი მეგობრები და ბავშვები გაეხალისებინა. როგორც ლეგენდა გვეუბნება, ერთხელ მან რაღაც ნიძლავი წააგო სახლმმართველთან, რომელმაც მოგების სანაცვლოდ მოითხოვა ჯეიმსს მისთვის რაიმე სახალისო მელოდია შეექმნა.

პიერპონტმა სასწრაფოდ დაწერა სიმღერა ახალგაზრდა ყმაწვილსა და მის შეყვარებულ გოგონაზე, რომლებიც ციგებით სრიალებენ. სახლმმართველს არ მოეწონა სიტყვა "ციგები'' და ჯეიმსს მოსთხოვა მის მაგივრად რამე უფრო ლამაზი და კეთილხმოვანი სიტყვა ჩაესვა, მაგალითად "ზარები". ტექსტი სიმღერისა The One Horse Open Sleigh პირველად 1857 წელს გამოქვეყნდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ პიერპონტმა მასზე მიიღო საავტორო უფლება. ორიოდე წლის შემდეგ კი კომპოზიციას საბოლოდ ეწოდა სახელი Jingle Bells.

james-lord-pierpont-1640937406.jpg

უნდა აღინიშნოს, რომ კომპოზიცია პოპულარული მაშინვე არ გამხდარა. უფრო მეტიც, პიერპონტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს მარტივი მელოდია და უბრალო ტექსტი ვინმეს დააინტერესებდა. ის ამ სიმღერას უმღეროდა თავის ბავშვებს, ასრულებდა კრებებზე და დღეობებზე, თუმცა კომპოზიციის ესოდენ გაპოპულარებაზე ის ვერასოდეს იოცნებებდა. უნდა ითქვას, რომ Jingle Bells გახდა ხალხური შემოქმედების ერთგვარი მაგალითი:

მას ჰყავდა კონკრეტული ავტორი, თუმცა ის ხალხმა აიტაცა არამარტო ამერიკაში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში. კომპოზიციას სულ უფრო და უფრო ხშირად აკავშირებდნენ შობა-ახალ წელთან, რაც ძალიან აკვირვებდა პიერპონტს. შეიძლება ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ სიმღერის წყალობით ჯეიმსმა პოპულარობა მოიხვეჭა და ის ფუფუნებაში ცხოვრობდა, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. მან კვლავ გააგრძელა თავგადასავლების ძიება და კონფედერანტების რიგებში ჩაეწერა აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. ომის დამთავრების შემდეგ ჯეიმსი უბრალო ორღანისტად მუშაობდა ერთ-ერთ ეკლესიაში. ჯეიმს პიერპონტი 1893 წელს გარდაიცვალა სიღარიბესა და მარტოობაში.

და მაინც, რატომ გახდა Jingle Bells ასეთი პოპულარული შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმღერაში ერთი სიტყვაც არაა ნახსენები ამ დღესასწაულების შესახებ. უფრო მეტიც, ავტორი მას ხშირად ასრულებდა მადლიერების დღეზე, რომელიც ამერიკაში ნოემბრის ბოლოს აღინიშნება. თუმცა ქალაქ სავანის მცხოვრებლებს ისე მოეწონათ მელოდია, რომ მათ თხოვეს ჯეიმსს ის შობის დღესასწაულზე შეესრულებინა.

მუსიკათმცოდნეები ვარაუდობენ, რომ კომპოზიცია პოპულარული გახდა რამდენიმე მიზეზის გამო: მაგალითად, მელოდის მუსიკა და რიტმი ძალიან ახლოსაა შობა-ახალწლის დღესასწაულების განწყობასთან - ზარების რეკვა, რომელიც თან სდევს მელოდიას, სწორედ შობის მოახლოების მაუწყებლად ითვლებოდა ოდითგანვე.

XIX საუკუნის ბოლოს სიმღერამ დაიწყო პოპულარობის მოპოვება ახალი ტექნოლოგიების წყალობით: 1898 წელს ის პირველად ჩაწერეს ფირზე, სადაც სიმღერას ასრულებდა ედისონის ვაჟთა კვარტეტი. XX საუკუნის 40-იან წლებში კომპოზიციას ასრულებდა ცნობილი მომღერალი ბრიგ კროსბი, ხოლო ფრენკ სინატრამ საბოლოოდ აამაღლა მისი სტატუსი 1957 წელს ჩაწერილი თავისი ვერსიით. სუპერვარსკვლავების ასეთი სერიოზული ''შეტევების'' შემდეგ მელოდია ნომერ პირველ საახალწლო მეგაჰიტად და ჰიმნად გადაიქცა.

171211192014-christmas-music-stock-1640937532.jpg

სხვათა შორის, ამ კომპოზიციასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი საინტერესო ისტორია: 1965 წლის დეკემბერში ხომალდ Gemini 6-ის ბორტზე მყოფმა ასტრონავტებმა მართვის ცენტს გადასცეს ინფორმაცია, რომ მათ კოსმოსში შენიშნეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, ამასთანავე უცხოპლანატელების ხომალდის პილოტს წითელი კოსტიუმი ეცვა. მართვის ცენტრში აჟიოტაჟი ატყდა და სასწრაფოდ დაიწყეს ძიება, თუ რომელი პლანეტიდან იყო წითელკოსტიუმიანი პილოტი. სანამ ანალიტიკოსები თავს იმტვრევდნენ ამოცანის ამოხსნაზე, ასტრონავტებმა საიდანღაც გარმონი და ეჟვნები ამოაძვრინეს და Jingle Bells-ის დაკვრა დაიწყეს. ასე მიულოცეს მათ დედამიწელებს ახალი წელი.

კომპოზიცია კი ისტორიაში შევიდა, როგორც კოსმოსში შესრულებული პირველი სიმღერა. ჩვენს ქვეყანაში სიმღერა ცნობილი და პოპულარული გახდა "რკინის ფარდის" მოხსნის შემდეგ. ალბათ ახლანდელ ბავშვებს გაუკვირდებათ, თუ ვეტყვი, რომ პირველად ეს მელოდია საკმაოდ მოზრდილ ასაკში მოვისმინე (მოგეხსენებათ, საბჭოთა წყობილების დროს ყოველგვარი კაპიტალისტური კულტურა ჩვენთან აკრძალული იყო). ამჟამად ის ჩვენთანაც საკმაოდ პოპულარულია და მის გარეშე წარმოუდგენელია შობა-ახალი წლის დღესასწაულები.

საინტერესოა ვნახოთ, თუ როგორ ითარგმნება პოპულარული სიმღერის ტექსტი ქართულად. თარგმანის ავტორია თამარ ბუკია.

ეჟვნის წკრიალი

ხვავრიელად თოვს...

ღია მარხილით

გადავიქროლებთ მინდვრებს

ლაღი სიცილით.

გვამხიარულებს

ეჟვნის წკარუნი...

ჩვენს სიმღერას თან ერთვის

ხმა მხიარული.

წკრიალებს ეჟვანი,

გვართობს მთელი გზა...

და მარხილით სრიალისთვის

ყველანი ვართ მზად!

სეირნობაზე

არც მიფიქრია...

მაგრამ გვერდით დამიჯდა

ცელქი ფიფქია.

ღია მარხილით,

ხელში ბოთლებით

მივაპობდით თოვლის ნამქერს,

როგორც ლოთები...

წკრიალებს ეჟვანი,

გვართობს მთელი გზა...

და მარხილით სრიალისთვის

ყველანი ვართ მზად!

ახალგაზრდობა

ვიდრე გვამშვენებს,

გოგონებთან ერთად ვმღერით

თოვლზე სიმღერებს.

ერთცხენიანი

ღია მარხილით

მივუყვებით თოვლიან გზას

ლაღი სიცილით:

წკრიალებს ეჟვანი,

გვართობს მთელი გზა...

და მარხილით სრიალისთვის

ყველანი ვართ მზად!

დასასრულს, ყველას გილოცავთ დამდეგი 2022 წლის შემობრძანებას. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ის თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!

myquiz