მსოფლიო პილოტების დეფიციტს განიცდის | Allnews.Ge

მსოფლიო პილოტების დეფიციტს განიცდის

მიმდინარე წლის ბოლოს, როდესაც ამერიკის კალიფორნიის შტატი ტყის ხანძარმა მოიცვა, უწყება, რომელიც ცეცხლთან ბრძოლაზეა პასუხისმგებელი, დამატებით პრობლემას წააწყდა - კერძოდ, ხანძრის ჩასაქრობად განკუთვნილი თვითმფრინავების სულ მცირე 20%-მა აფრენა ვერ შეძლო. და ეს ტექნიკური პრობლემა სულაც არ ყოფილა, არამედ - სპეციალისტების ნაკლებობა, რომლებსაც ამ თვითმფრინავების მართვა შეეძლოთ.

მიმდინარე წლის მაისში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კომერციულმა ავიაკომპანია Emirates-მა განაცხადა, რომ რამდენიმე თვითმფრინავზე ფრენის დროებით შეჩერებას გეგმავდა, მათ შორის პილოტების გრაფიკთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი უმსხვილესი ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair თავისი პილოტების მუდმივი გაფიცვით გამოწვეულ პრობლემებს განიცდის, რის შედეგადაც ათასობით რეისი გაუქმდა. თავად კომპანია გაფიცვებს "დაგეგმვაში დაშვებულ შეცდომებს" უკავშირებს, თუმცა ევროპული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიზეზი პილოტების კომპანიიდან წასვლაა, რომლებიც სხვა ავიაკომპანიებში გადავიდნენ.

გადავსებული აეროპორტები

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, შემდეგი 15-20 წლის განმავლობაში კომერციული რეისების შესასრულებლად 620 ათასი ახალი პილოტი გახდება საჭირო.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ჩვენგანი უფრო მეტს დაფრინავს, ვიდრე აქამდე.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1970 წელს 311 მილიონი ადამიანი დაფრინავდა, 40 წლის შემდეგ კი მათი რაოდენობა 2,6 მილიარდამდე გაიზარდა.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონააცემებით, 2017 წელს თვითმფრინავის საშუალებით 4,1 მილიარდმა ადამიანმა იმგზავრა. 2036 წლისთვის კი ეს რიცხვი სავარაუდოდ 7,8 მილიარდამდე გაიზრდება.

მოგზაურთა რაოდენობის მატების პარალელურად კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ პილოტების მთავარი ბირთვი არ ახალგაზრდავდება.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 2016 წელს ფრენის პერსონალის ნახევარზე მეტი 50 წელს გადაცილებული იყო. სხვადასხვა ქვეყანაში პილოტებისთვის პენსიაზე გასვლის სავალდებულო ასაკი 60-დან 65 წლის ფარგლებში მერყეობს.

თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში პილოტების საპენსიო ასაკი გაზარდეს, რათა გამოცდილი პერსონალი არ დაეკარგათ. მაგალითისთვის, იაპონიაში 67 წლის პილოტებს მუშაობის უფლება მისცეს.

თუმცა, ერთ-ერთ აპრობირებული მეთოდი სხვა ავიაკომპანიების პილოტების გადაბირებაა, რაც როგორც წესი, მომხიბლავი ხელფასებით ხდება, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წელიწადში 500 ათასი დოლარიც შეადგინოს. მათი ჩანაცვლება კი ვინც სახლში წავიდა, არც ისე მარტივია.

კარიერული სირთულეები

რატომ არის ასე რთული პილოტის პროფესიის დაუფლება? მთავარი მიზეზი ალბათ ის არის, რომ ამ პროფესიის სწავლა საკმაოდ ძვირი ჯდება.

კანდიდატები, როგორც წესი თვითონ იხდიან სწავლისა და გამოცდების ფულს, რამაც საერთო ჯამში შესაძლოა, 200 ათასს დოლარს გადააჭარბოს. იმისთვის, რომ დიდ თვითმფრინავზე ფრენის უფლება მოიპოვოს პილოტმა, ჯერ სასწავლო ფრენები უნდა განახორციელოს.

გულუხვი ხელფასები, რომლებსაც ჩინეთში იხდიან - უფრო გამონაკლისია, ვიდრე ინდუსტრიაში დამკვიდრებული პრაქტიკა. აშშ-ში კი სასტარტო ხელფასი, შესაძლოა, 15 ათას დოლარს შეადგენდეს, რაც ქვეყანაში მინიმალურ ხელფასზე დაბალია.

"პილოტების უკმარისობის სამი ძირითადი მიზეზია - სწავლების ღირებულება, რეიტინგებთან დაკავშირებული მოთხოვნები და ხელფასებია, ასევე სამუშაო პირობები"- ამბობს პილოტი და საავიაციო ექსპერტი პატრიკ სმიტი.

პილოტების დეფიციტის შესავსებად პროფესიაში გენდერული დისბალანსის გადახედვა ერთ-ერთი რეკომენდაციაა. პილოტების საერთაშორისო ასოციაციის ანგარიშით, პილოტების 5%-ზე ცოტა მეტი ქალია, ინდოეთს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ქვეყანაში პილოტების 13% ქალია, მაშინ როდესაც ბრიტანეთში აღნიშნული მაჩვენებელი სულ რაღაც 4,8%-ია.

ყველაფრის მიუხედავად, ყველა მაინც არ მიიჩნევს, რომ პრობლემა პერსონალის დეფიციტშია, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში პრობლემას მგზავრთა რადიკალური მატება იწვევს და არა არასაკმარისი მუშახელი.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz