საკეისრო კვეთის შედეგად ბავშვის გაჩენის შემთხვევები "საგანგაშოდ" იზრდება - რა გართულებები ახლავს საკეისროს? | Allnews.Ge

საკეისრო კვეთის შედეგად ბავშვის გაჩენის შემთხვევები "საგანგაშოდ" იზრდება - რა გართულებები ახლავს საკეისროს?

ბავშვის გაჩენის მიზნით საკეისრო კვეთის შემთხვევები ბოლო პერიოდში მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც სპეციალისტების თქმით, საგანგაშო დონეს მიაღწია. საკეისრო კვეთა მაშინ ხდება აუცილებელი, როდესაც მშობიარეს გართულებები აქვს, ბავშვს აქვს პათოლოგიები ან დედას ფიზიოლოგიური მშობიარობით ექმნება საფრთხე. მიუხედავად ამისა, მკვლევარების ჯგუფის მიერ სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ბევრ ქვეყანაში საკეისრო კვეთების რაოდენობა სწრაფად იზრდება, შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით, 2015 წელს ბავშვის გაჩენის შემთხვევების 21% საკეისროზე მოდიოდა.

დიდ ბრიტანეთში საკეისრო კვეთების რაოდენობა 26%-ია, მაგრამ მაგალითად, დომინიკის რესპუბლიკაში ბავშვის გაჩენის შემთხვევების 58% საკეისრო კვეთა იყო, ეგვიპტეში კი ეს რიცხვი 63%-ს შეადგენს.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, საჭიროა ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ქალებში მოხდეს ცნობიერების ამაღლება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ შესაძლოა, საკეისროს მოhყვეს გართულება იმ შემთხვევაში, თუ მას მაშინ გაკეთებენ, როცა ამის საჭიროება არ არის.

"იმ დედებისთვის, რომლებიც მომავალში კიდევ აპირებენ ბავშვის გაჩენას, ნაადრევი მშობიარობის, ასევე სისხლდენისა და საშვილოსნოში პლაცენტის არასწორ ადგილას მიმაგრების რისკი გაიზრდება", - აღნიშნა პროფესორმა, ჯეინ სანდალმა.

საკეისროს, თუ იგი საჭიროებიდან გამომდინარე არ არის გაკეთებული, შეუძლია ასევე გამოიწვიოს დედის შემთხვევაში ინფექციები, სისხლჩაქცევები ფეხზე, ხოლო ბავშვის შემთხვევაში, იგი ცუდად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ნაწლავის მიკრობიომაზე. ამას გარდა, საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვები არიან ჭარბწონიანობისა და ასთმის რისკის ქვეშაც.

რისკები მართალია მცირეა, თუმცა, იგი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გააკეთებენ ოპერაციას ექიმები და რამდენად დროულად იმოქმედებენ გართულებების შემთხვევაში.

რატომ ირჩევენ ქალები საკეისროს მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არის?

ბევრ ქალს აქვს ბავშვის ფიზიოლოგიურად გაჩენის შიში, ასევე სამომავლოდ სექსუალური კავშირების დამყარების შიში. ამ შემთხვევაში სპეციალისტების თქმით, მნიშვნელოვანია ექიმმა მშობიარეს მიაწოდოს ინფორმაცია მოსალოდნელი გართულებების შესახებ და დაარწმუნონ ისინი, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობის აღარ შეეშინდეთ.

"ლანცეტში" გამოქვეყნებულ კვლევაში ასევე მოყვანილია ის ფაქტორები, რის გამოც ექიმები თანხმდებიან გაუკეთონ მშობიარეს საკეისრო კვეთა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არის. ამ ფაქტორებს შორის დასახელებულია ექიმების შიში, რომ მას უჩივლებენ, თუ ფიზიოლოგიურად მშობიარობის შემთხვევაში ყველაფერმა კარგად არ ჩაიარა, ასევე მათ აქვთ გადატვირთული გრაფიკი და ურჩევნიათ მარტივად და დაგეგმილად გააკეთონ ოპერაცია, როცა ამას დედა მოითხოვს.

კვლევამ აჩვენა, რომ ზოგ ქვეყანაში საკეისრო კვეთას ძირითადად მდიდრები იკეთებენ, მაგალითად ბრაზილიაში მიჩნეულია, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა "ღარიბების საქმეა". ამ ქვეყანაში ნახევარზე მეტი ბავშვი სწორედ საკეისროს შედეგად იბადება. ამასთან, ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევები სახელმწიფო კლინიკებში უფრო ხშირია, ვიდრე კერძოში.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში ქალების 70% აპირებს, რომ ფიზიოლოგიურად გააჩინოს ბავშვი ორსულობის პირველ ეტაპზე, ხოლო ბოლო თვეებში ისინი აზრს იცვლიან და ირჩევენ საკეისრო კვეთას.

ბრაზილია ამ კუთხით გაკრვეულ ნაბიჯებს უკვე დგამს, მაგალითად 2016 წლის ივლისში ქვეყნის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც საკეისრო კვეთა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიგეგმოს, როდესაც ფიზიოლოგიურად მშობიარობას გარკვეული რისკები ახლავს.

კვლევის ფარგლებში მედიკოსთა ჯგუფმა შეისწავლა 169 ქვეყანა, ბევრ შემთხვევაში საშუალოდ საკეისრო კვეთების შედეგად ბავშვის გაჩენის შემთხვევები აღემატება ფიზიოლოგიურად მშობიარობას. თუმცა, ამის საპირისპიროდ, 47 ქვეყანაში იმაზე დაბალია საკეისრო კვეთის შემთხვევები, ვიდრე ეს საჭიროა. ასე მაგალითად, დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში ბავშვის გაჩენის შემთხვევებიდან საკეისრო კვეთებზე მხოლოდ 4% მოდის.

წყარო: The Guardian

myquiz