ყოველი მე-20 ადამიანი ალკოჰოლის მოხმარების შედეგად იღუპება | Allnews.Ge

ყოველი მე-20 ადამიანი ალკოჰოლის მოხმარების შედეგად იღუპება

ალკოჰოლი მსოფლიოში სიკვდილიანობის 5%-ზე მეტზეა პასუხისმგებელი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იღუპება აღნიშნული მიზეზით. ახალი კვლევის შედეგებს გამოცემა Guardian ავრცელებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში შესული მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2016 წელს ალკოჰოლის მიზეზით გარდაცვლილი ადამიანებდან 2,3 მილიონი მამაკაცი იყო. ალკოჰოლის მიზეზით გარდაცვალების შემთხვევების 29% კი დაზიანებებით იყო გამოწვეული, მათ შორის საგზაო შემთხვევებისა და სუიციდის მცდელობისას მიღებული დაზიანებებით.

ანგარიში, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, ავლენს ალკოჰოლის გავლენას საზოგადოების ჯანმრთელობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ალკოჰოლის მავნე გავლენას საკუთარ თავზე განსაკუთრებული სიმწვავით ახალგაზრდები განიცდიან. 20 წლის ზემოთ ადამიანების 13,5%-ის სიკვდილი ალკოჰოლურ სასმელთან არის დაკავშირებული. ალკოჰოლი ზოგადად ნაადრევი სიკვდილის 7,2%-ს იწვევს.

ანგარიშშია ასევე ხაზგასმულია, რომ ალკოჰოლური სასმელით გამოწვეული ზიანი სოციალურად დაუცველ ადამიანებში უფრო მეტად შეინიშნება, ვიდრე მდიდრებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ალკოჰოლის-კონტროლის ექსპერტის ექიმ ვლადიმირ პოზნიაკის განმარტებით, რომელიც პირადად იყო ჩართული ანგარიშის მომზადებაში, ალკოჰოლის მიერ ჯანმრთელობის დაზიანებას საკმაოდ ფართო და მოულოდნელი მასშტაბები აქვს.

"ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოებაზე ალკოჰოლური სასმელების გავლენა შეამციროს. ეს ცხადია და ეს ნაბიჯები ან საერთოდ არ იდგმება ან საკმარისად ეფექტური არ არის ბევრი ქვეყნის შემთხვევაში",- ამბობს პოზნიაკი.

პოზნიაკი ასევე ამბობს, რომ აღნიშნული მონაცემები შესაძლოა სრულად ვერ ასახავდეს რეალურ სურათს, რადგან მათი ინფორმაციით ბევრ ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარება 15 წელზე ნაკლებ ასაკში იწყება, რაც მათ ასახული არ აქვთ.

myquiz