ეგვიპტის ზოოპარკში ვირი გადაღებეს და ზებრად გაასაღეს | Allnews.Ge

ეგვიპტის ზოოპარკში ვირი გადაღებეს და ზებრად გაასაღეს

ეგვიპტის ზოოპარკში ვირი გადაღებეს და ზებრად გაასაღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. თუმცა, ეგვიპტის ზოოპარკმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, თითქოს ვირს შავი ზოლები გაუკეთა იმისთვის, რომ ის ზებრასთვის დაემსგავსებინა.

სტუდენტმა მაჰმუდ სარჰანმა ცხოველის ფოტო Facebook-ის საკუთარ გვერდზე მას შემდეგ განათავსა, რაც კაიროს საერთაშორისო ბაღის მუნიციპალურ პარკს ეწვია.

ცხოველის მცირე ზომისა და წაწვეტებული ყურების გარდა, მის სახეზე შავი არაბუნებრივი ლაქები ჩანს. ფოტო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. ზოგიერთი მედია გამოშვება კი იმის გასარკვევად, ეს ცხოველი ნამდვილად ზებრაა თუ გადაღებული ვირია, სპეციალისტებს დაუკავშირდა. Extranews.tv-სთან საუბარში ვეტერინარმა აღნიშნა, რომ ზებრის ცხვირი შავია, ზოლები კი გაცილებით უფრო თანამიმდევრული და პარალელური.

მაჰმუდ სარჰანმა გამოცემასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვოლიერში ორი ცხოველი იყო და ორივე შეღებილი.

ზოოპარკის ადმინისტრაციას ადგილობრივი რადიო Nogoum FM დაუკავშირდა, რა დროსაც ზოოპარკის დირექტორმა, მოჰამედ სულთანმა განაცხადა, რომ ცხოველი შეღებილი არ იყო.

ზებრას შავი ცხვირი და გაცილებით პატარა ყურები აქვს, ვიდრე ვირს.
"ბიბისის" ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზოოპარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებლის მოტყუებას ცდილობს. ბლოკადის დროს იმის გამო რომ სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, ღაზას სექტორში ზოოპარკში ორი ვირი გადაღებეს და ზებრას დაამსგავსეს - აღნიშნული შემთხვევა 2009 წელს იყო.

ღაზას კიდევ ერთმა ზოოპარკმა 2012 წელს ვოლიერებში ცხოველების ფიტულები დააყენა, იმის გამო რომ ცხოველების სიმცირეს განიცდიდა. 2013 წელს კი ჩინეთის ერთ-ერთმა ზოოპარკმა ტიბეტური მასტიფის ჯიშის ძაღლის აფრიკულ ლომად გასაღება სცადა.

2017 წელს გუანსი-ჯუანის ზოოპარკმა მნახველებს იმედი გაუცრუა, როდესაც მათ პლასტმასის პინგვინები აჩვენა, იმავე წელს გუანსი-ჯუანის კიდევ ერთმა ზოოპარკმა უარყო პლასტმასის პეპლების გამოფენის შესახებ არსებული ბრალდება.

myquiz