რა ასაკში აიძულებენ გოგონებს გათხოვებას სხვადასხვა ქვეყანაში - იხილეთ ადრეული ქორწინების შედეგები | Allnews.Ge

რა ასაკში აიძულებენ გოგონებს გათხოვებას სხვადასხვა ქვეყანაში - იხილეთ ადრეული ქორწინების შედეგები

მას შემდეგ, რაც მამამ მაიძულა, გავთხოვილიყავი, ვიგრძენი, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, მოვმკვდარიყავი - ასე თავს უკეთ ვიგრძნობდი - თქვა 16 წლის ტანზანიელმა გოგონამ.

ყოველწლიურად მსოფლიოში 18 წლამდე ასაკის 7,5 მილიონი გოგო თხოვდება არალეგალურად. რაც იმას ნიშნავს, რომ ადრეული ქორწინების ფაქტის წინაშე დღეში 20 ათასი გოგო დგება, ყოველ 4 წამში კი ერთი არასრულწლოვანი გოგო თხოვდება.

ჩინეთში გოგოდ რომ დაბადებულიყავით - ვალდებული არ იქნებოდით, 20 წლამდე გათხოვილიყავით, თუმცა თუ 27 წლამდე საკუთარი ოჯახის შექმნას ვერ შეძლებდით, თქვენზე აუცილებლად იტყოდნენ, რომ არავის სჭირდებით.

ჩინურ კულტურაში მშობლების პატივისცემა ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციაა. ფაქტი, რომ 27 წელს მიაღწიე და ჯერ კიდევ გასათხოვარი ხარ, მშობლების ყველაზე დიდ უპატივცემულობად მიიჩნევა - ამბობენ ადგილობრივები.

ინდოეთში თუ ცხოვრობ და თანაც გოგო ხარ, სასურველია მდედრობითი სქესის იმ 18 პროცენტს განეკუთვნებოდე, ვინც 15 წლის მიღწევამდე გათხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონსაწაინააღმდეგო ქმედებაა. ზოგადად, ადრეული ქორწინების დიდი წილი სამხრეთ აზიაზე მოდის - მათ შორის ინდოეთზე, პაკისტანზე, ბანგლადეშსა და ნეპალზე.

სუდანში კი გათხოვება სქესობრივი სიმწიფის მიღწევისთანავე შეიძლება. ეს მოსამართლის დადგენილების შედეგად შესაძლებელი ხდება მიუხედავად იმისა, რომ გოგო იმ დროს შესაძლოა, სულ რაღაც, 10 წლის იყოს. "უნისეფის" მიხედვით, ზოგადად აფრიკაში ბავშვთა ანუ ადრეული ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული, მათ შორის, ადრეული ქორწინების რისკის ქვეშ ყველაზე ხშირად ნიგერიელი გოგონები დგებიან. მხოლოდ აფრიკის სამ ქვეყანაში გოგოების 70% სრულწლოვნობის ასაკის მიღწევამდე თხოვდება.

ამერიკაში თუ იმ 27 შტატში ცხოვრობ, სადაც ადრეული ქორწინების პრევენციისთვის კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა, გათხოვების ყველაზე მცირე ასაკი შეიძლება, 12 წელიც კი აღმოჩნდეს - ამბობენ ადგილობრივები.

2016 წლის სოციალური ექსპერიმენტი. 65 წლის მამაკაცი ცოლად ირთავს 12 წლის გოგოს Times Square-ზე.
რაც შეეხება ევროპას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქორწინების ნებადართული ასაკი 18 წელია, შოტალანდიის გამოკლებით, სადაც ქორწინების ნებადართული ასაკი 16 წელია.

ყველა ასპექტის, მათ შორის იურიდიულის გათვალისწინების შედეგად, ევროპის უმეტეს ქვეყანაში გათხოვების მინიმალური ასაკი 16 წელია, ესტონეთში -15. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიც ბელგია, საბერძნეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ლიტვა, ლუქსემბრუგი და სლოვენიაა, ქორწინების მინიმალური ასაკი განსაზღვრული არ არის.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 16-19 ასაკობრივ კატეგორიას მიკუთვნებული 2 213 გოგო გათხოვდა, რაც ამავე პერიოდში ამავე ასაკობრივ კატეგორიას მიკუთვნებული მამრობითი სქესის წარმომადგენლების ქორწინების რაოდენობას თითქმის 6-ჯერ აღემატება.

ადრეული ქორწინების მხოლოდ 14%-ში გვხვდება შემთხვევა, როდესაც ქორწინების ორივე მონაწილე არასრულწლოვანია. დანარჩენ შემთხვევაში, ქორწინების ერთი მონაწილე მეორეზე გაცილებით უფროსია
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიხედვით, ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კი სიღარიბე და ეკონომიკური გადარჩენის სტრატეგიაა. ასევე გენდერული უთანასწორობა, ოჯახის ღირსების დაცვა, ტრადიცია და კულტურა. სხვა შემთხვევევში ადრეული ქორწინების ერთ-ერთი ფაქტორი ოჯახური კავშირები და ქორწინების გზით ოჯახებს შორის ძალაუფლების კონსოლიდაციაა.

გაეროს ბავშვთა ფონდი - UNICEF-ი გვაფრთხილებს, რომ ადრეული ქორწინება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უხეში დარღვევაა და ასევე არის გოგოებზე ძალადობის ერთგვარი ფორმა.

myquiz