სტრეპტოციდი, ნოშპა და ციტრამონი - ეფექტურია, თუ არა ადრინდელი მედიკამენტები კვლავ? | Allnews.Ge

სტრეპტოციდი, ნოშპა და ციტრამონი - ეფექტურია, თუ არა ადრინდელი მედიკამენტები კვლავ?

ალბათ, ერთხელ მაინც გსმენიათ უკმაყოფილო პაციენტების ნათქვამი, ამ წამლებს ძალა საერთოდ არა აქვთო. ისიც გვსმენია, რომ ექიმის დანიშნული წამლებისგან ზოგიერთი საერთოდ არაფრის მომცემი არ არისო. ამიტომ ზოგს მხოლოდ ადრინდელი და კარგად ნაცნობი მედიკამენტების სჯერა. წამლებთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს კითხვები და ამჯერად სწორედ ზემოხსენებულ კითხვებზე გაგვცემს პასუხს "სახალხო აფთიაქის" პარმაცევტი ნანა ხურციძე.

- ხშირად გაგვიგია გამოთქმა, "ამ წამლებს ძალა საერთოდ არა აქვს". შეიძლება პრეპარატი იმდენად უხარისხო იყოს, რომ შედეგი საერთოდ არ მოგვიტანოს?

- სწორედ დღეს მოვემსახურე მომხმარებელს, რომელმაც შემომჩივლა, რომ უკვე ორი კვირაა, ექიმის დანიშნულ წნევის დამწევ წამალს სვამს და შედეგი არა აქვს. წამალი, რომელსაც ღებულობდა, არის 24 საათიანი მოქმედების, მიიღება დილით უზმოზე, არის საუკეთესო ხარისხის. ჩავეძიე და აღმოჩნდა, რომ წამალს კი არ ყლაპავდა, ღეჭავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ასე ეფექტს უფრო სწრაფად მიიღებდა. სინამდვილეში კი, წამლის დაღეჭვა ხელს უშლიდა მის 24-საათიან მოქმედებას, არადა ეს მომხმარებელი სწორედ ასე ამბობდა, ამ წამალს ძალა არა აქვსო.... მინდა გითხრათ, რომ წამლის ძალა დამოკიდებულია მისი მიღების წესის ზედმიწევნით დაცვაზე, მკურნალობის კურსის სრულყოფილად ჩატარებაზე, ასევე შესაძლებელია, ერთდროულად მიღებულმა წამლებმა ერთმანეთის ეფექტი შეამცირონ, მაგალითად, რკინის და კალციუმის პრეპარატის ერთად მიღება ხელს უშლის ორივეს ათვისებას.

რაც შეეხება ხარისხსს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ წამლის ხარისხი, მოქმედების სისწრაფე დამოკიდებულია მისი დაზადების ტექნოლოგიაზეც. მაგალითად - ორი ერთნაირი წამალი, ერთი გამოდის ტაბლეტის ფორმით, მეორე კი – კაფსულის და კაფსულაში წამლის მოქმედი ნივთიერება მიკრონაწილაკებად არის დაყოფილი. ნაწლავებში მოხვედრისას, რა თქმა უნდა, მეორე უფრო სწრაფად შეიწოვება სისხლში და უფრო ეფექტურად იმოქმედებს.

თუ ნებისმიერი წამლის ანოტაციას ჩახედავთ, ნახავთ, რომ არის ასეთი ცნება: ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, მაგალითად, ერთ–ერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღება ამცირებს წნევის დამწევი წამლის ეფექტურობას. ასევე წამლის ძალა დამოკიდებულია მისი მიღების წესის ზედმიწევნით დაცვაზე.

მაგალითად, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები კარგად შეითვისება, თუ მას წყლის ნაცვლად რძეს ან ფორთოხლის წვენს მივაყოლებთ.

- ექიმებიც და მშობლებიც ხშირად ახსენებენ ფრაზას - "ზედმეტი წამლები". ფარმაცევტები რას უწოდებთ ზედმეტ წამლებს? ანუ არსებობს ისეთი შემადგენლობის პრეპარატები, რომლებიც თითქმის არაფერზეა გათვლილი, არც რგებს და არც აზიანებს პაციენტს?

- მედიცინაში ზედმეტი წამლის დანიშვნას პოლიპრაგმაზია ეწოდება. შეიძლება გაგიკვირდეთ, და ხშირად ანტიბიოტიკის დანიშვნა არის პოლიპრგმაზია, რადგან ხველა, გაცივება, გრიპი ვირუსული ინფექციაა და მასზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. არის ასეთი სტერეოტიპი, რომ რაც მეტი წამალია დანიშნული, მით უკეთესი და მით უფრო სწრაფად მორჩება პაციენტი. ასევე გეტყვით, რომ წამლის მიღებისას მოქმედებს პლაცებო ეფექტი - ორი ადამიანიდან ერთს რომ მსუბუქი დამამშვიდებელი წამალი დავალევინოთ, და მეორეს პირობითად "აბი გლუკოზა’’, შესაძლებელია ეფექტი ერთნაირი იყოს... რა თქმა უნდა, არსებობს წამლები, რომელთა ეფექტი გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი. ეს ჩვეულებრივი მარკეტინგული ხერხია. მე პირადად ყოველთვის ვცდილობ, მომხმარებელს ის წამალი შევთავაზო, რომლის ეფექტურობაშიც მაქსიმალურად დაწრმუნებული ვარ და რა თქმა უნდა, რისი შეთავაზებაც ფარმცევტის კომპეტენციას არ სცილდება.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ წამლები, რომლებიც ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო, დღეს კი თითქმის აღარავინ იყენებს. მაგალითად, ნახშირი, ნოშპა, ციტრამონი, სტრეპტოციდი. ისინი უკეთესმა ანალოგებმა ჩაანაცვლეს თუ უბრალოდ, დაივიწყეს?

- ძალიან კარგი კითხვაა. დავიწყებ სტრეპტოციდით. დაახლოებით 50 წლის წინ ეს ყველაზე პოპულარული ანტიბაქტერიული საშუალება იყო. დღესაც გვყავს მომხმარებელი, ვისაც სჯერა, რომ ყელის ტკივილი არ მოურჩება, სანამ სტრეპტოციდის აბს არ გაღეჭავს. მისი ჯადოსნური მოქმედების შესახებ დღესაც არის მითები, თუმცა ექიმები მას პრაქტიკულად აღარ იყენებენ, რადან ახალი, უფრო ეფექტური და უსაფრთხო ანტიბაქტერიული საშუალებები გამოჩნდა. ყელის ტკივილს რაც შეეხება, ის ხშირად ვირუსული ბუნებისაა და სტრეპტოციდი კი ვირუსებზე არ მოქმედებს.

ციტრამონი - დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად. ჩემი რჩევები ასეთია: ციტრამონი შეიცავს კოფეინს, ამიტომ თუ თქვენ უძილობა გაწუხებთ ან არტერიული ჰიპერტენზია, მოერიდეთ ციტრამონის ხშირად მიღებას. ასევე ციტრამონი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას, რაც კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს.

წაიკითხეთ ნოშპასა და ნახშირის შესახებ ექიმის განმარტებები mshoblebi.ge-ზე

myquiz