ვინ არიან კიმ ჩენ ინის მორბენალი დაცვის წევრები? | Allnews.Ge

ვინ არიან კიმ ჩენ ინის მორბენალი დაცვის წევრები?

დღეს მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა კიმ ჩენ ინის მორბენალი დაცვა, რომელიც სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კორტეჟს მიჰყვებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები მხოლოდ სანახაობის ნაწილი არ არიან. რაც შეეხება ლიდერის უსაფრთხოებას, ჩრდილოეთ კორეა ბედის ანაბარა არაფერს ტოვებს, აბსოლუტურად არაფერს. ვინ არიან შავებში გამოწყობილი ადამიანები? ანალიტიკოსმა მაიკლმედენმა ჩრდილოეთ კორეის ამ კიდევ ერთ უცნაურობას ფარდა ახადა.

როდესაც კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება, როგორც წესი, მის ირგვლივ დაცვის სამი წრეა, სინგაპურში ამ კონფიგურაციის ახალი ვერსიის დანახვა იყო შესაძლებელი.

დაცვის წევრები, რომლებიც კიმ ჩენ ინის ლიმუზინს ორივე მხრიდან მიჰყვებიან და ისინიც, რომლებიც უშუალოდ ახლოს არიან ლიდერთან, ცენტრალური პარტიის ე.წ "№6 განყოფილების" თანამშრომლები არიან, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ადიუტანტების მთავარი სამმართველო.

სწორედ ამ ადამიანების მიერ არის ფორმირებული კიმის დაცვის უახლოესი წრე. მათ კორეის სახალხო ჯარში გაწვეულებისგან არჩევენ.

შერჩევისას ერთ-ერთი კრიტერიუმი სიმაღლეა. დაცვის წევრი უნდა იყოს დაახლოებით ქვეყნის ლიდერის სიმაღლის და უნდა ჰქონდეს არაჩვეულებრივი მხედველობა.

კანდიდატებმა გარკვეული ფიზიკური შესაძლებლობების დემონსტრირება უნდა მოახდინონ, ისეთი, როგორიც მიზანში სროლა და საბრძოლო ხელოვნებაა.

ამის შემდეგ კანდიდატს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები ამოწმებენ, არა მხოლოდ მას, არამედ მის ოჯახს ორ თაობაში.

ადიუტანტების მთავარი სამმართველოს ბევრი თანამშრომელი კიმების ან სხვა მაღალჩინოსანთა ოჯახების ახლობლები და ნათესავები არიან.

დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე აყვანის შემდეგ კანდიდატები მომზადების ინტენსიურ კურსს გადიან, რომელიც როგორც წესი, კორეის სახალხო ჯარის სპეცრაზმის სამხედრო მომზადების კურსს ჰგავს.

მათ იარაღის ხმარებას, შენიღბვის მეთოდების გამოყენებას, საბრძოლო ხელოვნებასა და თვალთვალისგან თავის დაღწევას ასწავლიან.

მომზადების კურსზე მოხვედრილები მძიმე ფიზიკურ გამოცდებსა და ფსიქოლოგიურ მომზადებას გადიან.

როგორც წესი, ლიდერის პირადი დაცვა მის ირგვლივ მთელს პერიმეტრზე 360 გრადუსიან წრეს კრავს. კიმ ჩენ ინის წინ 3-5 დაცვის თანამშრომელი მიდის, მათ შორის ადიუტანტების მთავარი სამმართველოს დირექტორი. ლიდერს გვერდებზე მოჰყვება ან მოსდევს 4-6, თითო გვერდზე 2-3 დაცვის თანამშრომელი და უკან კიდევ 5-6 დაცვის წევრი.

ისინი ერთადერთი ადამიანები არიან ჩრდილოეთ კორეაში, რომლებსაც ლიდერის თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვთ. ამის მიუხედავად, დაცვის წევრების მთავარი იარაღი მათი დაკვირვების უნარია, რათა ლიდერის გარემოცვაში უეცრად წარმოქმნილი საფრთხის მომენტალურად ნეიტრალირება შეძლონ.

კიმ ჩენ ინის დაცვის წევრები კიმ ირ სენის დაცვის წევრებს რაოდენობით ჩამორჩებიან და არც მათსავით აგრესიული იერი აქვთ, შავ პიჯაკებში არიან გამოწყობილები და დასავლური სტილის მიხედვით, ჰალსტუხსაც ატარებენ.

დაცვის წევრები სპეციალურ ნიშნებს ატარებენ, რათა ღონისძიებებზე მათი იდენტიფიცირება გამარტივდეს, კომუნიკაციისთვის კი ისინი კოდურ სიტყვებსა და პაროლებს იყენებენ.

ადიუტანტების მთავარ სამმართველოში დაახლობით 200-300 თანამშრომელი მუშაობს, რომელთაგან ნახევარი პირად დაცვად მუშაობს. დანარჩენები მძღოლების ან ტექნიკურ თანამდებობზე არიან დასაქმებულები.

myquiz