რატომ არის სიცილი სამსახურში კარგი? | Allnews.Ge

რატომ არის სიცილი სამსახურში კარგი?

როგორც "ტვიტერის" ევროპული ოფისის ვიცეპრეზიდენტი განმარტავს, სიცილი სოციალური სიგნალია, რომელსაც სასიცოცხლი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის. მისი საშუალებით შემოქმედებითი გარემოს შექმნა და თანამშრომლების მტკიცე გუნდის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი.

შესაძლოა, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ვფიქრობთ, რომ თუ ადამიანები სამუშაო ადგილას იცინიან, ესე იგი მათ საკმარისი დატვირთვა არ აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ოფისში სიცილი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლებს საქმე არ აქვთ, პირიქით სიცილი თანამშრომლობისთვის შესაფერის მეგობრულ გარემოს ქმნის და შემოქმედებით მიდგომას აღვივებს. დიდი ხნის განმავლობაში სიცილს სათანადო ყურადღებას არ უთმობდნენ, თუმცა, უკანასკნელ პერიოდში სპეციალისტები ერთმანეთის მიყოლებით სწორედ ამ უკანასკნელ დასკვნამდე მიდიან.

სიცილის მეცნიერება

რა არის სიცილი? ამის გასარკვევად ამერიკელმა ნეირობიოლოგმა და ამჟამად მერილენდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა რობერტ პროვინიმ 20-წლიანი მძიმე სამუშაო ჩაატარა. 2001 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში "სიცილი: სამეცნიერო კვლევა" ავტორი წერს: "სიცილი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სიგნალია და ის ყოველთვის გულისხმობს ურთიერთობას".

პროვინი სწავლობდა კონკრეტულად რა დროს ვიცინით და დაასკვნა, რომ ჩვენ ამას 30-ჯერ უფრო ხშირად ვაკეთებთ, როდესაც ადამიანების გარემოცვაში ვართ, ვიდრე როდესაც მარტოები ვართ.

მისი კვლევის საკვანძო მომენტი ასე ჟღერს: " ჩვენ ხშირად მხედველობის მიღმა ვტოვებთ იმ ფაქტს, რომ სიცილის უნარი სხვა ადამიანებზე მისი გავლენის გამო განგვივითარდა და არა იმის გამო, რომ ის განწყობას ან ჯანმრთელობას გვიუმჯობესებს".

პროვინის კვლევის თანახმად ოფისში სასაცილო ვითარება, როგორც წესი ჩვეულებრივი ყოველდღიური დიალოგების დროს ჩნდება. მაგალითად, როდესაც რომელიმე თანამშრომელი ერთ-ერთ ისეთ ბანალურ ფრაზას ამბობს, როგორიც არის: "მგონი დავასრულე" ან "როგორმე გავერკვევით".

დარწმუნებული ვარ თქვენც შეგიძლიათ მოიყვანოთ ათობით ისეთი მოსაწყენი და ჩვეულებრივი ფრაზა, რომელთა წარმოთქმაც მთელს თქვენს ოფისს სიცილით შეძრავს.

მსგავსი მომენტების აზრი არა ხუმრობაში, არამედ კოლეგებთან ერთიანობის გრძნობაშია, სიგნალში, რომ დაძაბული სამუშაო განწყობა შერბილებულია. სიცილი იმის ნიშანია, რომ უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს და მოდუნებულები ვართ, - ამბობს ლონდონის საუნივერსიტეო კოლეჯის პროფესორი სოფი სკოტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ერთად ვიცინით ეს იმას ნიშნავეს, რომ ჩვენი შინაგანი თავდაცვითი ბერკეტები გამქრალია და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როგორც კიდევ ერთი კვლევა მოწმობს, როდესაც ჩვენი ტვინი მოდუნებულია, მას გაცილებით მრავალფეროვანი ასოციაციები და შემოქმედებითი იდეები უჩნდება.

დრეკსელის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკ ბიმანიმ და აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ კუნიოსმა გადაწყვიტეს გაერკვიათ ეხმარება თუ არა სიცილი ადამიანს შეასრულოს ამოცანები, რომლებიც ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს.

ისინი ცდისპირებს ცნობილი კომედიური მსახიობის რობინ უილიამსის გამოსვლებს აჩვენებდნენ, შემდეგ კი კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდნენ. მათ აინტერესებდათ შეუძლია თუ არა სიცილს დამატებითი შთაგონების ნაპერწკლების წარმოშობა ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხს აგებს ერთი შეხედვით ერთმანეთიგან დაშორებული იდეების დაახლოვებაზე.

აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების ლოგიკური აზროვნების პოტენციალი, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს მოკლემეტრაჟიანი კომედიური ჟანრის ფილმზე, 20%-ით გაიზარდა.

ბიმანმა და კუნიოსმა ცდის შედეგების განმარტებისას აღნიშნეს, რომ მოდუნება და სხვა რამეზე ფოკუსირება ჩვენს ტვინს საშუალებას აძლევს უფრო თამამად წარმოშვას მრავალფეროვანი იდეები. ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი ტერეზა ამაბილი 40 წლის განმავლობაში იკვლევდა, თუ კონკრეტულად რა მომენტებში ვართ განსაკუთრებით კრეატიულები. მისი დასკვნები ასეთია: კოლექტივში პოზიტიური კლიმატი შემოქმედობითობისთვის გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე დაძაბული ატმოსფერო. სტრესი შემოქმედობითობისა და გამომგონებლობის პირველი მტერია.

როგორც მიხვდით სიცილს ბევრი ფუნქცია აქვს. ის ერთიანსა და შეკრულს ხდის კოლექტივს, ამსხვრევს თანამშრომლებს შორის არსებულ ფსიქოლოგიურ საზღვრებს, რომლებსაც ჩვენვე ვაშენებთ როდესაც ოფისში დაძაბული ვითარებაა.

ერთობლივ სიცილს კი იდეების უფრო ინტენსიურ გენერირებამდე მივყავართ.
მკვლევარები გვირჩევენ, რომ გავთავისუფლდეთ და სამუშაო ადგილას საკუთარ თავს უფრო ხშირად მივცეთ სიცილის უფლება. "ყოველთვის იყავით მზად, იცინოთ და არასდროს გაუშვათ ხელიდან მსგავსი შესაძლებლობები"- გვეუნება პროვინი.

მკვლევარი ასევე გვირჩევს, რომ უფრო ხშირად მოვაწყობთ ერთობლივი ღონისძიებები, რომლის დროსაც ადამიანები უკეთ ახერხებენ ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოვებას.

გარდა ამისა,  მკვლევარების თქმით, თანამშრომლები გაცილებით პროდუქტიულები არიან, როდესაც ელექტრონული ფოსტითა და სხვა ტექნოლოგიური არხებით ერთმანეთთან კომუნიკაციას თავს ანებებენ და პრობლემის მოგვარებას პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით ცდილობენ.

წყარო: BBC

myquiz