როგორ აისახება ბავშვზე მშობლების ჩხუბი? - საფრთხეები, რომლებიც ოჯახში დაძაბულობას ახლავს | Allnews.Ge

როგორ აისახება ბავშვზე მშობლების ჩხუბი? - საფრთხეები, რომლებიც ოჯახში დაძაბულობას ახლავს

მშობლებისთვის კამათი ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ მათ შორის არსებული უთანხმოების გავლენა ბავშვებზე მნიშვნელოვანია. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა და მზრუნველებმა იმისთვის, რომ ბავშვებისთვის მათი უთანხმოებით გამოწვეული ზიანი შეამცირონ?

BBC-ის სტატიის მიხედვით, ის რაც ოჯახში ხდება გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. ამ შემთხვევაში ერთადერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ბავშვისადმი მშობლის დამოკიდებულება სულაც არ არის, რადგან მცირეწლოვნის კეთილდღეობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, აკადემიურ მოსწრებაზე და მომავალ პირად ურთიერთობაზე გავლენას თავად მშობლების ურთიერთდამოკიდებულებაც ახდენს.

რა თქმა უნდა, ყველანაირი კამათი არ ახდენს გავლენას ბავშვზე ან არ ახდენს უარყოფით გავლენას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ისინი ხმამაღლა ყვირიან, ერთმანეთზე გაბრაზებულები არიან, როდესაც გამუდმებით აძევებენ ან არ ელაპარაკებიან ერთმანეთს, პრობლემა შესაძლოა გამწვავდეს. გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო მკვლევარები ათწლეულების განმავლობაში ოჯახზე დაკვირვების გზით ექსპერიმენტულ კვლევას ატარებდნენ. სწორედ მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ თუ 6 თვის ბავშვები კონფლიქტის დამსწრეები ხდებიან, საპასუხოდ მათი გულისცემის რითმი და სტრესის ჰორმონების რაოდენობა იზრდება.

მშობლების გამუდმებული ჩხუბის პირობებში ცხოვრების შედეგად ახალშობილების, ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში შესაძლოა დაფიქსირდეს გონების განვითარების დაღვევა, უძილობა, ბრაზი, დეპრესია და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები. მსგავსი გავლენა ფიქსირდება იმ ბავშვების შემთხვევაშიც რომელთა ოჯახშიც მიმდინარე თუმცა ნაკლებად ინტენსიური კონფლიქტებია, იმ მოზარდებისგან განსხვავებით, რომელთა მშობლებიც უკმაყოფილებას მოლაპარაკების გზით წყვეტენ.

ბუნება თუ აღზრდა?

ბავშვებზე მშობლების უთანხმოების გავლენა ყოველთვის ერთნაირი არ არის და ყოველთვის ისეთი არაა როგორსაც შეიძლება ველოდეთ.

მაგალითისთვის, განქორწინება - მშობლების გადაწყვეტილება იცხოვრონ ცალ-ცალკე - ყოველთვის ითვლებოდა, რომ ეს ფაქტი დამაზიანებელ ეფექტს ახდენდა მოზარდის ფსიქიკაზე. თუმცა ახლა უმეტეს შემთხვევაზე დაკვირვება იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ეს კამათია, რომელიც განქორწინებამდე იწყება და განქორწინების პროცესს გასდევს თან, რაც მოზარდზე უარყოფით გავლენას ახდენს და არა თავად მშობლების დაშორების ფაქტი.

ანალოგიურად, მიიჩნეოდა, რომ გენეტიკა განმსაზღვრელ როლს ასრულებს იმაში თუ როგორ რეაგირებს ბავშვი კონფლიქტზე. სიმართლეს შეესაბამება, რომ ბუნება ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია, როცა საუბარი მის მენტალურ ჯანმრთელობაზე მიდის, თუმცა ოჯახში არსებული გარემო და აღზრდის წესი ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

უფრო მეტიც ითვლება, რომ გენეტიკური რისკები, როგორიც არის ცუდი მენტალური ჯანმრთელობა, შესაძლოა გაუარესდეს ან გაუმჯობესდეს ოჯახში არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

როგორც მიხვდით მშობლებს შორის არსებული დამოკიდებულება გადამწყვეტ მნიშვნელობას ასრულებს ბავშვისთვის იმისდა მიუხედავად ცხოვრობენ თუ არა ისინი ერთად და არიან თუ არა მოზარდთან გენეტიკურად დაკავშირებულები.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ თუ მშობლების კამათის საგანი თავად ბავშვია ანუ თუ ბავშვი ამ დაპირისპირების გამო თავს დამნაშავედ გრძნობს, ეს მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. მოზარდები ასეთ დროს უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა, თვითდაზიანებასაც არ მოერიდონ.

მშობლებს ერთმანეთზე ფიზიკური ძალადობის განხორციელება არც სჭირდებათ იმისთვის, რომ ბავშვს ზიანი მოუტანონ რადგან, ერთმანეთის უარყოფა, ნაკლები სითბოს გამოხატვა, ბავშვისთვის უკვე საკმარისია, რომ მისი ემოციური მდგომარეობა, ქცევა და სოციალური განვითარება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.

თუმცა, პრობლემები აქ არ სრულდება. კვლევებმა დაადასტურა, რომ ოჯახში არსებული დაძაბული ატმოსფერო მხოლოდ ამ კონკრეტული ბავშვის ჯანმრთელობას კი არ ვნებს, არამედ თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს არის ციკლი, რომელიც უნდა დავარღვიოთ თუ პოზიტიური და ბედნიერი ცხოვრება გვსურს ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის.

თუ გარკვეული მიზეზების გამო დაძაბული ურთიერთობის მყისიერი გალღობა და ურთიერთბის დარეგულირება არ შეგიძლიათ, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ზიანის შემცირება შეგიძლიათ.

მკვლევარების თქმით, ორი წლის ასაკიდან ბავშვების მშობლების ქცევას ყურადღებით აკვირდებიან.
ისინი ამჩნევენ მშობლებს შორის არსებულ დაძაბულობას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვებმა არაფერი იციან, ან რომ მათ დაცვას ახერხებენ თუ პირად სივრცეში აგრძელებენ კამათს. მნიშვნელოვანია როგორ ინტერპრეტაციას აძლევს და როგორ აღიქვამს ბავშვი კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს. ამ დროს შესალოა ბავშვი მშობლებთან თავის სამომავლო დამოკიდებულებასაც განიცდიდეს, აცნობიერებდეს რა რომ ოჯახურ სტაბილურობას საფრთხე ექმნება.

მკვლევარების თქმით, კონფლიქტურ სიატუაციაში ბიჭები და გოგოები შესაძლოა განსხვავებულად მოქმედებდნენ. გოგოები უფრო მეტად დგანან ემოცური პრობლემების წარმოშობის საფრთხის წინაშე, ბიჭების შემთხვევაში კი რისკის ქვეშ მათი ქცევაა.

გასაგებია, რომ მშობლები ყოველთვის ვერ შეთანხმდებიან და საკამათო თემა ალბათ ყოველთვის იარსებებს, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერზე ბავშვი გაცილებით უკეთ რეაგირებს, თუ მშობლები არსებულ სიატუაციას უხსნიან ან შესაბამისი გზით ჭრიან პრობლემას.

სინამდვილეში, როდესაც მშობლები წარმატებით წყვეტენ პრობლემას, რომელიც კონფლიქტს იწვევდა, ეს შესაძლოა, პოზიტიური გაკვეთილი იყოს ბავშვებისთვის, რომელიც მათ ოჯახის მიღმა საკუთარი ემოციებისა და ურთიერთობების მართვაში დაეხმარება.

myquiz