რა საფრთხეს გვიქმნის მეგობრებთან ვახშმობისას მობილურის გამოყენება? | Allnews.Ge

რა საფრთხეს გვიქმნის მეგობრებთან ვახშმობისას მობილურის გამოყენება?

კანადაში მდებარე ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ელიზაბეტ დანმა და რაიან დიერმა ერთ სახასიათო ტრენდს მიაქციეს ყურადღება.

"ყოველთვის ვხედავთ რესტორანში მყოფ ადამიანებს, რომლებიც მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ სხედან, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს უყურონ ტელეფონებს აშტერდებიან", - ამბობს რაიან დიერი, რომელიც ფსიქოლოგიაში დოქტორის ხარისხის კანდიდატია, - "ამ ფაქტმა დაგვაინტერესა: აქვს თუ არა ამას გავლენა ადამიანების სოციალურ ინტერაქციაზე და რამდენად იღებენ სიამოვნებას სხვა ადამიანებთან ერთად დროის გატარებისას?"

მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჭამის დროს, ტელეფონის მოხმარება მოკრძალებულად, თუმცა, შესამჩნევად ამცირებს ვახშმის მირთმევით გამოწვეულ სიამოვნებას. აღნიშნული კვლევა ჟურნალ Experimental Social Psychology-შია გამოაქცეყნებული და ცოტა ხანში მისი პრეზენტაცია გაიმართება. ჭამის პროცესში სუფრასთან არსებული ნებისმიერი სახის ტექნოლოგია ადამიანებს ნაკლებად ჩართულებსა და უფრო მეტად კონტექსტიდან ამოვარდნილებს ხდის, შესაბამისად, ისინი პროცესისგან სიამოვნებას ვეღარ იღებენ - განმარტავს ფსიქოლოგიის პროფესორი ელიზაბეტ დანი.

"ტელეფონი მართლაც იწვევს ცვლილებას, თუმცა ეს საკმაოდ მცირე განსხვავებაა. იმდენად, რომ ის ადვილად შეიძლება, გამოგეპაროთ მხედველობიდან და ვერ გააცნობიეროთ, რამდენად ცვლის ტელეფონი თქვენს შთაბეჭდილებას სოციალური ინტერაქციის მომენტში"- ამბობს პროფესორი დანი.

მკვლევარებმა ცდის დროს 300 ადამიანს სთხოვეს, სავახშმოდ გარეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გასულიყვნენ. კვლევის მიზანი იყო გაეგოთ, რამდენად ცვლიდა ტელეფონის გამოყენება გამოცდილებას, თუმცა მკვლევარებმა ცდისპირებს კვლევის ნამდვილი მიზანი არ გაუმხილეს.

კვლევის მიზნის შესანიღბად, ცდაში მონაწილე ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ ისინი ვახშმის დროს კვლევასთან დაკავშირებულ კითხვას სატელეფონო შეტყობინების სახით მიიღებდნენ, ამიტომ ტელეფონები მაგიდაზე უნდა ჰქონოდათ. მეორე ჯგუფი კი ფიქრობდა, რომ კითხვაზე პასუხი ვახშმის დროს ფურცელზე უნდა გაეცათ, ამიტომ მათ სთხოვეს ტელეფონები სიახლოვეს არ ჰქონოდათ.

ამის შემდეგ ორივე ჯგუფის წევრებმა გასცეს პასუხი კითხვებზე, რამდენად მიიღეს სიამოვნება, რამდენად ხშირად გამოიყენეს ტელეფონი და როგორი შთაბეჭდილება დარჩათ ვახშამზე. შედეგებმა ცალსახად აჩვენა რადიკალური სხვაობა იმ ჯგუფის შთაბეჭდილებებს შორის, ვინც ტელეფონს იყენებდა და მათ შორის, ვინც მას არ იყენებდა.

ტექნიკაზე დამოკიდებულების დაძლევა რთულია; პროფესორ ელიზაბეტ დანის თქმით, მას შემდეგაც კი, რაც კვლევა ჩაატარა, მაინც იჭერს საკუთარ თავს იმ მომენტში, როდესაც ჭამის დროს ცდუნება სძლევს, უპასუხოს მოსულ შეტყობინებას.

"ტელეფონის გამოყენება, შესაძლოა, ჩვევა იყოს. მიჩვეული ხარ, რომ ტელეფონი უნდა ამოიღო და შეტყობინებები შეამოწმო. ამ ჩვევის დასაძლევად წესად უნდა ჩამოაყალიბო, რომ თუ სავახშმოდ გარეთ, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან გასვლას გადაწყვეტ, ტელეფონი უხმო რეჟიმზე დააყენო და მაგიდისგან მოშორებით შეინახო. უნდა ვცადოთ, მივყვეთ ამ წესს იმისთვის, რომ ახალი ჩვევა ჩამოვიყალიბოთ",- ამბობს რაიან დიერი.

მკვლევარების თქმით, ტელეფონის გამოყენება, შესაძლოა, გადამდები იყოს. ადამიანებს უფრო მეტად უნდებათ თავისი მოწყობილობის გამოყენება, როცა მის ირგვლივ სხვებიც იყენებენ, ამას, შესაძლოა, ერთგვარად, დომინოს ეფექტი ჰქონდეს. თუმცა, საკუთარი ტელეფონის გვერდზე გადადებით დომინოს პოზიტიური ეფექტის შექმნაც შესაძლებელია.

myquiz