ალერგიის მიზეზი, შესაძლებელია, 170-ზე მეტი საკვები იყოს - რომელი პროდუქტები იწვევს ჩვენში ალერგიას | Allnews.Ge

ალერგიის მიზეზი, შესაძლებელია, 170-ზე მეტი საკვები იყოს - რომელი პროდუქტები იწვევს ჩვენში ალერგიას

ალერგია და ალერგიული დაავადებები 21-საუკუნის პრობლემაა. მათ შორის არის ალერგია საკვებზე, რომელიც ბავშვებში უფრო იჩენს ხოლმე თავს. უფრო ვრცლად კვებით ალერგიაზე, მის სიმპტომებსა და მკურნალობის საშუალებებზე Allnews.ge ექიმ-ალერგოლოგს, მედიცინის დოქტორს ნინო ლომიძეს ესაუბრა.

-კვებითი ალერგია თანამედროვე სამყაროს გლობალურ პრობლემას წარმოადგენს და აღენიშნება მსოფლიოს 200-250 მილიონ ადამიანს. კვებითი ალერგია ძირითადად ბავშვთა პოპულაციაში გვხვდება, 3 წლამდე ბავშვების 5-6%-ს მოიცავს, ხოლო მოზრდილებში შედარებით ნაკლებია და შეადგენს 1-2%-ს.

-რომელი საკვები პროდუქტები იწვევს ალერგიას?

-მიუხედავად იმისა, რომ კვებითი ალერგიის მიზეზი შესაძლებელია 170-ზე მეტი საკვები იყოს, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე უფრო გავრცელებულ კვებით ალერგენებს მიეკუთვნება 8 საკვები: ძროხის რძე, კვერცხი, სოიო, ხორბალი, თხილი, არაქისი, თევზი და ზღვის პროდუქტი. აღნიშნული საკვები ლიტერატურაში "დიდი რვიანის" სახელწოდებითაც არის ცნობილი.

ბავშვთა ასაკში რძე, კვერცხი და ხორბალი არის ყველაზე ხშირი მიზეზი კვებითი ალერგიის განვითარების, რომელსაც სიხშირის კლებით მოსდევს არაქისი, თხილი, თევზი და ზღვის პროდუქტები, უკანასკნელი ოთხი უპირატესად მოზრდილებში არის უფრო მეტად გავრცელებული.

-ძირითადად რა სახით ვხვდებით ამ ალერგიას?

-კვებითი ალერგია ყველაზე ხშირად ვლინდება კანის ალერგიული გამოვლინებით, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ანუ სხეულზე ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი (სამედიცინო სახელწოდებაა ურტიკარია), ასევე საკვებმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს ტუჩის, ქუთუთოების, მთლიანი სახის შეშუპებაც. ცნობილია, რომ საკვები ასევე ამწვავებს ატოპიურ დერმატიტსაც, რომელიც ვლინდება კანზე ქავილის, გამონაყრისა და სიმშრალის სახით.

კანისმიერი გამოვლინებების გარდა, საკვებისმიერი ალერგიის დროს პაციენტებს, შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივაც აღენიშნოს ჩივილები, მაგალითად, ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგიის დროს ბავშვებს რძის მიღებისთანავე შესაძლებელია აღენიშნებოდეთ ღებინება და დიარეა, ასევე განავალში სისხლის წვეთი, ხოლო ბავშვთა ასაკის გარკვეულ ნაწილში ხშირი ამოქაფების მიზეზი შესაძლოა ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგიას უკავშირდებოდეს, თუმცა რძის ალერგია არ უნდა აგვერიოს ლაქტოზის აუტანლობაში, რომელიც სულ სხვა სიმპტომებით ვლინდება.

კვებითი ალერგია ზოგჯერ სასუნთქი სისტემის მხრივაც ქმნის პრობლემებს. მაგალითად, შეუძლია, ბრონქული ასთმა გაამწვაოს, ზოგ შემთხვევაში კი ძლიერი შოკური რეაქციაც გამოიწვიოს.

სიცოცხლის პირველ წელს კვებითი ალერგიის უპირატესი ნაწილი რძის მიმართ ალერგიას უკავშირდება, ასეთ დროს რეკომენდებულია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ძუძუთი კვება, რომელიც შეუცვლელია ყველა ჩვილისთვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც, გარკვეული მიზეზით, ჩვილი ხელოვნურ ნარევზე გადადის. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია ნარევის სწორი შერჩევა ალერგოლოგთან ერთად, იმისთვის რომ ალერგიული სიმპტომებისგან თავი დავიცვათ. რძის ალერგიის დროს პრიორიტეტი ენიჭება ბოლომდე ჰიდროლიზებულ ან ამინომჟავებამდე დაშლილ ნარევებს, ანუ სადაც რძის ცილა სრულად დაშლილია და, შესაბამისად, ალერგია აღარ ვლინდება, ხოლო რძის ალერგიის პროფილაქტიკის მიზნით, თუ ბავშვი გენეტიკურად დატვირთულია ან მისი უფროსი და-ძმა ალერგიულია არჩევანი ჰიპოალერგიულ ნარევზე კეთდება.

-რამდენად არის დამოკიდებული კვებითი ალერგია გენეტიკაზე?

-კვებითი ალერგიის და ზოგადად ალერგიის განვითარებაში გენეტიკურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ერთი მშობელი ალერგიულია, ალერგიის განვითარების რისკი დაახლოებით 20-40%-ია, თუ ორივე მშობელი ალერგიულია, მაშინ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, თუმცა ალერგიული შესაძლებელია, გახდეს ბავშვი გენეტიკური განწყობის გარეშეც, ამიტომაც ალერგიული დაავადებები მზარდი ტენდენციით ხასიათდებიან.

ალერგიას 21-ე საუკუნის დაავადებასაც უწოდებენ და ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის პროგნოზით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, მოსახლეობის 50%-ს, შესაძლებელია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღენიშნოს გარკვეული ალერგიული გამოვლინება.

კვებით ალერგიას ბავშვთა ასაკში ძალიან კარგი პროგნოზი აქვს. რძის, კვერცხისა და ხორბლის მიმართ ალერგიული პაციენტების უმეტესობა გადალახავს ამ საკვებზე ალერგიას სკოლის ასაკამდე, თუმცა აუცილებელია, რომ კვებითი ალერგიის გადალახვამდე პაციენტი იყოს ალერგოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, პერიოდულად შემოწმდეს ანალიზები და საჭიროების შემთხვევაში, უტარდებოდეს მკურნალობის კურსი.

საინტერესოა, რომ ბავშვთა გარკვეულ ნაწილს, შესაძლებელია, ერთჯერადადაც აღენიშნოს კვებითი რეაქცია საკვებზე, მაგალითად, თუ მიიღო დიდი რაოდენობით შოკოლადი, ტკბილეული, ამიტომ მშობლებმა ზომიერება უნდა დაიცვან და აკონტროლონ ბავშვების კვების რაციონი.

-სასმელზე ალერგია რამდენად ხშირია?

-ალერგიას ალკოჰოლიც იწვევს, მასში შემავალი ჰისტამინის გამო, რამაც, შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანში ალერგიული რეაქციის განვითარებას შეუწყოს ხელი, უფრო მეტად ალერგიულია წითელი, ვიდრე თეთრი ღვინო და რეკომენდებულია, რომ ღვინო, აუცილებლად, ნატურალური იყოს, რადგან ხანდახან სულფიტების შემცველია და ამ სულფიტებმა, შესაძლებელია, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

myquiz